საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
„ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს განათლების სისტემაა. მგონია, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ადამიანების დაჩლუნგების პროცესს ემსახურება. როცა ერი იქნება განათლებული, არც ჩვენი მოტყუება იქნება მარტივი, არც უფლებების წართმევა და არც არჩევანის.
განათლებული ერი წარმართავს სახელმწიფოს და ინდივიდუალურ წარმატებასაც“, – გვეუბნება 21 წლის ნინო მელაძე, ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი.
„რა თქმა უნდა ვღელავ, ქვეყნის ბედი ხომ ჩემი ბედიცაა“, – ამბობს ნინო. წელს ის პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას.
სტუდენტის თქმით, ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მათთვის მისაღები მომავლის შესაქმნელად სწორედ არჩევნებში მონაწილეობაა:
„სტუდენტების სწავლის, განვითარების, პროფესიული განათლების, დამოუკიდებლობის, ძლიერი ერის შექმნის პოტენციალი. ამ ყველაფრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რისი შესრულებაც სტუდენტებს შეგვიძლია, ჩვენი ხმის დაფიქსირებაა”.

ნინო მელაძე, სტუდენტი.
ბევრი იმედგაცრუება დამიგროვდა და ქვეყნის წარსულ გამოცდილებებზეც კარგად ვიციო, გვითხრა სტუდენტმა.
„…მჯერა, რაც უფრო გაღელვებს შენი სამოქალაქო ვალის მოხდის აუცილებლობა და ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვა, მით უფრო მნიშვნელოვანია შენი ხმა.
ჩემი ახლო მეგობრების 99% დარწმუნებით ვიცი, რომ წავა არჩევნებზე. ბევრი დაბნეულობა და ნერვიულობა იგრძნობა ყველგან, ძირითადად არჩევანის სისწორეზე. ჩემი თანატოლების ნაწილი თვლის, რომ მათი არჩევნებზე გამოცხადება აუცილებელი არაა და არაფერს ცვლის. რაც შემიძლია მათ დასარწმუნებლად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ეს ნიჰილიზმი დიდხნიანი არასწორი პოლიტიკის ერთ-ერთი პროდუქტია“ – ამბობს ნინო.
ივეტა ბერიძე 19 წლისა და ბსუ-ს საჯარო მმართველობის მე-2 კურსზე სწავლობს. ივეტაც ღელავს, რადგან ეს არჩევნები მისთვისაც პირველია:
„ვაანალიზებ პასუხისმგებლობას, რომ უკვე ის მოქალაქე ვარ, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების პროცესებში აქტიურად ჩართვა. ამ არჩევნების შედეგი გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს. შესაძლოა, დადებითად, შესაძლოა უარყოფითად.
ჩვენ, ახალგაზრდებმა, ვიცით რა გვინდა და ვიცით, რომ ჩვენს ერთ ხმასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
არჩევნებზე წასვლა ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ძველად იმ ადამიანს იდიოტად მოიხსენიებდნენ ვინც პოლიტიკაში არ ერთვებოდა და ვფიქრობ, მართალიც იყო. არ ვამბობ, რომ იდიოტები არიან ნიჰილისტები, მაგრამ მაინც… ყველა მოქალაქე უნდა წავიდეს და დააფიქსიროს თავის ხმა, რომ მერე არ ჰქონდეთ პრეტენზია…”, – გვეუბნება ივეტა.

ივეტა ბერიძე, სტუდენტი.
როგორც ივეტასგან ვიგებთ, მისი მეგობრების უმრავლესობისთვის პირველი არჩევნებია და მის მსგავსად ღელავენ.
„პირველ რიგში მინდა, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხმამაღლა და თავისუფლად დავაფიქროთ ჩვენი პოზიციები, განსხვავებული ხედვები. არ მინდა, საბჭოთა კავშირში დავბრუნდეთ.
ვინც პირველად ვირჩევთ წელს, ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ და დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი“ – ამბობს ივეტა.
არჩევნებს პირველად დააკვირდება და ხმას მისცემს ბსუს-ს კიდევ ერთი სტუდენტი, 19 წლის სალომე ჯორბენაძე. ის ეკოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტია.
სალომე ხმას ხულოში, მის სოფელში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცემს და არჩევნებსაც ხულოში გახსნილ რომელიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდება.
სალომეს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა დამკვირვებლად დარეგისტრირებულიყო:
„ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები. ყველა უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ეს ჩვენ ცხოვრებას ეხება. ვიფიქრე, ჩემ წილ ვალდებულებას მოვიხდიდი.
მინდა სამართლიან გარემოში ვიცხოვრო და ამ გარემოს შექმნაში მეც ვმონაწილეობდე. ამიტომაც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად, ამიტომაც მივდივარ არჩევნებზე”, – ამბობს სტუდენტი.
სალომეს თქმით, სტუდენტების, ახალგაზრდების მონაწილეობას მოახლოებულ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
„ჩვენმა ხმამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი მომავალი გვექნება. პირველად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა არ ვღელავ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანატოლი მივა არჩევნებზე, რადგან ამ ყველაფერში ბევრი ახალგაზრდაა აქტიურად ჩართული.
ტრენინგებზე რომ ვაკვირდები, უამრავი ახალგაზრდა ვართ. ძალიან მახარებს მათი ენთუზიაზმის დანახვა. ჩემი ტოლა გოგონები ატარებენ ტრენინგებს და სხვებს უხსნიან არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად აჟიტირებული ვარ და აღარ ვნერვიულობ. ყველა პროცესში ჩართულები ვართ”.

სალომე ჯორბენაძე, სტუდენტი.
სალომე გვეუბნება, რომ მის გარშემო, ყველა მიდის არჩევნებზე. არჩევანის გაკეთებას აპირებს მისი ყველა კურსელიც:
„მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი თბილისში წავიდა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არჩევნებისას ჩამოვა და ხმას მისცემს. სერიოზულად აღვიქვამთ ამ პროცესში ჩვენი თანამონაწილეობის საჭიროებას და შესაბამისად, ახალგაზრდების მონაწილეობაც მაღალი იქნება, ვფიქრობ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ცოდნაც გვაქვს…”
სალომეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა:
„ეს მთავრობა უნდა გადადგეს, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენი ქვეყნის 50%-ზე მეტს ქალები შეადგენენ, ამიტომაა აუცილებელი მათი მონაწილეობა არჩევნებში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალი პოლიტიკოსების რაოდენობა მცირეა, მათი ამ პროცესში მონაწილეობა სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისა და თანასწორობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა”, – ამბობს სტუდენტი.
მარიამ გორგაძე ფსიქოლოგიის მე-4 კურსზე სწავლობს ბსუ-ში. ის 21 წლისაა. მართალია, ჩემთვის პირველი არჩევნებია, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, თუმცა ნამდვილად არ ვღელავო, გვეუბნება ის.
სტუდენტი ამბობს, რომ აქტიურად ადევნებს თვალს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიებს თვალს, რათა გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს.

მარიამ გორგაძე, სტუდენტი
„ამ ხელისუფლების პირობებში ახალგაზრდები ვწყდებით ევროპისკენ მიმავალ გზას. მშვენივრად ვიცით ისიც, თუ როგორი მავნებელია ჩვენთვის „ქართული ოცნების“ მიღებული რუსული კანონი. ასევე ვხედავ, რომ ამერიკიდან, ევროპიდან სხვადასხვა სანქციები მოდის თუნდაც უნივერსიტეტებთან, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში, მივიდეთ არჩევნებზე.
ჩემს გარშემო ყველა მიდის არჩევნებზე. ყველა ჩემთან ერთად იდგა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და ყველა აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე პროცესებში”, – გვითხრა მარიამმა.
სტუდენტს პირველ რიგში მოქალაქეების გაუსაძლისი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიმართულებით უნდა ცვლილება. ამბობს, რომ ყოველდღე უყურებს ადამიანებს, რომლებსაც ღირსების შემლახავ პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, რაც მასზე ძალიან მოქმედებს. ძალიან ბევრი ბავშვი ითხოვს მოწყალებასო – გვითხრა მარიამმა.
იგი ფიქრობს, რომ საქართველოში ქალების უფლებები ისედაც შელახულია და „თუ რუსულ რეჟიმს კიდევ ერთხელ ავირჩევთ, დავბრუნდებით ხანაში, სადაც ქალების სიტყვას ფასი საერთოდ არ ჰქონდათ და უბრალოდ გამრავლების ობიექტებად იყვნენ ქცეული”.
მარიამი ჩვენთან საუბრის ბოლოს იხსენებს, თუ როგორ ჩაუკეტეს სტუდენტებს უნივერსიტეტის შესასვლელი კარი რუსული კანონის გაპროტესტებისას – ჩემთვის წარმოუდგენელია უნივერსიტეტმა სტუდენტებს კარები დაუხუროსო – დასძინა მან.
ამავე თემაზე: