მთავარი,სიახლეები

„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

23.08.2024
„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

ავტორი: ნათია როყვა

თამარ შელია პროფესიით მეან-გინეკოლოგია, განათლება რუსეთში მიიღო, საქართველოში კი ექიმად 23 წელი იმუშავა. თამარი მარტოხელა დედაა და ნიუ- იორკში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 5 წლის წინ, ამერიკაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, გიოს გამო მიიღო – გიორგი, თამარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილია.

  • თამარ, რა საფრთხეებს ხედავთ რუსულ კანონში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა?

ეს კანონი ძალიან საშიშია – ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს, კრძალავს ევროპულ და ამერიკულ სიკეთეებს, რომლითაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, 90-იანი წლებიდან ვსარგებლობთ.

მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამებმა უამრავი ადამიანი გადაარჩინა, უამრავი სიკეთე მივიღეთ განათლების სფეროში, ეს კანონი კი ყველა ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს არსებობის საფრთხეს უქმნის. ის, რაც ადამიანის ფუნდამენდტურ უფლებებს ზღუდავს, ყველაფერი საშიშია.

ხელისუფლება ამ კანონით გვიწესებს შეზღუდვებს, გვართმევს თავისუფლებას, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში დაბადებულ ადამიანს დაუწესო აკრძალვები, სიტყვის და გამოხატვის.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანების ჩართულობა, როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა? 

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებაა წავიდეთ არჩევნებზე, ძალადობრივი გზით ცვლილებები არ არის სასიამოვნო ჩემთვის, ცივილური გზაა ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან მისვლა. ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გადარჩენა, ახლა სასწორზეა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ან 30 წლით უკან დაბრუნება.

  • ვიცი, რომ განათლება რუსეთში მიიღეთ, საქართველოში 22 წელი ექიმად იმუშავეთ, რატომ მიიღეთ ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება?  

მე შვიდი წელი ვიცხოვრე რუსეთში, ვიცი 90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე რა ხდება იქ. რუსეთი არ არის მოსკოვი ან სანკტ-პეტერბურგი 20-30% მასა, რომელიც შედარებით ნორმალურად ცხოვრობს.

პერიფერიებში გაიხედონ – რა მაგალითი უნდა მივიღოთ რუსეთისგან ქართველებმა, ქვეყნისგან, სადაც უპატრონო ბავშვებია, უამრავი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, გაჭირვება და სიღარიბეა, პენსიონრები მკურნალობის გარეშე არიან. უამრავი ადამიანი მინახავს მორგებში, უპატრონოდ.

რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიის 20% მეტი მიითვისეს, დღემდე აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას. როგორ შეიძლება დადებითად ვიყო განწყობილი, ეს გამორიცხულია.

  • გიფიქრიათ თუ არა საქართველოში დაბრუნებაზე?                 

მე საქართველოდან წამოვედი 2018 წელს. ფინანსური პრობლემების გამო არ წამოვსულვარ საქართველოდან, მე წამოვედი იმიტომ, რომ ჩემი პაციენტების მაგალითზე ვხედავდი, როგორ უარესდებოდა ცხოვრების დონე, ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა მძიმდებოდა, მთავარი რის გამოც მე აქ წამოვედი იყო ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მარტოხელა დედა ვარ და ვფიქრობდი თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნის განვითარება, როგორ იქნება გიორგი, როგორ შეძლებს ის ცხოვრებას მარტო. შშმ ადამიანებს სკოლაში დიდი პრობლემები აქვთ, მათი განვითარების ბაზა არ არის.

განცდა იმისა, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ან იზრუნებს არ მქონია და ცოტა ხნით მივატოვე ჩემი კარიერა, იქ, სადაც მე პაციენტების დიდი არმია მყავდა. წამოვედი ამერიკაში, მიმღებლობა ჩემი შვილისნაირი ადამიანების აქ ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოში. როგორც კი ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა უკეთესობიაკენ წავა, მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ჩემთვის ბედნიერებაა ჩემ სამშობლოში ცხოვრება, ჩემი პროფესიით.

ჩემი დაკვირვებით სხვა ეროვნების ადამიანები რომ ჩამოდიან აქ იწყებენ ბიზნესს, ყიდულობენ სახლებს, ჩვენ ქართველები უძრავ ქონებას ვყიდულობთ საქართველოში, ჩვენ ნაშრომ ფულსაც იქ ვაგზავნით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვალი სულ იქეთ გვაქვს და ჩვენი გულები ისედაც იქ, საქართველოშია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: