„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა.
მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია.
შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ.
„წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. სოფელში კი არაფერია, რომ დასაქმდე. თამბაქო დარგეს და ფასი დაუვარდა, არ გაამართლა. ხალისი არაფერს აქვს, სოფელს რომ ახალგაზრდობა დაუბრუნდებოდეს, მეტი ხალისი იქნება, მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს აკეთებს.
რომ მოვკვდეთ, ერთ კვირას ვერავინ მოგვაგნებს. არ ეცოდინებათ, ცოცხალი ვართ თუ მკვდარი… ცოცხალი მკვდრები ვართ, ცოცხალი მკვდრები…“- წუხს შუშანა.
საუბარში გვერთვება მისი მეუღლე შალვა გოგრაჭაძე. მისი აზრით, ქვეყანაში არსებული სიღარიბე და უიმედობა ოლიგარქიის ბრალია.
„ოლიგარქიაა ქვეყანაზე, ოლიგარქია. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ და მოვიცილოთ ეს ბიძინა ივანიშვილი. თუ ვერ მოვიცილეთ, გველოდება არეულობა.
იქიდან გამოგზავნილი კაცია ეგ, მაგას მისი ნაშრომი ფული არ აქვს, რუსეთმა გამოატანა, ჩადი და დაანგრიე საქართველოო და ანგრევს და კი მიაქვს რუსეთში. ქართველებს ყრიან საქართველოდან, რუსები შემოჰყავთ“ – ამბობს შალვა.
მისი აზრით, ამ არჩევნებზე ხალხმა უნდა შეძლოს საკუთარი არჩევანის დაცვა.
„ხმებს უნდა დაცვა, რომ არ გაგვიყალბონ არჩევნები“ – გვეუბნება ის.
როგორ ხდება ისე, რომ მთავრობის წევრები მილიონერები გახდნენ, ხალხი კი ღარიბდება? – ვკითხეთ გოგრაჭაძეებს. მათი აზრით, ეს კორუფციის გამოა.
„როგორ ხდება და ჩვენი ჯიბიდან, კორუფციაა ქვეყანაზე. გაგვიყიდეს მიწა-წყალი, გამგებლებმაც, მთავრობამაც. მაგათთვის კარი ღიაა და ჩვენთვის დაკეტილი. მაგრამ მე მჯერა ერთობის ძალის. თუ ხალხი გაერთიანდა, ცვლილება იქნება“ – გვეუბნება შალვა გოგრაჭაძე.
„ოლიგარქია მოვიცილოთ, ეს მთავრობა მოვიცილოთ და მერე, თვითონ წავა რუსი. უნდა გაერთიანდეს ხალხი და ჩვენი პრინციპი ჩვენ უნდა დავიცვათ. დემოკრატია გვინდა ჩვენ, ამას აქვს ძალა“-მიაჩნია შალვა გოგრაჭაძეს.
მისი აზრით, აგენტების შესახებ კანონიც რუსეთის ინტერესებში შედის და ეს ქვეყანას დააზიანებს.
„აგენტების კანონი გადაჩეხავს ქვეყანას უფსკრულში. ივანიშვილია აგენტი, ჩვენ კი არ ვართ. ჩამოსული, დამჯდარი ჩუმად მართავს ქვეყანას და ჰყავს ხელისშემწყობი პარლამენტარები.
თუ ესენი არ წავიდნენ, საფრთხე ექმნება ჩვენს ევროინტეგრაციასაც. მაგათ თვითმფრინავებით აფრინონ მათი შვილები ამერიკაში, ასწავლონ და ჩვენსას სკოლები არ ჰქონდეთ, ეს არ იქნება“-ამბობს შალვა გოგრაჭაძე.
დურსუნ ბალაძე ფიქრობს, რომ ხალხი ოპოზიციას უფრო უჭერს მხარს და არა „ოცნებას“.
„ახლა ოპოზიციას უჭერს ყველა მხარს, რადგან ივანიშვილს რა სურს და რუსული ენა იყოს, რუსული კანონი იყოს… ახალგაზრდობისგანაც სოფლები გაცლილია. 60-80 კომლი ცხოვრობს ჩემს სოფელში და ძროხა 2 პროცენტს აღარ ჰყავს.
სოფლის შემოსავლით რა უნდა ქნა, მშიერი არ დარჩები და ეგაა, მეტს ვერაფერს იზამ“-ამბობს დურსუნი.
ეთერ ზოიძეც მემთეურია. ამბობს, რომ ხელისუფლება გომისმთაზე მათ პრობლემებს უქმნით, რის გამოც შესაძლებელია მომავალს წელს აღარც კი ამოვიდეს.
„ამ 12 წელიწადში ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. ერთი აუზი გააკეტეს აქ, გომისმთაზე და ჩვენ არ მოგვცეს წყალი. ვართ უწყლოდ.
არც ქოხების შეკეთების უფლებას გვაძლევენ. წყალი ჩამოგვდის და ცელოფნებით გვძინავს. არ გვაკეთებინებენ სახურავს. ვერ გავიგეთ რა უნდათ და რა მიზანი აქვთ. ალბათ უნდათ, რომ დაინგრეს ეს სახლები და შემდეგ მათ ააშენონ“ – ამბობს ეთერი.
„მაშინ მოგცენ საშუალება და გადავალთ სხვაგან. დიათეზიანი შვილიშვილი მყავს, მინდა ამოვიყვანო ჰაერზე და არ მაძლევენ საშუალებას, რომ სახურავი შევაკეთო.
ამ უწყლობამ ხომ გაგვაწამა. ძროხები გვყავს, გარეცხვა გვინდა, სისუფთავე გვინდა. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მომდევნო წელს ვეღარ ამოვიდე მთაში“- გვეუბნება ეთერი.
