„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც.
დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან.
უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია, განცხადებებით კი, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. უსახლკაროები ბინების გადაცემას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები გოგოლის ქუჩაზე შეიკრიბნენ, სადაც ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქიმ კორპუსები უკანონოდ ააშენა. ისინი ითხოვენ, ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს და თუ სხვა მისამართზე არ აძლევენ ბინას, უკანონოდ აშენებული კორპუსები გოგოლის ქუჩაზე დემონტაჟის ნაცვლად მათ გადასცენ. უსახლკაროები ამბობენ, რომ ის ფული, რასაც ახლა ქირაში იხდიან, ბიზნესმენს გადაუხდიან.
უსახლკაროებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მერაბ ბლადაძე ეუბნება, რომ ოზთურქის ეს პირობა აწყობს, თუმცა „ბათუმელებთან“ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა და უშუალოდ ოზთურქის ადვოკატმა თქვეს, რომ არანაირი მსგავსი მოლაპარაკება არ არსებობს და ის, რასაც მერაბ ბლადაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, მხოლოდ „ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“

უსახლკაროების აქცია გოგოლის ქუჩაზე
„გვითხრეს მოდით გოგოლის ქუჩაზე, თუ არ შეგვიშვეს, ძალდატანებით დავიკავოთ ადგილებიო,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ. ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოვიდა დღევანდელ აქციაზე.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ ორგანიზატორები ეუბნებიან, რომ ოზთურქს ეს ქონება ჩამოართვეს და აშენებული კორპუსები უნდა დაინგრეს.
„ასე კერძო საკუთრების ჩამორთმევა და ბინების გადაცემა არ ხდება, ჩვენ ამ ოჯახებს ვთავაზობთ, რომ ინდივიდუალურად განვიხილავთ, სამუშაო ფორმატში მათ საჭიროებებს. ვთავაზობთ, რომ განხილვის პროცესში ჩაერთვებიან ის უფლებადამცველები, რომლებსაც ისინი ენდობიან,“ – გვითხრა ბათუმის ვიცე-მერმა, ნუკრი დეკანაძემ.
რატომ არ შეისწავლა ამ დრომდე, ამდენი წელი ამ ადამიანების საჭიროებები ბათუმის მერიამ? – ვკითხეთ თანამდებობის პირს.

ნუკრი დეკანაძე
„გარკვეულწილად შესწავლილია, ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი განცხადებების მიღების, ათეულობით ოჯახმა დააკმაყოფილა კრიტერიუმი, დიდმა ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა. ეს გავითვალისწინეთ და გავამარტივეთ კრიტერიუმები, გავამარტივეთ იგივე ოჯახის შემოსავლების შესახებ კრიტერიუმი, ასევე მოთხოვნა საზღვრის კვეთაზე, ოჯახის წევრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კრიტერიუმები, ავტომობილის ყოლა-არყოლასთან დაკავშირებული კრიტერიუმები…
გამარტივებული კრიტერიუმების საფუძველზე ხელახლა უნდა მოხდეს რეგისტრაცია. შესაძლებელია, ბევრი აქ მყოფი ოჯახებიდან აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ამიტომაცაა საჭირო ინდივიდუალური განხილვა,“ – გვიპასუხა ნუკრი დეკანაძემ.
„კიდევ რამდენი წელიწადი გჭირდებათ?“ – ბათუმის ვიცე-მერს მიმართა მოქალაქე დანიელ ბურკაშვილმა, რომელიც ნუკრი დეკანაძის კომენტარს ისმენდა.
„შეგიძლიათ ჩაერთოთ პოლიტიკაში და მოხვიდეთ,“ – მიმართა უსახლკაროს ბათუმის ვიცე-მერმა და აქციის სხვა მონაწილეებთან გადაინაცვლა.
„თქვენ ზურგი შემაქციეთ, ეს გამოსავალი არ არის,“ – მიმართა ჩინოვნიკს უსახლკარომ.

