ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

11.10.2024
„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია.

ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.

„14 აგვისტოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს  გადაწყვეტილების  ბრძანების შესაბამისად, „ამბასადორ ბათუმი აილენდს” ახალი ვალდებულებები დაეკისრა, ნაწილის შესასრულებლად  სამთვიანი პერიოდი მიეცა, მითითებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა არცერთი ვალდებულება ამ დრომდე  არ არის შესრულებული.

ამ ფონზე კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას ითხოვს,“ – განაცხადა აზა გაბუნიამ.

„ჩემთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის, ინფორმაცია ამ პროექტზე არის დამალული, დახურული,“ – ამბობს ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი და „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრი.

ვაჟა დარჩია და აზა გაბუნია

„ეს კუნძული საერთოდ ამოღებულია ბათუმის გენერალური გეგმის დოკუმენტიდან, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სამომავლოდ ქალაქის ურბანულ პოლიტიკას და მასში ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილია 2 მილიონ ლარზე მეტი.

წარმოუდგენელია ქალაქში შენდებოდეს ცალკე ქალაქი და ის არ იყოს ასახული დოკუმენტში, რომელიც ასახავს ქალაქის სამომავლო ურბანულ პოლიტიკას,“ – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ამ თემაზე:

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: