ბათუმის სანაპიროზე, თამარის დასახლებაში, თავისუფალი საპარკინგე ადგილი შლაგბაუმითაა გადაკეტილი. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელსაც გასულ კვირას მივმართეთ, ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ მოაწყო შლაგბაუმი და რა უფლებით ჩაკეტა თავისუფალი სივრცე.
„ბენზეში „ოქროს თევზის“ გვერდით თავისუფალი საპარკინგე ადგილი იყო, რომლითაც როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები თავისუფლად სარგებლობდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩაიკეტა შლაგბაუმით და მანქანით შესვლას ვეღარ შეძლებთ. არც თანხის გადახდის საშუალებაა, რომ შეხვიდე და მანქანა გააჩერო. იქნებ მოიკითხოთ ვინ აკონტროლებს ამ პარკინგს“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
„ბათუმელები“ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, საიდანაც მოგვწერეს, რომ „პარკინგის ტერიტორია და მუსიკალური ცენტრის შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და მათ აქვთ გაკეთებული სტუმრების მისაღებად. პარკინგის საკითხი მუსიკალურ ცენტრთან დააზუსტეთ“.
მუსიკალურ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ აქვთ საკუთარი შენობის მიმდებარედ პარკინგი და სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასა და ზღვას შორის] არც მიწის ნაკვეთი აქვთ და არც პარკინგი მოუწყვიათ.
ვინაიდან ინსპექციაში სხვა ვერაფერი დაგვიკონკრეტეს [დღეს გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილობით მივმართოთ] რესტორან „ოქროს თევზს“ დავუკავშირდით. რესტორნის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ პარკინგი მათი მოწყობილია და ტერიტორია ქალაქის მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.
„პარკინგი რესტორნის სტუმრების მანქანებისთვის მოვაწყვეთ და საიჯარო ქირაც უნდა ვიხადოთ ქალაქის ბიუჯეტში“, – გვიპასუხეს „ოქროს თევზში“.
რესტორანში იჯარის ხელშეკრულების ელექტრონული ასლის გადმოგზავნასაც დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.
ტერიტორია, სადაც რესტორან „ოქროს თევზის“ შენობა დგას, 301 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით შპს „საგა ფუდის“ საკუთრებაშია.
რაც შეეხება პარკინგისთვის ჩაკეტილ სივრცეს, ის დაახლოებით 200 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით დაურეგისტრირებელია, ანუ არ ჩანს ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა, ავტონომიური რესპუბლიკის, თუ სახელმწიფოსი.
როგორ გასცა მერიამ იჯარით ეს ტერიტორია, რა ვადით და რამდენია ყოველწლიური საიჯარო ქირა? – ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.
განახლება: მოგვიანებით რესტორან „ოქროს თევზიდან“ გადმოგვიგზავნეს ხელშეკრულების ასლის ერთი გვერდი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანსა და შპს „საგა ფუდს“ შორის 2024 წლის 29 ივლისს არის გაფორმებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით მერიამ „პარკირების ორგანიზების უფლება“ კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. რესტორნის ინფორმაციით ხელშეკრულება 3 წლის ვადით არის დადებული.
ადგილი თამარის დასახლებაში, სადაც [როგორც რესტორანში გვითხრეს] მერიამ საპარკინგე სივრცე იჯარით კერძო კომპანიაზე გაასხვისა, საცობების კუთხით ერთ-ერთი პრობლემურია ბათუმში.„პარკირების ორგანიზების უფლების საფასურის ოდენობა ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის შეადგენს 150 ლარს, ყველა ადგილისათვის [104,25 კვ.მ.] კი 15 637,50 ლარს წელიწადში“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ამ თემაზე ვრცლად: საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის
ამ ადგილიდან 500 მეტრში კი, მდინარე ყოროლისწყალზე არის ხიდი, რომლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც დაავიწროვეს. ამან კიდევ უფრო გაართულა საცობის პრობლემა ამ მონაკვეთში. საბოლოოდ ხიდის კვლავ გაფართოება გადაწყდა, რისთვისაც ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.
ამ თემაზე ვრცლად: ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს
ბათუმში, სადაც პარკინგის და საცობების სერიოზული პრობლემაა, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ნაცვლად თავისუფალ საპარკინგე ადგილებს ასხვისებს. „ოქროს თევზის“ მიმდებარე ტერიტორია ამ კუთხით გამონაკლისი არაა.
თავისუფალი საპარკინგე სივრცე გაასხვისეს ბათუმის ცენტრშიც, იუსტიციის სახლთან, რომელიც კერძო კომპანიას 49 წლით გადასცეს. მოიჯარე „ალიანს მენეჯმენტმა“ აქ ორსართულიანი პარკინგი მოაწყო. შედეგი ისაა, რომ ღია სივრცე მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა, მიწისქვეშა სართულზე კი, თუ მანქანას 1-დან 2 საათამდე გააჩერებთ, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ [ყოველ ერთ საათში – 3 ლარი].
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო