უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს:
„დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. კ–ს რაიმე ქმედებებს – შეუძლებელია.
მიუხედავად ნ. მ–ს მტკიცებისა, რომ მეუღლე სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად, რადგან მას ოჯახის შენარჩუნება სურდა, ლ.-მ კი ორსული მიატოვა, რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდა და ნაადრევად იმშობიარა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მონათხრობს დაადასტურებდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მამუკა ვასაძემ 2024 წლის ივლისში მიიღეს. ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის სექტემბერში გამოიტანა.
საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს შველა საჯაროდ, სოციალურ ქსელში უთხოვია. განცხადება კონკრეტულ პირს უნახავს და პოლიციისთვის მიუმართავს. სასამართლო განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს „გაჩენილ ეჭვებზე“, რადგან პოლიციას საშველად უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა კი არა, სხვა პირმა მიმართა, რომელიც შემდეგ მოწმის სახით დაუკითხავთ.
„აქვე საყურადღებოა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულის, არამედ – მოწმის სახით დაკითხული თ. თ–ს განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში ნახა ნ. მ–ს საჯარო შეტყობინებები 2022 წლის თებერვალსა და აპრილში მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. კ–ს სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
მას შემდეგ, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, რუსთავის პროკურატურის პროკურორს, ლაშა მერაბიშვილს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. პროკურორმა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ბრალდებული კაცის დამნაშავედ ცნობა.
„…გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. მ–მა დაადასტურა, რომ ლ. ორსულობის პერიოდში ძალადობდა მასზე, რის გამოც, ნაყოფმა შეწყვიტა ზრდა და მკვდრად იშვა.
დაზარალებულის მონათხრობი თანხვდენილია დედამისის – ჟ. მ–ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ლ. კ–ს მათ სახლში გამოჩენა ყოველთვის უკავშირდებოდა მის ქალიშვილზე ძალადობას. მოწმე მ. წ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ი 2022 წლის თებერვალ-აპრილში ნამდვილად იყო ორსულად და მასთან გადიოდა კონსულტაციას. აპრილში გამოიკვეთა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა.
დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ასევე მიუთითებს ლ. ს მიერ ოჯახური დანაშაულების ჩადენას,“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კაცს პროკურატურამ ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში დასდო წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
„…საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. კ.-მ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ.-ს გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.
„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. კ.–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ბოლო წლებში საიას სასამართლოების მონიტორინგიც აჩვენებს ტენდენციას, რომ სასამართლოში მკვეთრად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოსამართლეები ხშირად გამამართლებელი განაჩენის მიღების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაზარალებული ქალი სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს და დუმილს არჩევს.
ამ შემთხვევაში კი დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია.
___
ამ თემაზე:
კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან






