ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.
„ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის.
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო კახა, რას აჩვენებს ევროპარლამენტისგან მკაფიო გზავნილი „ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე“?
ეს ტერმინი „გადაბარება“ არ უნდა იყოს აპრიორი ისე გაგებული, თითქოსდა „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს და სხვა მოვა. ევროპარლამენტისთვის მთავარია, არ იყოს წინააღმდეგობა, როცა ძველი ხელისუფლება ამთავრებს ფუნქციონირებას და ახალი მოდის.
არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული და არ უნდა იყოს წინააღმდეგობა ხელისუფლების გადაბარებაზე. მათ ეს სიმპტომები დაინახეს – „ქართული ოცნება“ შეიძლება გაუძალიანდეს ნებისმიერი სახის ცვლილებას.
- ევროპარლამენტი მომხრეა ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირების. შესაძლოა, არჩევნებამდე დაასანქცირონ ივანიშვილი?
არჩევნებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეეცდებიან, არ შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში სანქციების გამო – შესაძლოა, განაწყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ აღარ შემოუშვას დამკვირვებლები ქვეყანაში და აბსოლუტურად შეიცვალოს გარემო.
ევროპარლამენტის რეზოლუცია უფრო გაფრთხილებაა, ეს არის ევროკავშირის განწყობის მაჩვენებელი. საუბარია არა მარტო განწყობაზე, არამედ იმაზე, რეალურად რა მოხდება არჩევნების შემდეგ.
რეალურად არჩევნებამდე არანაირ სანქციებს არ დააწესებენ, რადგან მთავრობები მოქმედებენ არა განზრახვებით, არამედ მიზანშეწონილობით – ამ დროს ძალიან ბევრი რამ იწონება, მათ შორის, სტაბილურობა არჩევნების დროს.
- თქვენ აღნიშნეთ „გაფრთხილება“. რა შედეგზეა გათვლილი ევროპარლამენტის ასეთი მკაცრი გაფრთხილება?
ევროპარლამენტი აჩვენებს, რომ მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები „ქართულ ოცნებასთან“ გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა და მოაქციონ იზოლაციაში მთელი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები. მეორეა ის, რომ ოპოზიცია შეაგულიანონ და რაც მთავარია: მოსახლეობას მკაფიოდ დაანახონ , რომ რა სისულელეებსაც ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, აშშ-ს შესახებ, არ რჩება ევროკავშირს უყურადღებოდ. ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველოში ამომრჩეველს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
როდესაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს და რაღაცას აბრალებს ევროკავშირს, თუ ის უპასუხოდ დარჩება, ამ მანიპულაციამ შესაძლოა გაჭრას. ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოში საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს „ქართულ ოცნებასთან“.
- რა გამოჩნდა „ქართული ოცნების“ რეაქციებიდან, მათთვის რამდენად ანგარიშგასაწევია ევროპარლამენტის გაფრთხილება?
შეუძლია „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაუწიოს ანგარიში, მაგრამ მოიმკიან ქარიშხალს. ევროპარლამენტი სახუმარო არ არის. ის ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია თავისი რანგით. ევროპარლამენტის უგულებელყოფა ისევ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაა.
- რეზოლუციაში ამჯერადაც მოხვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლების საკითხი. ამ მოთხოვნის გააქტიურება რას უკავშირდება?
მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მოქმედებს პარტიული სოლიდარობა. ევროპის სახალხო პარტია უდიდესი ფრაქციაა ევროპარლამენტში და, როგორც ჩანს, მოითხოვეს კატეგორიულად, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციაში.
- ფიქრობთ, რომ რეზოლუციაში მითითებულ სხვა საკითხებსაც არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“? მაგალითად, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დაშინება, ან შეწყდეს ანტიდასავლური გზავნილები…
საქართველოს ხელისუფლება არჩევნებამდე არაფერს არ გააკეთებს. არჩევნების შემდეგ კი, იმედი გამოვთქვათ, რომ ხელისუფლება შეიცვლება. თუ არ შეიცვლება ხელისუფლება, უკვე სხვა პირობებში აღმოჩნდება ქვეყანა. შესაძლოა, ევროკავშირმა საერთოდ დახუროს ურთიერთობები საქართველოსთან.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები, „გორბის“ კვლევას თუ არ ჩავთვლით, რაც მართლაც ძალიან არასერიოზულია, აჩვენებს, რომ ოპოზიცია იგებს ჯამურად ამ არჩევნებს. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მივიღებთ სხვა სახის რეზოლუციებს, რომელიც იქნება ბევრად მწვავე. მივიღებთ სანქციებსაც.
შესაძლოა, შეჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაც, რადგან არავინ დაიჯერებს დასავლეთში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციებისა და ძალადობის გარეშე მოახერხა ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადით.
- ევროპარლამენტი ასე ხედავს „ქართული ოცნების“ შანსს, რომ ის არჩევნებს აგებს?
კი, რეზოლუციაში ეს იკითხება.
თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში და გააჯანჯლებს ხელისუფლების გადაცემას, შექმნის ბარიერებს და გამოიყენებს ძალადობას, მაშინ ჩვენ უკვე გვექნება სხვა რეაქცია ევროკავშირიდან. მაშინ იქნება სანქციები ევროკავშირიდან.
თუ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ გადასცემს ოპოზიციას ხელისუფლებას, ჩვენ მივიღებთ სულ სხვა ვითარებას და ვნახავთ საქართველოს სწრაფ დაახლოებას ევროპასთან, ამ შემთხვევაში შესაძლოა, „ქართული ოცნებაც“ დარჩეს ოპოზიციის სახით პარლამენტში.
ბევრი სცენარია, რომლის წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში. ჩემი აზრით, სანქციები იქნება მიღებული ყველა შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში.
- ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ესე იგი, არჩევნები გაყალბდა?
კი, ამას ნიშნავს, რომ მან გააყალბა არჩევნები, გამოიყენა რაღაც ისეთი მეთოდები, ძალადობრივი, რომლითაც მიიღო ეს შედეგი. ისინი უყურებენ კვლევებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ოცნებას“ დიდი ჩამორჩენა აქვს.
ამავდროულად, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამის აღიარებას. ის ეძებს გზებს გაყალბებისთვის. ეს რომ ასე არ იყოს, არ დაიწერდა 60 %-ს „გორბის“ მეშვეობით. ის ამზადებს თავის ამომრჩეველსაც იმისთვის, რომ შემდეგ თქვას, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გამოკითხვის შედეგს დაემთხვა არჩევნების შედეგიო.
ეს ყველაფერი ძაბავს სიტუაციას და ძაბავს პოლიტიკოსებს ევროკავშირშიც. მათაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას.
ევროკავშირი გვეუბნება, რა მოხდება, თუ მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს ამომრჩეველი მხარს დაშინებით და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეუწყდება ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. საზოგადოებამ უნდა მოინდომოს მოგება. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამის თქმა, რომ სტატუს-კვო ამ შემთხვევაში ვერ შენარჩუნდება – წავა გაუარესებისკენ.
- რა ბერკეტია ევროკავშირის ხელში სანქციები, ეს შეაჩერებს ივანიშვილს?
რეზოლუციაში ჩანს, რომ ევროკავშირი მზადაა, ივანიშვილს დაუწესონ ძალიან სერიოზული სანქციები. რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს ორბანის და ფიცოს იმედი, მაგრამ ეს არის ამ ეტაპის მოცემულობა. თუ არჩევნები გაყალბდა საქართველოში და ევროკავშირმა პრაქტიკულად დაკარგა საქართველო, ეს იმდენად სერიოზული საკითხია, როგორც აიძულეს ორბანს უკრაინასთან მიმართებით დათმობაზე წასულიყო, იგივე მოხდება აქაც.
იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საქართველო, ივანიშვილი ვერ გაექცევა ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებს. ამის ჩვენება, რა თქმა უნდა, ღიად და დაუფარავად ხდება ამ რეზოლუციით და იმით, რომ 17 ოქტომბერს ასევე იქნება ევროსაბჭოს დასკვნაც საქართველოზე.
