მთავარი,სიახლეები

მილიონიანი სახლი ბათუმში – რა ქონებას ფლობს ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე 

23.12.2020 • 2422
მილიონიანი სახლი ბათუმში – რა ქონებას ფლობს ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მინდია დიასამიძე საკრებულოში არჩევამდე ბიზნესით იყო დაკავებული, ამ პერიოდში მას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება დაუგროვებია.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინდია დიასამიძემ 1 მილიონ 150 000 ლარი დახარჯა ბათუმში, ქეთევან წამებულის #50- ში ექვსსართულიანი სახლის მშენებლობისთვის  საკუთარ მიწის ნაკვეთზე [1479,9 კვ.მ]. ეს ნაკვეთი მინდია დიასამიძეს 2015 წელს 46 500 დოლარად შეუძენია, ხოლო მშენებლობა 2016 წელს დაუწყია. 2017 წელს კი იგი საკრებულოს წევრი გახდა.

„ეს კერძო სახლია, თუმცა ბინებად არის გაკეთებული. არ გამიყიდია, მთლიანად ჩემია და კომპანიისთვის მაქვს ფართები მიქირავებული,“ – ამბობს  მინდია დიასამიძე. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით მას გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის სახით 24000 ლარი აქვს დაფიქსირებული.

მინდია დიასამიძე ფლობს ასევე ორ ბინას – 120 კვ.მ და 54 კვ.მ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე. ეს ბინები მას 2013 წელს ჯამში 69 800 დოლარად შეუძენია. კიდევ ერთ ბინას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა ვარშანიძე ტაბიძის #9-ში, ბინის ფართობი 21,58 კვ.მ-ია და ის ირმა ვარშანიძეს 2016 წელს 11 720 დოლარად შეუძენია.

ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესი მინდია დიასამიძემ 2010 წელს დაიწყო, როცა მან  შპს „მდა–007“ დააფუძნა. ეს კომპანია საახალწლო ფეთქებადი ნივთიერებების შემოტანა- მიწოდებაზე მუშაობს. კიდევ ერთი კომპანია „ჯიდი ჯგუფი“ მინდია დიასამიძემ 2017 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა და ამ კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია.

თავად მინდია დიასამიძის თქმით, შპს „ ჯიდი ჯგუფი“ სამშენებლო მიზნებისთვის დააფუძნეს, თუმცა კომპანიას არ უმუშავია, „არაფერი აუშენებია“.

ბიზნესით არის დაკავებული მინდია დიასამიძის მეუღლე ირმა ვარშანიძეც, ის შპს „გდმ-007“ -ის ის დამფუძნებელი და დირექტორია.

მინდია დიასამიძე თანასაკუთრებაში ფლობს ასევე ორ  – 2430 კვ.მ  და 1911 კვ.მ მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში.

მინდია დიასამიძე  დღეს, 23 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ფრაქციის ხუთმა წევრმა.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკრებულოს მიმართა უფლებამოსილების მოხსნაზე. ის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.

მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, ის  ახალშენის თემის მაჟორიტარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: