სიახლეები

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს

10.10.2024
„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე.

სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.  მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები.

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს კანონის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ამ უწყებამ ეს არ გააკეთა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლიდან ორ მოსამართლეს – გიორგი კვერენჩხილაძეს და თემურ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები [სულ 38 დეპუტატი], „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები [სულ 122 მოსარჩელე]], შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და „სტუდია მონიტორი“.

ამ თემაზე:

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: