შპს „რივიერამ“ ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ.
„ჭაჭის თაუერი“ 2012 წელს აშენდა. მისი მთავარი გუმბათი 25 მეტრი სიმაღლისაა, დანარჩენი 4 გუმბათი კი – 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა, განსაზღვრულ საათებში, სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინებოდა.
„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. „ჭაჭის კოშკის“ სკვერს შორის.
საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს ასევე განთავსებულია ბათუმის ისტორიული შუქურა და „ეშმაკის ბორბალი“, აქვე ახლოს დგას „ანბანის კოშკიც“.
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, „პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებული ტერიტორიის განვითარება, ზღვისპირა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იახტკლუბის განვითარება.“
დაგეგმვის მიზნებში განმარტებულია, რომ საპროექტო ტერიტორია მოიცავს ადგილს, სადაც განთავსებულია „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ და ეს ტერიტორია აღნიშნული განაშენიანების
რეგულირების გეგმის ფარგლებში უფუნქციოა, საჭიროებს გონივრულ დაგეგმვასა და განვითარებას.
დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის დემონტაჟს. საკითხი საკრებულომ დაგვიანებით, სხდომამდე ერთი დღით ადრე, დამატებით საკითხებში გამოაქვეყნა, ამიტომაც დოკუმენტს დეტალურად „ბათუმელები“ მოგვიანებით შეისწავლის.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმის მერიის ერთი კონკრეტული სამსახური – ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური განაშენიანებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ყოველთვის დამატებით საკითხებში აქვეყნებს. ამჯერად ამ სამსახურმა სხდომამდე ერთი დღით ადრე დღის წესრიგში 15 საკითხი დაამატა. ეს საკითხები დაგვიანებით მიიღეს საკრებულოს წევრებმაც.
„ბათუმელებმა“ საკრებულოში გადაამოწმა ისიც, მერია აგვიანებს კონკრეტული საკითხების გადაგზავნას, თუ საკრებულო ტვირთავს ვებგვერდზე ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაგვიანებით, მიზანმიმართულად. საკრებულოში გვითხრეს, რომ მერიიდან შესული საკითხები პროგრამულად დაუყოვნებლივ იტვირთება ვებგვერდზე.