დანიელ ბურკაშვილი
„აქამდე ვერაფერი გაუკეთებიათ და რაღა ახლა გააკეთებენ? ჩვენ მერიას ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ შედეგი ნულია, რაც თავი მახსოვს, სულ ნაქირავებში ვართ,“ – გვიპასუხა დანიელ ბურკაშვილმა.
„იაფი სახლის“ პროგრამა, რაზეც ბათუმის ვიცე-მერი აქციის მონაწილეებს ესაუბრა, იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც დასაქმებულია, შემოსავალი აქვს და ყოველთვიურად კონკრეტული თანხის გადახდას შეძლებს. ამ პროგრამის შეცვლილ კრიტერიუმებზე ინფორმაციას ნახავთ აქ.
უსახლკაროების აქციაზე კი დგანან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები…
„ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, შუახევის სოფელ გოგინაურში დამასაქმეს 300-ლარიან პროგრამაში, სოფლის გზას ვალაგებთ, დღეში 2-3 საათი მიწევს მუშაობა, ეს პროგრამაც სრულდება, როგორც გავიგე. მაზლის სახლში ვცხოვრობ, 8-სულიანი ოჯახი ვართ, წასასვლელი არსად მაქვს, სადმე თუ არ ვიმუშავეთ, ლუკმა-პურის ფულს ვერ ვშოულობთ, რამე ხელობას ვისწავლი და ქალაქში დავსაქმდები, ბინა რომ მქონდეს,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ.
„12 წელია ამ ხელისუფლებისგან ისმის პროგრამები და დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი მიუწვდომელია უსახლკაროებისთვის. აქ არიან ოჯახები, რომლებსაც 20-ჯერ აქვთ შეტანილი მერიაში განცხადებები. მათ მიიღეს პასუხი, რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. პროგრამები კი არა, მერიის ბალანსზე რომაა ბინები ჩაკეტილი, ის ბინები მიეცით ხალხს,“ – ამბობს ნაილე ბეჟანიძე, ის ორგანიზაციას „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ წარმოადგენს.
ეს ორგანიზაცია იმ უსახლკაროების ინტერესებს იცავს, რომლებიც 2024 წლის 29 სექტემბერს შეიჭრნენ ქობულეთში, ბუკნარში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.
„25 ოჯახია იქ შეჭრილი და დღეს მე-13 ღამეს გაათენებენ იქ, არავინაა პასუხისმგებელი, იქ არც შუქია და არც წყალი. ერთი სანუგეშო სიტყვა იმ ხალხისთვის ხელისუფლებიდან არავის უთქვამს.
დღეს მისულან ქობულეთის მერი და სხვა წარმომადგენლები, ორი თვის ბინის ქირას გადაგიხდითო. არავითარი ქირა. იქ შეჭრილ ოჯახებს ყველას ეკუთვნის საცხოვრებელი ფართობი და ღირსეული ცხოვრების გარემო, რასაც კანონი ითვალისწინებს.
დღეს ბიძინა ივანიშვილი ხვდება ხალხსო. მასთან მიახლოების საშუალებას არ მოგვცემენ, მაგრამ ჩვენს ხმას მას აუცილებლად გავაგონებთ. რა ეკონცერტება ამ მთავრობას? მაგ ფულით ხალხი დააკმაყოფილეთ,“ – გვითხრა ნაილე ბეჟანიძემ.

ნაილე ბეჟანიძე
„მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ დემოკრატია ასეთი ბავშვების გვერდში დგომით იწყება, ის მთავრობა შემირცხვენია, რომელიც უსახლკაროების გვერდით არ დადგება“ – ეტლიანი უსახლკარო ბიჭის გვერდით დგება მოქალაქე დავით აზნაურიშვილი. ის სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა დღევანდელ აქციას.
„პენსიონერი ვარ, კიდევ სოციალურს ვიღებთ და ასე ვიხდით ქირის ფულს, შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებში. იმათაც არ აქვთ სახლ-კარი, ხან სად არიან, ხან – სად. მინდა სადმე სიმშვიდე ვნახო და ერთი პატარა ოთახი მომცენ.
ჩემს შვილიშვილს ერთი სათამაშოც არ აქვს,“ – ეს კიდევ ერთმა უსახლკარომ, მაყვალა ვაშაყმაძემ გვითხრა.

მაყვალა ვაშაყმაძე
უსახლკარო ადამიანების ნაწილს დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ხელახლა მიმართავენ განცხადებებით ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას.