მთავარი,სიახლეები

EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოა

10.10.2024
EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოა

„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს.

დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რითაც გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა. ცვლილებები შევიდა 2023 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ განკარგულებაში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა.

განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში დროებით, 90 დღეზე მეტი ხნის ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი განმარტავს, რომ აქამდე, კონკრეტულად ამ კატეგორიის [შრომითი მიგრანტები და სტუდენტები] საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ ვიზის გარეშე რუსეთში შესვლის ან რუსეთი დატოვების უფლება.

დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

„ამიერიდან მოქალაქეთა მითითებულ კატეგორიებს შეუძლიათ ეწვიონ რუსეთს „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დაბრუნებისთვის)“, – წერს ინტერფაქსი.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გაჩერება შეუძლიათ გადაბმით -365 დღის განმავლობაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: