მთავარი,სიახლეები

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

20.01.2022 • 2252
როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„ის ხშირად მიმეორებს: შენ რომ მოგკლავ, მაშინ მოვრჩებიო… არადა, კარგი ადამიანია. ზოგჯერ ასეა. მართლაც რომ დამარტყას? მერე დაიწყებენ გამოძიებას, არა? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ან საერთოდ გამოიძიებენ თუ არა რამეს?“- კითხულობს ნანა გ. მის ქმარს დაახლოებით 15 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ნანამ არ იცის, როგორ იმოქმედოს ისე, რომ მას და გარშემომყოფებს საფრთხის განცდა აღარ ჰქონდეთ და იმავდროულად არც მისი ქმრის უფლება დაირღვეს.

„განსაკუთრებით წინააღმდეგია სტაციონარში გადაყვანაზე, ვერ დაარწმუნებ. ჩვენც არ გვინდა საავადმყოფოში გადავიყვანოთ, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვხდებით,“ – ამბობს ნანა.

ნანამ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩვენთვის მოეწერა, როცა გასული წლის დეკემბერში ზედიზედ ორი ტრაგედიის შესახებ შეიტყო – ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. რამდენიმე დღეში თბილისში კაცმა ფეხმძიმე ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. არც ისაა ცნობილი, რა მომსახურებას იღებდნენ ისინი, თუკი ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდათ. ორივე შემთხვევაში ბრალდებულების ახლობლებმა მედიაში თქვეს, რომ მათ ფსიქიკური ხასიათის პრობლემა ჰქონდათ.

უკვე ხუთი წელია, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სტაციონარში მოთავსება არ სჭირდებათ [როცა მდგომარეობა მწვავე არ არის], მობილური გუნდები მათ ადგილზე – ამბულატორიაში, ან ბინაზე ემსახურებიან. ეს სერვისი ითვალისწინებს ადგილზე ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ექთნის და სოციალური მუშაკის მომსახურებას, მდგომარეობის თვეში მინიმუმ 3-ჯერ შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, ასევე საჭირო მედიკამენტებით მომარაგებას.

თუმცა რასაც ნანა გ. გვიყვება, აჩვენებს მინიმუმ კომუნიკაციის პრობლემას მოცემულობაში, როცა პაციენტი წლებია პერიოდულად სტაციონარულ მომსახურებას იღებს.

„…როცა სტაციონარში ვაწვენთ, მალევე კარგად ხდება და ორი კვირის შემდეგ წერენ, მისი უფლება დაირღვევა, კიდევ აქ რომ გავაჩეროთო,“ – განაგრძობს ნანა გ. ის ირწმუნება, ამ მობილური გუნდების და ბინაზე მომსახურების შესახებ პირველად „ბათუმელებისგან“ გაიგო.

„ბოლოს ჩემი ქმრის ექიმს 3 იანვარს მივწერე სოციალური ქსელით. სტამბოლში ვმუშაობ პერიოდულად, ახლაც აქეთ ვარ და ვწერდი, ეს თურქული მედიკამენტი ხომ არ იქნება უკეთესი ჩავანაცვლოთ-მეთქი, პასუხი არ გაუცია ამ დრომდე. მუდმივად ვითხოვ ექიმისგან ყურადღებას, რადგან ჩემს ქმარს ყველაზე მეტად ექიმის სჯერა. ექიმი თუ ეტყვის, რომ ნემსი უნდა გაიკეთოს, გაიკეთებს.

ის ხშირად წამლების მიღებაზეც უარს ამბობს. ექიმები ჩემთან მოდიან კი არა, ტელეფონითაც არ რეკავენ. როცა მივმართავ დასახმარებლად, მპასუხობენ, რომ მათი ვალდებულება არაა პაციენტს რამე უთხრან. მპასუხობენ, რომ თუკი აგრესიულია, პატრულს მივმართო და სასწრაფო მიიყვანს საავადმყოფოში,“ – გვიყვება ნანა გ.

„პაციენტი თუ უარს ამბობს, ჩვენ არ გვაქვს დაძალების უფლება. ეს არის ნებაყოფლობითი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკა ზოიძე, BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ის ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდა იმაზე, თუ რატომ არ არის ჩართული მობილური გუნდებით უზრუნველყოფის პროგრამაში კაცი, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. აჭარის რეგიონში ამ კლინიკას აქვს ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების სერვისი, როგორც სტაციონარის, ასევე მობილური ჯგუფების დონეზე.

