„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია.
„ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით უფრო მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ კვოტირების წესი გააუქმა, ახლახან კი წარმოადგინა საარჩევნო სია [დელეგატები], სადაც არც ერთი ქალი არ ჰყავს შეყვანილი.
„ბათუმელებმა“ გამოკითხვა მაჭახლის ხეობის სამ სოფელში – ცხემლარაში, ქოქოლეთსა და ჩიქუნეთში ჩაატარა. ყველა მოქალაქე, რომელსაც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ, ამბობს, რომ ქალების პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია. ნაწილის აზრით, თუკი საკანონმდებლო ორგანოში კაცზე მეტი ქალი დეპუტატი იქნება, უკეთესი ქვეყანა გვექნება.
„უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში, რადგან ნაკლებად არიან ქალები კორუფციაში ჩართულები,“ – ასე ფიქრობს სოფელ ქოქოლეთში მცხოვრები ნელი ბასილაძე.
„ქალი რომ გაიაზრებს, ისე კაცი ვერ გაიაზრებს. გააზრება ქალს უფრო მეტი აქვს, მე ასე მგონია, მაგრამ კაცები არ გვიჯერებენ ამას.
ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ.
თანასწორუფლებიანობა არისო ამბობენ და კაცმა რომ ქალს დაუჯეროს, ვფიქრობ არ იქნება წაგებული,“ – გვეუბნება ქოქოლეთში მცხოვრები სურიე დევაძე. მასაც სჯერა, რომ თუკი უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში ჩართული, უკეთესი მმართველობა გვექნება.
„ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ პოლიტიკაში. ქალები კაცებთან შედარებით ლმობიერად და კეთილსინდისიერად მოემსახურებიან ქვეყანას. იმიტომ, რომ ქალი ოჯახის დედაა, იცის შვილები როგორ უნდა გაზარდოს და საზოგადოებას როგორ უნდა მოეპყროს.
ქალები კორუფციაში რომ არ ებმებიან, ამიტომ უნდა მოვიდნენ. კაცები კორუფციაში არიან ყველა ჩაფლული,“ – თავის აზრს გვიზიარებს ქალების პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით სულიკო სალვარიძე, სოფელ ცხემლარას მცხოვრები.
„ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე მოქალაქეები იყვნენ. მათ შორის, მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც ცალსახად ითხოვენ, რომ ქალების პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია.
„ქალები მარტო პოლიტიკაში კი არა, საერთოდ ყველა სფეროში უნდა იყოს. ვფიქრობ, ქალი უფრო შორსმჭვრეტელია. ყველა დადებით და უარყოფით ეფექტს მოკლე დროში ხედავს. ქალების პარტია რომ შეიქმნას, არ არის ცუდი აზრი. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მეც. შეიძლება უფრო უკეთესი პარტია იყოს, ვიდრე აქამდე არსებული პარტიები არიან.
რატომ მომინდებოდა ასეთ პარტიასთან თანამშრომლობა? შეიძლება ისეთი ახალი კანონი ან კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინოს, რომ შედეგიანი იყოს დღევანდელი მაცხოვრებლებისთვის. ყველაფერი მოსალოდნელია,“ – გვითხრა მაგული აბაშიძემ, სოფელ ქვედა ქოქოლეთიდან.
მაგულის თქმით, მას პოზიტიური განწყობა აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან სოფელში გზა დააგეს და გაზიც აქვთ. მაგრამ დღემდე ერთი მოუგვარებელი პრობლემის წინაშეა სოფელი – არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი. 3,5 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით მაგულის და მის მეზობლებს იმისათვის, რომ ბათუმში მიმავალ ტრანსპორტამდე მიაღწიონ.
წყალს ითხოვენ სოფელ კირკიტეთში მცხოვრები ლეილა კირკიტაძე და მისი მეზობლები. ლეილას აზრით, გადაწყვეტილების მიმღები პირები ქალები რომ იყვნენ, ისინი უკეთ იზრუნებდნენ ხალხზე და მათი ცხოვრების გაიოლებაზე.
„მე ვფიქრობ, ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ქალებში უფრო არაა ღალატი. ქალები აუცილებელია პოლიტიკაში. ისეთი პარტია უნდა შეიქმნას, რომ გლეხისთვის რაღაცა იფიქრონ. გლეხი ქალებისთვის, გლეხი ოჯახებისთვის. მარტო მათთვის არ უნდა იფიქრონ. გლეხებს რომ მოუსმენენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ,“ – გვითხრა ლეილა კირკიტაძემ.
ლეილას ეთანხმება მისი მეუღლე, შოთა კირკიტაძეც.
„პოლიტიკაში როგორც კაცების ყოფნაა აუცილებელი, ისეა ქალები. ზოგჯერ შეიძლება ქალის მოსაზრება უფრო ძლიერი დარჩეს, ვიდრე კაცის. ქალი არ ებმება კორუფციაში: ეშინია, ოჯახზე ფიქრობს, კაცი კი ებმება, რადგან ფეხებზე კიდია,“ – გვითხრა შოთა კირკიტაძემ.
„რამდენადაც ქალზეა დამოკიდებული ოჯახში გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ერთი პატარა ოჯახია. ქალს უდიდესი როლი აქვს და ქალი უნდა ფიგურირებდეს ყველა სფეროში.
ქალს უნდა შევეკითხოთ, სად რა და როგორ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე აპოლიტიკური გახლავართ და არცერთი პარტიისადმი მიკუთვნებულობას არ ვიჩენ, ყოველთვის ვემსახურები მმართველ პარტიას.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა სფეროში ქალმა უნდა შეასრულოს თავისი უდიდესი როლი. იმიტომ, რომ ქალები ვართ ის ძლიერი ხალხი, რომლებსაც შეგვიძლია ყველანაირი სიძნელის გადალახვა.
კაცებს უფრო ნაკლები ნებისყოფა აქვთ, ვიდრე ქალებს. თუ უფრო მეტი ქალი იქნება ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვფიქრობ უკეთესად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება,“ – ეს სოფელ კირკიტეთში მცხოვრები ნებული შაშიკაძის მოსაზრებაა ქალების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
„ქალები არიან ქვეყნის ამომრჩევლების უმრავლესობა და როგორც მინიმუმ, არასწორია ის, რომ ამ უმრავლესობას არ წარმოადგენდეს ქალთა ისეთი რაოდენობა, რომელიც შეესაბამება ამ უმრავლესობას.
ზოგადად, ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში დიდი ხნის ბრძოლის ისტორია აქვს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დასავლური ცივილიზაცია თვლის, რომ ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობას პოლიტიკაში, აქვს საკვანძო მნიშვნელობა. იმისთვის, რომ ხელისუფლება ასახავდეს საზოგადოების შემადგენლობას და ის პრობლემები, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას აქვს, იყოს ასახული სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.
ამიტომაცაა, რომ იმ ცხრა პუნქტიდან, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ – ამბობს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის აუცილებლობაზე ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია.
ნონა წოწორიამ „ბათუმელებთან“ ერთად შემოიარა მაჭახლის სოფლები. გამოკითხვის დასასრულს მას შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
„საოცარი ამ გამოკითხვის დროს იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ სხვადასხვა საკითხის მიმართ რესპონდენტებს, ყველას აზრი იყო ერთხმა, რომ საჭიროა მეტი ქალი პოლიტიკაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რა მოთხოვნებიც ევროკავშირს აქვს იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს, ასევე თანხვედრაშია ქართველი ქალების და კაცები, ორივე ჯგუფის ხედვასთან საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ცალსახად დამამახსოვრდა, მოქალაქეები ითხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, აუცილებლად იცნობდნენ მთას. ასევე იცნობდნენ იმ სოფლებს და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან ქალაქებს. ანუ მათი წარმოდგენით, მათი მართვა შეუძლიათ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც იცნობს ადგილობრივ პრობლემებს,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის თქმით, იმ პერიოდში, როცა ბათუმში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და მას, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, უფლება არ ჰქონდათ სპეციალური ნებართვის გარეშე მაჭახლის ხეობაში ან ზემო აჭარაში ემოგზაურათ.
„ჩაკეტილი საზოგადოება, ჩაკეტილი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ბათუმში მცხოვრებს შესაძლოა არასდროს არ ჰქონოდა შესაძლებლობა მაჭახელას ხეობაში მოხვედრის. პირველ რიგში, ამიტომაც გვჭირდება ჩვენ ღიაობა და საჯაროობა, რომ ეს საზღვრები არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც არ იყოს.
მე ვიცი ჩემი ცხოვრებიდან, რას ნიშნავს დაკეტილი საზღვარი, რას ნიშნავს არამხოლოდ მაჭახელას ხეობაში ამოსვლის შეუძლებლობა, არამედ ისიც, რომ ჩემ ახალგაზრდობაში, საღამოს, ბათუმში ზღვაზე გასვლის უფლება არ გვქონდა. იმიტომ, რომ ბათუმის ზღვას იცავდნენ რუსი სამხედროები. ამის გახსენებაც კი ჩემთვის კოშმარია და პირდაპირ ასოცირდება ტოტალიტარიზმთან და დაკეტილ საზოგადოებასთან“, – ამბობს ნონა წოწორია.