ბევრჯერ მოგვიყოლია მემთეურ ქალებზე, მაგრამ არც ერთხელ – მემთეურ კაცზე, რომელიც თვეობით რჩება იალაღზე, უვლის ძროხებს და ყველიც ამოჰყავს.
დღეს მემთეურ ილია ნაკაშიძეზე გიყვებით. ის ქედის სოფელ გეგელიძეებში ცხოვრობს და ზაფხულობით გომის მთაზე მემთეურობს.
როგორც ილია გვიყვება, წველა რომ ისწავლა, დაახლოებით 35-40 წლის იყო:
„თანდათან ვისწავლე ყველის ამოღებაც. ხუთი წელია მეუღლე დავკარგე და მარტო მიწევს აქ ყოფნა, მაგრამ მეუღლე რომ მყავდა, მაშინაც ვრჩებოდი ხოლმე მარტო მემთეურად, ის კი 10-15 დღით სოფელში, ბოსტნის მოსავლელად მიდიოდა.
„მე არ ვთაკილობ, ქალის საქმეს ვაკეთებ თუ კაცის. არავის არ ვუსმენ, ჩემი ოჯახისთვის ძროხასაც მოვწველი და ტყეში შეშასაც მოვამზადებ. სხვისი საუბარი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს“ – მეუბნება ილია და იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრჯერ მოუსმენია – „ძროხის მოწველა რა კაცის საქმეა!“.
ილიას სამი მეწველი ძროხა ჰყავს. ამბობს, რომ დილაობით ბოსლის დასუფთავებას, ძროხების მოწველასა და საძოვარზე გაშვებას ერთ საათს ანდომებს. ყველაზე გვიან, დილის შვიდ საათზე იღვიძებს.
დიდი ხანი არ არის, რაც საწველი აპარატიც შეიძინა. როგორც მემთეური ამბობს, ყველის ამოღებასაც ერთ საათამდე ანდომებს.
„საქონელს რომ გავდენიდით, ერთგვარი შეკრება გვქონდა ცენტრში. ასაკოვანი ქალები წუხდნენ, „ყველი გამიფუჭდა, ვერ ამოვიღე…“. მე ვეტყოდი, ყველი როგორ გამიფუჭდება-მეთქი. ჩემზე ამბობდნენ – ა, კაცი, წველის, ყველსაც იღებს და თან არ უფუჭდება, ჩვენ კი ამდენი ხნის მემთეურები ვართ და ხანდახან მაინც გვიფუჭდებაო. ვიცინოდით“.
ილიას ყველის ამოყვანა მემთეურმა მეზობელმა, ფატიმ ასწავლა. თუ დამჭირდებოდა მას ვეკითხებოდი და ყველაფერს წვრილად მიხსნიდაო.
„მართლა ძალიან გამიხარდა პირველად რომ ამოვიყვანე და გავჭიმე ყველი“, – იხსენებს ილია და ხელებით მაჩვენებს პროცესს.
„სულგუნის და სხვა ყველების ამოღება უფრო ადვილია. ჩეჩილი ყველის გაკეთებაა რთული. ყველაფერი უნდა შეუსაბამო ერთმანეთს… თუ დროზე არ ამოიღე, შეიძლება გაქვავდეს… სულ ვცდილობ, რომ დროზე ამოვიღო და კარგი ყველი მქონდეს“.
კაცის თქმით, რთულია ცხელ შრატში ხელების დიდხანს გაჩერება ყველის ამოსაყვანად.
გარდა ყველისა, ილია თავად ამზადებს კარაქს და რძის სხვა პროდუქტებს. ასევე, უვლის ბოსტანს, სადაც მწვანილი და კარტოფილი უთესია. მასთან საუბრისას ილიამ მისი იალაღის სამზარეულო, ყველი და ხისგან საკუთარი ხელით დამზადებული რძის საწურიც მაჩვენა.
როგორც კაცი ამბობს, თავადაც განსაკუთრებით უყვარს რძის პროდუქტები – „დილას კაიმაღს თუ არ დავასხამ და ჩაის არ მივაყოლებ, ისე არ ვსაუზმობ.
ზოგი კაცი გაკეთებულ საჭმელსაც ვერ დაისხამს და ჭამს. ოჯახი არის ზღვაო, იტყვიან. ყველაფერი უნდა იცოდე, ყველაფერი უნდა აკეთო.
მაშინაც, როცა მეუღლე არ იყო სახლში, ვაკეთებდი საჭმელი იქნებოდა თუ სხვა რამ“.
ილია იხსენებს, რომ როცა მეუღლე სახლში იყო, ძროხებს ჩვეულებრივ ის წველიდა ხოლმე, მაგრამ სხვა დანარჩენში თვითონ ეხმარებოდა.
როცა ვკითხე, სიყვარულით თუ იქორწინეთ თქვენს მეუღლეზე-მეთქი, რა თქმა უნდაო, მითხრა და მეუღლის გაცნობის ამბავი გაიხსენა:
„მე ვმუშაობდი ქედის სამკერვალოში, შარვალ-კოსტიუმებს ვკერავდი, თერძი ვიყავი. იქ შემხვდა. მე-10 თუ მე-11 კლასში იყო. მერე ვიქორწინეთ. იქამდეც ვხვდებოდით, საჩუქრებსაც ვუკეთებდი, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს რა ვაჩუქე. ყვავილს თუ ვაჩუქებდი, მაშინ რა უნდა გეჩუქებინა? მე 24 წლის ვიყავი, ის – 19-ის“.
ილიას თქმით, პირველი განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე მეუღლის „კოხტა“ ჩაცმულობამ მოახდინა.
კაცს დღემდე გული სწყდება, რომ მეუღლე კარგად სწავლობდა, სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება უნდოდა, თუმცა ვერ მოვახერხეო – ახლაც წუხს.