ამ მინიშნებამ გარკვეულწილად შესაძლოა დააფიქროს ივანიშვილი: ღირს თუ არა არჩევნების გაყალბება მასშტაბურად, ღირს თუ არა ხელისუფლების უზურპაცია.
- გამოდის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა იძალადოს, სხვაგვარად ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება?
კი, უნდა იძალადოს, შედეგად კი ის დაკარგავს მთელ ფინანსურ სახსრებს, რაც გააჩნია, მისი ბიზნესი ბევრი დაიხურება, ინვესტორებიც დაიწყებენ ფულის გატანას. ამ შემთხვევაში, ივანიშვილი ჩამოეკიდება რუსეთის ბიზნესგარემოს, რაც მას რეალურად არ სურს.
ეს იმოქმედებს საინვესტიციო კლიმატზე, პროექტებზე, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი დარჩება, რომ აი, ომში მყოფ რუსეთს ბოლომდე ჩაეხუტოს. ეს იქნება კატასტროფა ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკურად რუსეთიც გაჭირვებულ დღეშია.
მოსახლეობაც გაახელს თვალს და დაინახავს, რაც ხდება. ამ კატასტროფაზე თავის არიდება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით: ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს, რასაც ეუბნებიან ივანიშვილს ამ რეზოლუციაში.
სხვა შემთხვევაში ვითარდება ძალიან ცუდი სცენარით ვითარდება მათთვის და საქართველოსთვისაც.
- გამოდის, ჩიხშია ივანიშვილი? ევროკავშირი მასთან პარტნიორობას გამორიცხავს, რუსეთმა კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არცკი განიხილებაო…
დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა. ივანიშვილმა თავისი თავი შეიყვანა ჩიხში, თუმცა მას იმდენი ფული აქვს, სადღაც შეაფარებს თავს. მისი პარტიის წევრები, პარტნიორები, ვინც ხელი მოითბეს, ისინი დარჩებიან მოწყვლად მდგომარეობაში.
ამ კონტექსტში მთელი „ოცნება“ აღმოჩნდა ჩიხში.
- თქვენ ახსენეთ უზურპაცია. როგორ შეძლებს ივანიშვილი ძალაუფლების მისაკუთრებას, თუ მას ქვეყნის შიგნით არ ექნება მხარდაჭერა და არც ქვეყნის გარეთ რუსეთის გარდა?
საქართველოში ძალაუფლების უზურპაცია დღევანდელ დღეს მარტივად ვერ მოხდება, თუ არ იქნება რუსეთიდან ძალიან დიდი ჩარევა. ეს კი დროებითი და ცუდი გამოსავალია, რადგან რუსეთი აგებს ომს.
ვგულისხმობ მოდელს, რაც გაითამაშა ლუკაშენკომ ბელარუსში, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოების დიდმა რაოდენობამ: ჟურნალისტებმა, ოპოზიციონერებმა დატოვეს ქვეყანა, ან მოხვდნენ ციხეებში… ასეთი სცენარი საქართველოში საეჭვოა, რადგან ბელარუსში მოსახლეობის 50 % ეთნიკურად რუსია. მათი იდენტობა უფრო რუსულია, ვიდრე ის, რომ ევროპაში უნდათ. მათთვის რუსებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ღირებულებები. საქართველოში კი ასე არაა, არავის არ უნდა საქართველოში რუსეთის ნაწილი გახდეს საქართველო.
თუ ამ გზას აირჩევენ, ცუდ მდგომარეობაში ჩადგებიან, რადგან მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. არანაირი მხარდაჭერა საქართველოს რუსიფიკაციას არ ექნება ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, რუსული ინტერვენციის შემთხვევაში არც ჯარი არ გაჩერდება და მოითხოვს წინააღმდეგობის გაწევას.
ეს გზა არ იმუშავებს საქართველოში ბელარუსისგან განსხვავებით, თუმცა დიდ პრობლემებს კი შეუქმნის ქვეყანას. რაღაც მომენტში რუსებმა აღარც კითხონ შეიძლება ივანიშვილს, ისე აიღონ ხელში მმართველობა. თუმცა რუსეთი ახლა დასუსტებულია საკმაოდ.
ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერის გარეშე, რუსეთმა რომ დააპიროს ინტერვენცია და მარიონეტული რეჟიმის ძალით დამკვიდრება, ეს მათთვის ძალიან სარისკო შეიძლება იყოს, რადგან მარტივად ამის ძალა მას შეიძლება არ ეყოს. სამხედრო ძალაც შეიძლება არ ეყოს. არა მგონია, რუსები მაინცა და მაინც ასეთ სცენარზე გაჰყვნენ ივანიშვილს.
ივანიშვილსაც ურჩევნია, ისევ ივაჭროს დასავლეთთან, რომ არ დაუწესონ სანქციები და ყველაფერი არ წაართვან. ამიტომაც, მას შეუძლია თქვას, რომ დარჩება საქართველოში და უბრალოდ პოლიტიკას შეეშვება, ან წავა საქართველოდან და დარჩება თავისი ბიზნესები.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დავალებას შეასრულებს მთლიანად, ივანიშვილი რისკის ქვეშ დგება – პრაქტიკულად უნდა დაკარგოს ყველაფერი, რაც აქვს დასავლეთში, რუსეთი კი არ არის ადგილი, სადაც იფიქრებ, რომ აი, რუსებთან გავაგრძელებ ცხოვრებას არხეინად. ვხედავთ, რომ რუსეთი უკვე ართმევს ბევრ ოლიგარქს ფულს საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. ივანიშვილმა იცის, რომ პუტინი მასაც წაართმევს ფულს, რადგან მას თავისი იდეაფიქსი აქვს: უნდა ომი მოიგოს უკრაინაში.
ამიტომაც, არ მგონია, რომ ივანიშვილს აწყობდეს მთლიანად რუსეთზე ჩამოკიდება.
- თქვენი აზრით, თავად რუსეთმა რატომ შეუწყო ხელი ივანიშვილს ახალი პოლიტიკური მანიპულაციის შექმნაში? ივანიშვილმა თქვა, ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ლავროვმა კი, ეს საკითხი არ განიხილებაო.
იმიტომ, რომ რუსეთი ახლა ბევრად უფრო დარდობს სტაბილურობაზე ჩრდილო კავკასიაში. აფხაზეთი და ოსეთი მას სჭირდება ჩრდილო ოსეთის ლოიალურობისთვის. თუ რუსეთი ასე მარტივად უღალატებს აფხაზებს და ოსებს, რუსეთის მხარდაჭერით შეიქმნა ეს მისწრაფებები დამოუკიდებლობაზე, მაშინ რუსეთმა შეიძლება მიაყენოს საკუთარ თავს ზიანი. რუსები ფიქრობენ, რომ ახლა წამგებიანია საქართველოსთან ისევ რაღაც ავანტიურისტული თამაში გააბან.
ეს ძალიან ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მათ აღარ აქვთ ევროინტეგრაციის საპირწონე იდეა – მაგალითად, სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვიბრუნებთ. ამ არჩევნებზე „ოცნება“ დავით-გარეჯის გარეშე დარჩა, რამაც მას წინა არჩევნები მოაგებინა. ეტყობა, აზერბაიჯანელებმაც დაუქნიეს თითი საქართველოს მთავრობას, ხომ არ გაგიჟებულხართო. აფხაზეთსა და ოსეთზე კი, ყველა უკვე კარგად მიხვდა, რომ „ოცნების“ გზავნილები ბლეფია.
რუსეთს უკრაინაში რეალურად ძალიან უჭირს. მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოში ახალი კონფლიქტის დაწყება კი, მარტივი საკითხი არ არის. რუსები იმასაც ხვდებიან, რომ მცირედი დახმარება საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ უშველის. შესაძლოა, რუსები უკვე ეძებენ ახალ გზებს ახალ ხელისუფლებასთან. ისინი სააკაშვილსაც არ უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მოდის ხელისუფლებაში, ივანოვი გამოუგზავნეს.