მისი თქმით, რადგან ხელისუფლებას ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებს, ვერც ისინი მიიღებენ ხალხის ხმას.
„ხმის მოსათხოვნად რომ მოვლენ არჩევნებზე, აი, მაშინ უნდა გავუჭირვოთ ჩვენც და მიხვდებიან, გაჭირვება როგორი ყოფილა.
ზოგს ფულით ატყუებენ და 50 ლარად ვიღაც შეიძლება აძლევს ხმას, მაგრამ მე მაგათი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალე.
ის, რასაც აქ გვიკეთებენ, არის შევიწროება გლეხის. საქონელი უნდა ამოვწყვიტოთ მაშინ და დავსხდეთ სახლში“-ამბობს ეთერ ზოიძე.
ფატი ბოლქვაძეც მემთეურია და ისიც იმაზე ჩივის, რომ მალე ეს საქმიანობა წარსულს ჩაბარდება.
„დასაქმება, სამუშაო არ არის, ყველა ქალაქში გარბის და არავის უნდა ძროხა და მემთეურობა. წელს იცით რამდენი ქოხია დაკეტილი? ხალხი აქაც ვეღარ ამოდის, რადგან არ აქვს საშუალება. თუ ასე გაგრძელდა, ორი-სამი წელი და მთაში არავინ წამოვა მემთეურად.
ხალხმაც ამიტომ ჩაიქნია ხელი და აღარ აძლევს ხმას „ოცნებას“, რადგან დაპირებები არ სრულდება. აგერ, წყალი ჩამოგვდის ქოხში და არ გვაძლევენ გადახურვის უფლებას, წვიმაში გვძინავს. მე ამათ უკვე აღარ ვენდობი“ – გვეუბნება ფატი.
ანა სანიკიძე ქობულეთიდანაა და გომისმთაზე დასასვენებლად ამოვიდა.
სხვა მემთეურების მსგავსად უკმაყოფილებას ისიც გამოხატავს შეზღუდვებზე, რის გამოც სახლების მეპატრონეებს არც შეკეთების უფლებას ეძლევათ და არც რაიმე ცვლილების.
„ხის კიბე გვქონდა და ჩამოინგრა, ბავშვი ჩამოგვივარდა და ვიფიქრე, რომ რკინის კიბეს გავაკეთებდით. მოვიდნენ და მოჭრეს.
ქობულეთში, სადაც ვცხოვრობ, ერთი 900-მეტრიანი გზა გვაქვს დასაგები და არ დაგვიგეს, რუკაზე არ არის, გეგმაში არ არისო. მანდ ადრე თავდაცვის შენობა იყო და შევარდნაძეც კი ჩამოდიოდა და მაშინ თუ იყო რუკაზე, ახლა სად გაქრა“ – ამბობს ანა სანიკიძე.
სელვა ბალაძე „ოცნების“ ამომრჩეველია. ამბობს, რომ ხმა „ხათრით აძლევს „ოცნებას“, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით მაინც უკმაყოფილოა.
„მთავრობა არ გამოივლის და არ მოგიკითხავს რა გიჭირს და რა არა. აქ წყალი არ გვაქვს, ან წყალი მოგვიყვანონ ან მოაგვარონ ეს ამბავი, რატომ გვიშლიან ხელს.
ხმა ყოველთვის „ოცნებას“ ვაძლევ, ხათრით.
პენსიაზე ხომ გვიმატებენ 20 თეთრს… 20 თეთრია ეგ 20 ლარი აბა რა არის, ყველაფერი ძვირია, რით უნდა იცხოვრო? ტელევიზორს ჩართავ და მარტო ჩხუბია.
მეწყერსაშიშ ზონაში ვართ, დაგვპირდნენ კომპენსაციას და ვნახოთ“ – ამბობს სელვა.
ხუსეინ ბოლქვაძეც შუახევიდანაა. დარდობს, რომ სოფელი მოწყენილია ახალგაზრდების გარეშე. ცრემლი ერევა იმის გამო, რომ ახალგაზრდების ნაწილი დაუსაქმებლობის გამო ნარკოდამოკიდებულები გახდნენ და ამ პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლება არ ზრუნავს.
არჩევნებთან დაკავშირებით კი ასეთი განწყობა აქვს: „საარჩევნოდ იქნება ომი. დაძაბული სიტუაციაა. ყველას სათავეში უნდა. რატომ უნდა იყოს მარტო „ოცნება“, კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას, ეს ჩამოაყალიბებს ყველაფერს“- გვეუბნება ის.
რამაზ ტაკიძეც მიიჩნევს, რომ რომ არა სოციალური პროგრამით „დასაქმება“, სოფელში ადამიანებს სხვა შემოსავალი არ აქვთ.
„რეალური, გლეხობისთვის მაინც არაფერია. ამიტომ არის ხალხი დაფიქრებული, რა იქნება და როგორ.
ხალხი ახლა უყურებს რა იქნება ამ გომისმთასთან დაკავშირებით, რა კანონი უნდა შემოიღონ და თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება, ხალხი ფეხზე დადგება.
გვაწიოკებენ, არ გვაძლევენ არაფრის გაკეთების საშუალებას, სახურავი რომ გადახურო, ჯარიმებს აწერენ ხალხს და არაფრის საშუალებას არ გვაძლევენ“ – გვითხრა მან.
რატომ უკრძალავენ მემთეურებს გომისმთაზე იმ ქოხების შეკეთებას, რომელიც ათწლეულებია აქ დგას, ამ თემაზე „ბათუმელები“ ცალკე შემოგთავაზებთ მასალას.
ამავე თემაზე:
რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