ავტორი: ნათია როყვა
___
შორენა ლომთაძე პროფესიით განათლების მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა. შორენა ბოლო 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის ჩართულია: მაგალითად, ბოლო ერთ კვირაში 60-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, არჩევნებში ხმის მისაცემად დარეგისტრირებაში და ასზე მეტი ადამიანი გადაამოწმა არიან თუ არა საარჩევნო სიაში.
- შორენა, ბოლოს გნახეთ შვილთან ერთად, ნიუ იორკში, გაეროს შენობასთან აქციაზე, სადაც რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდით, თქვენ რა საშიშროებას ხედავთ ამ კანონში?
შევეცდები ავხსნა, მე რატომ ვხედავ საფრთხეს: ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ? ამბობენ, რომ ,,გამჭვირვალეობისთვის” და ,,სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“. სხვათა შორის, ჩვენი ხელისუფლებაც იმავეს გვიმტკიცებს.
გავიაზროთ, როგორი ტიპის სახელმწიფოა რუსეთი? – პასუხი ცალსახაა, ავტორიტარული, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პირის, პუტინის ხელში. მისი მთავარი მიზანია გაიხანგრძლივოს მმართველობა.
მაშასადამე, რუსული მთავრობისათვის, კანონი უცხოური აგენტების შესახებ არის საშუალება, დაასუსტოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლების დაცვაზე, სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი უკანონობის სააშკარაოდ გამოტანაზე.
2012 წლიდან დღემდე, რუსეთში, აღნიშნული კანონის ძალით, დაიხურა დამოუკიდებელი მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
გარდა ამისა, აგენტის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახით შეხება ჰქონდა ამ ორგანიზაციებთან: თანამშრომლებს, დამფუძნებლებს, მენეჯერებს, უბრალოდ მოქალაქეებს, ვინც რაიმე ტიპის მომსახურეობა მიიღო.
უცხოური აგენტის სტატუსმინიჭებულ მოქალაქეებზე დაწესდა შეზღუდვები. მაგალითად, ასეთები სტატუსის შემდეგ, ვერ იმუშავებენ პედაგოგებად განათლების სისტემაში. შეუძლებელი ხდება საზღვარგარეთ განათლების მიღება და სხვა.
ფაქტობრივად, რუსული კანონის საცეცები შეეხო ყველას და ქვეყანაში სრული დიქტატურა დამყარდა.
მაშინ, როცა „რუსული გამოცდილება“ ხელისგულზე დევს, ჩვენი ხელისუფლების მიერ რუსული კანონპროექტის საქართველოში ამოქმედება მთლიანად მიმართულია მმართველობის გახანგრძლივებისაკენ. შესაბამისად, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისკენ.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტმა მთავრობამ ვერ გაითვალისწინა, რომ ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია. საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს მათ არჩევნებზე. დიახ, „არა ავტორიტარიზმს“, „არა რუსულ კანონს“, „კი ევროპას“.
- რატომ ირჩევთ ევროპას და ამერიკას?
მარტივია არჩევანის გაკეთება ცუდსა და კარგს შორის. რატომ არა რუსეთს და კი ევროპას? შევეცდები გამოვყო ერთი მიზეზი მრავალთაგან.
რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი. აწარმოებს ომს უკრაინაში. ანადგურებს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, მათ შორის, ჩადენილი აქვს ბავშვების სასტიკი მკვლელობები.
ამერიკა და ევროპა ზრუნავენ ადამიანების განვითარებაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე. ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში კი მოიაზრება თანასწორობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობები.
ასეთი ტიპის ურთიერთობები ნებისმიერი ქვეყნისთვის განვითარების საფუძველია. ოკუპაცია გამორიცხავს მშვიდობიან თანამშრომლობას, თანასწორობას, თავისუფლებას და, მაშასადამე, განვითარებას. ამიტომაც ვირჩევ ევროპას და ამერიკას.
- რა მოლოდინები გაქვთ არჩევნებისგან?
„ქართული ოცნების“ მცდელობა, გადააქციოს არჩევნები ფარსად, კრახით დასრულდება.
საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დათმობს თავისუფლებას, არ გახდება მორჩილი, არ იტყვის უარს საკუთარ უფლებებზე, არ შეეგუება სტაგნაციას, არ დაუშვებს ავტოკრატიის განმტკიცებას სახელმწიფოში. ეს დაადასტურა „რუსული კანონის“ მიღების პარალელურად გამართულმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მე მჯერა ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
- როგორ ემზადებით არჩევნებისთვის ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები?
განსაკუთრებით დიდ იმედს მაძლევს ემიგრანტების აქტიურობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მე, სხვა ემიგრანტებთან ერთად, მესამედ ვმონაწილეობ წინასაარჩევნო სამზადისში. ბატონმა რევაზ ბეროზაშვილმა შექმნა პლატფორმა „,თაობები ქვეყნისათვის“, რომლის მიზანია დიასპორებისაგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა.
ამ პლატფორმამ საშუალება მოგვცა სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს, ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყოთ ერთმანეთთან. ვეხმარებით ემიგრანტებს გაიარონ რეგისტრაცია საკონსულო აღრიცხვაზე, მოხვდნენ საარჩევნო სიებში და შეძლონ ხმის მიცემა.
გარდა ამისა, მზადდება მოთხოვნები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნისათვის იმ ლოკაციებზე, სადაც ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ყველამ უნდა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.
თუ მთავრობამ უარი განაცხადა დამატებით უბნების გახსნაზე, ეს იქნება ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდება.
ამ საკითხზე ხშირად გვაქვს პირდაპირი ჩართვები, როგორც საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე ევროპარლამენტარებთან. ჩვენ, ქართველი ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ქვეყანას ასე იოლად არ დავთმობთ.