ეკა ზოიძე განმარტავს, რომ მობილურმა გუნდმა სხვადასხვა ფორმით, აქტიურად უნდა სცადოს ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა,  თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია – ბოლო მონაცემებით, აჭარის რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის აქტიური შემთხვევაა 3 ათასი [რაც აღრიცხულია]. ეკა ზოიძე ამბობს, რომ აქტიური შემთხვევების დაახლოებით 1 პროცენტია ამ დროისთვის სერვისის მიღმა, ანუ 30 ადამიანი.

„ამიტომაც გვყავს ფსიქოლოგი, რომ მან იმუშაოს დარწმუნების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების პოზიცია. ხშირად ისინიც ხელს გვიშლიან იმაში, რომ ბენეფიციარი პროგრამაში ჩავრთოთ… აქტიური უნდა იყვნენ თვითონაც, ჩვენ ვერ შევვარდებით ოჯახში, ამის უფლება არ გვაქვს,“ – გვითხრა ეკა ზოიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 მობილური გუნდი მუშაობს, მათ შორის, 8 აჭარაში. BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ თითოეული გუნდი 50 პაციენტს ემსახურება. სამი გუნდი ბათუმში მუშაობს, დანარჩენები კი, მუნიციპალიტეტებში.

თითოეული გუნდის ბიუჯეტი თვეში 7800 ლარია. ამ თანხის 35 პროცენტი პაციენტების მედიკამენტებზე იხარჯება, დანარჩენი – პერსონალის ხელფასებისთვის, ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის, სხვა ხარჯებისთვის.

„ეს თანხა არაა საკმარისი, მით უფრო იმ ფონზე, როცა წამლები ძალიან გაძვირდა. ხელფასი ექიმს გამოსდის დაახლოებით 800 ლარი, ისიც გამოწერით,“ – რეალობას აღწერს „ფსიქიატრთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი ეკა ჭყონია, რომელიც თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს და მობილურ გუნდებს ხელმძღვანელობს.

ეკა ჭყონია რამდენიმე პრობლემას გამოყოფს, რაც მისი დაკვირვებით ხელს უშლის პროგრამის ეფექტურობას:

„ეს უკავშირდება ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტების დეფიციტსაც… ძირითადად ეს ექიმები მუშაობენ სტაციონარშიც. წარმოიდგინეთ მინიმუმ 40 პაციენტთან სტაციონარს გარეთ ურთიერთობა და თვეში მინიმუმ სამჯერ მონახულება.

ამ დრომდე არ გვაქვს კრიზისული მართვის ცენტრი, ანუ როცა სტაციონარში ადგილი არ არის, ან სხვა სირთულეა და გადაგყავს პაციენტი უსაფრთხო ადგილზე.

ეს პაციენტებიც, რომლებსაც მობილური გუნდები ემსახურებიან, რეალურად მძიმე პაციენტები არიან. ფაქტობრივად, გუნდი უნდა აკვირდებოდეს, ხომ არ მძიმდება ვითარება. ასეთ შემთხვევაში მობილურმა გუნდმა უნდა მოახდინოს პაციენტის სტაციონარში გადაყვანის ორგანიზება,“ – გვიმარტავს ეკა ჭყონია.

BMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკა ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსება და ადამიანური რესურსი მხოლოდ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში არაა საკმარისი. ის ასევე ელოდება ქობულეთში მობილური გუნდის დამატებას.

„არის ამის საჭიროება, ანუ, მაგალითად, ბენეფიციარი ამბულატორიაში ცხადდება, იღებს მედიკამენტს, მაგრამ ტრანსპორტირების გამო ვერ მოდის ზოგჯერ, ან უდროობის გამო… ზოგს ურჩევნია, არ მივიდეს ამბულატორიაში არსებული სტიგმების გამო, ურჩევნია ოჯახში, ან ცალკე შეხვდეს სპეციალისტებს. უყურადღებოდ არ არიან ისინი, მაგრამ უმჯობესი იქნება, რომ ჩავრთოთ ისინიც მობილური გუნდების პროგრამაში,“ – აღნიშნა ეკა ზოიძემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ 2021 წელს მომზადებულ კვლევაში „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ აღნიშნულია, რომ „სერვისებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო მწვავედ განიცდის ადამიანური რესურსების ნაკლებობას. ფსიქიატრების რაოდენობა ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, რაც აბსოლუტურ ციფრებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიხატება სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით.“

ექიმი-ფსიქიატრები ამ პრობლემას ადასტურებენ, თუმცა, მაგალითად, ეკა ზოიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ბათუმი გამონაკლისია, სადაც ახალი თაობა სამუშაო სფეროდ ფსიქიატრიას ირჩევს.

