„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ ღონისძიებაზე მისაყვანად ხალხს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგროვებს.
ამის თაობაზე დღეს, 9 ოქტომბერს, პარტიაში ბრიფინგი გამართეს.
პარტიის წევრის, ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში ხელმძღვანელები დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ აღრიცხავენ, თუ ვინ დაესწრება და ვინ არა პარტიულ შეხვედრას:
„ამაზე ინფორმაცია ამ სტრუქტურებში დასაქმებულმა ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს, თუმცა მათ დაფიქსირება არ სურთ, რომ სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ“ – განაცხადა ნიკა ქაშიძემ.
მისი თქმით, „ხელისუფლება ცდილობს ძალადობით გამოიყვანოს ხალხი ივანიშვილთან შესახვედრად. საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებზე, სკოლების მასწავლებლებზე და საჯარო მოხელეებზე ახორციელებენ ზეწოლას, რომ 10 ოქტომბერს წავიდნენ ქართული ოცნების აქციაზე.
ზეწოლა ხორციელდება მუნიციპალიტეტების მერების, მინისტრების, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, რესურსცენტრების ხელმძღვანელების, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელების მხრიდან.
გუშინ თორნიკე რიჟვაძე შეხვდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელს და უშუალოდ გასცა დავალება, რათა ყველა საჯარო მოხელე გავიდეს ივანიშვილთან შესახვედრად.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუდენტს, მასწავლებელსა და საჯარო მოხელეს, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე და აქციაზე გასვლაზე.
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეფასება მიეცეს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე.