„ჩვენს ამბულატორიაში 9 ფსიქიატრი ვართ, აქედან 5 ექიმი 40 წელს ქვემოთაა,“ – დასძინა ეკა ზოიძემ.

უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით კანონში პრობლემა არ გვაქვს და ამოსავალი პაციენტის სურვილია – ნების გარეშე პაციენტის ჩართვა მკურნალობაში, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ არსებობს.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირს მხარდამჭერი პირი უნდა დაუნიშნონ, თუმცა ისიც მოკლებულია შესაძლებლობას, მაგალითად, პაციენტს მედიკამენტი იძულებით მიაღებინოს.

„ხარისხიანი მომსახურების საცხოვრებელთან ახლოს მიწოდება,“ – ეს საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ სამოქმედო სტრატეგიაში წერია. სპეციალისტები წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ იმას, რომ სტრატეგიაში გაიწერა მონიტორინგიც – მთავრობა უკვე ვალდებულია შეამოწმოს რამდენად ეფექტურად მუშაობენ მობილური გუნდები.

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია გვიზიარებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ფრანგ სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოს ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარნენ.

„მაგალითად უკვირდათ ის, რომ ორიგინალი ფსიქოტროპული მედიკამენტები საფრანგეთში ღირს უფრო იაფი, ვიდრე აქ ჯენერიკები. ჩვენთან ჯერ კიდევ ძველი თაობის პრეპარატებია ბაზარზე. ზოგი მედიკამენტი საერთოდ არ იშოვება. მე ვერ გავიგე მიზეზი, რატომ არ იშოვება,“ – აღნიშნა ეკა ჭყონიამ. ის გვიმხელს, რომ რეალურად მაღალი ხარისხის მედიკამენტები ძალიან ძვირია და მისი შეძენა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვერ ხერხდება.

შესაბამისად, მწვავე პრობლემაა ხარისხიანი ფსიქოტროპული მედიკამენტიც.

„მაგალითად, რისპერიდონის პროლონგი, რომელიც ახალიც არ არის, 25 წელია, რაც არის უკვე ბაზარზე, ერთი თვის დოზა ჯდება 200 დოლარამდე. ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გადაიხდის, ოჯახებსაც ამის შეძენა უჭირთ… ჩვენს სააფთიაქო ქსელში მაღალი ხარისხის ფსიქოტროპული მედიკამენტები საერთოდ არ შემოდის,“ – გვითხრა ეკა ჭყონიამ

„თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კადრების დეფიციტსა და არასაკმარის კვალიფიკაციას, გარკვეულ კითხვებს იწვევს, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობენ გუნდები; რამდენად პასუხობს პირის ფსიქო-სოციალურ საჭიროებებს, რამდენად კოორდინირებული და ინტეგრირებულია სხვა მომსახურებასთან და რამდენად დაკმაყოფილებულია პერსონალის
პროფესიული გადამზადების საჭიროებები. პროფესიონალთა აზრით, გუნდების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით რეკომენდებულ რაოდენობასთან თანხვედრაშია და შემდგომ ეტაპზე მომსახურების ხარისხისა და გუნდების პროფესიონალიზმის ამაღლებას უნდა დაეთმოს ყურადღება,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ამ კვლევიდან:

„მკაფიო პოლიტიკური ხედვის არარსებობისა და მწირი დაფინანსების შედეგია, რომ ქვეყანაში დღის ცენტრების, კლუბების, პროფესიული გადამზადების ცენტრების, სოციალური საწარმოების მწვავე დეფიციტია და არც შესაბამისი
პროფესიონალები არსებობენ. მრავალ ქვეყანაში მსგავსი ცენტრები ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ გამოინახოს დამატებითი სახსრები და სერვისები ლოკალურ საჭიროებებს მოერგოს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: