განათლება,მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

09.10.2024 •
„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო.

ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში ჩათრევაზე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, კობალაძის ქუჩაზე, სპორტულ მოედანზე ესაუბრა.

რატომ აშინებს „ოცნება“ ბავშვებს ომით და რატომ ჰყავთ ისინი ასე აქტიურად ჩართული იმ აგრესიული პროპაგანდის მსმენელებად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აწარმოებს?

„ბათუმელები“ ტიტე აროშიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა იყო ბავშვების ომით დაშინების მიზანი.

რატომ აშინებთ მცირეწლოვნებს ომით, რატომ ესაუბრებით მათ ტყვიის გავარდნაზე, ომი იწყება ქვეყანაში, თუ ბავშვები თქვენი ამომრჩევლები არიან? – ვკითხეთ მას სატელეფონო საუბრისას.

„ჯერ აიღეთ ნებართვა, რომ ინტერვიუს მართმევთ? მკითხეთ, რომ ინტერვიუ მინდა? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს“, – გვითხრა ტიტე აროშიძემ და ტელეფონი გათიშა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციის პროცესში აჭარის მთავრობის მინისტრებიც დაჰყვებიან. მაგალითად, ტიტე აროშიძის გვერდით იმ დროს, როცა ის ბავშვებს ტყვიის გავარდნაზე ელაპარაკებოდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც იდგა.

შესაბამისად, „ბათუმელებმა“ მასაც ჰკითხა, რამდენად გამართლებულია ბავშვებთან ომსა და ომით გამოწვეულ ტრავმებზე საუბარი? რამდენად მისაღებია მისთვის, როცა პოლიტიკოსები ამ ლექსიკით ესაუბრებიან ბავშვებს, თუნდაც არჩევნების წინ.

ნინო ნიჟარაძეც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„შეხვედრას ესწრება ყველა ასაკის ადამიანი და ყველა თემაზე არის ხაზგასმა. კონკრეტულად ბავშვებს ომზე არავინ ესაუბრება“, – გვითხრა მან.

დავუკავშირდით აჭარის განათლების მინისტრსაც, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, თუმცა მაია ხაჯიშვილმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მინისტრს ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ვკითხეთ, რამდენად ამართლებს ის იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მათი ფსიქიკისთვის მატრავმირებელ თემაზე ელაპარაკება?

თუმცა მაია ხაჯიშვილმა ამ კითხვებს არც წერილობით უპასუხა.

ბათუმის მერი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც ბავშვებს ომსა და „ტყვიის გავარდნაზე“ ესაუბრებიან/ფოტო: „ბათუმელები“.

ადამიანის უფლებების ადვოკატი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვებს აქვთ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები და მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები.

იმავე სამართლის თანახმად, უფროსები ვალდებულები ვართ, მათი პოლიტიკური უფლებები დავიცვათ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სამართლის ნორმისა და კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებების დაცვას. თუმცა ის, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზეა ასახული, უხეშად არღვევს ბავშვთა უფლებებს.

„ეს არის ბავშვის სამოქალაქო, პოლიტიკური უფლების დამახინჯება, რადგან თუ ბავშვს მისთვის შეუსაბამო ინფორმაციას შეუსაბამო ფორმით და გაუგებრად აწვდი, ეს ნიშნავს, რომ არღვევ მის სამოქალაქო  უფლებებს. ბავშვს არ ესმის რაზეა ლაპარაკი, მისთვის გაუგებარი ფორმატით აწვდი, პირდაპირ არ მიმართავ მას. კადრებში ვხედავთ, რომ უფროსებისთვის გათვალისწინებულ ტექსტს ეუბნება ბავშვებს და ამით არღვევს მათ სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, მსგავსი ფორმით ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება არასწორია, რადგან მათ ვესაუბრებით დამაშინებელი კონტექსტით, „რომელიც ასევე ძალიან ახლოსაა დეზინფორმაციასთან“.

„ჩვენ, ევროკავშირისგან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ომის რიტორიკა არ არის დასაბუთებული და ეს არის ყალბი ინფორმაცია.

შესაბამისად, გამოდის, რომ რადგან ბავშვი პატარაა და ვერ გეწინააღმდეგება, ვერ გისვამს კრიტიკულ კითხვებს, ამით სარგებლობ და ამიტომ არის ეს ბავშვის უფლებების დარღვევა.

მესამე ასპექტია ის, რომ როდესაც ბავშვს არ ესმის საკითხი, მაგრამ ამ დროს იძულებულია გაჩერდეს იმ გარემოში, სადაც ომზე ელაპარაკები, რა თქმა უნდა, ბავშვი ისტრესება, რადგან ხდება გაუგებარი აგრესიის სამიზნე.

ომი, სროლა, იარაღი – მისთვის გაუგებრად იყენებ ამ ტერმინებს და ეს შეიძლება იყოს ემოციური წუხილის გამომწვევი ბავშვისთვის.

ის ვერ გადაამუშავებს ასეთი ფორმატით მიწოდებულ ინფორმაციას და შესაძლოა დასჩემდეს შფოთვა, არა მარტო ამ ინფორმაციასთან კავშირში, არამედ მის ყოველდღიურ საქმიანობებს შეუშალოს ხელი. ამიტომ, რაც ამ ვიდეოში ხდება, ბავშვის უფლებებს ნამდვილად არღვევს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბავშვთან სასაუბროდ მიდის, ის ვალდებულია მას ესაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.

„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში საარჩევნო ასაკი 16 წლამდე ჩამოვიდა და ბავშვებს შეუძლიათ 16-17 წლიდან უკვე ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. მაგრამ ბავშვებს უნდა ესაუბრო იმაზე, რას გააკეთებ, მაგალითად, მათი უკეთესი განათლებისთვის, როგორ იზრუნებ მათ ჯანმრთელობაზე, გარემოზე, იმაზე, რაც რეალურად აწუხებს ბავშვს და ვალდებულებაც გაქვს, რომ მათ ამაზე ესაუბრო.

მაგრამ შენ თუ დაამახინჯებ და სადღეგრძელოებად მიაწვდი ამ თემებს ან შიშს ჩაუნერგავ, ეს იქნება სრული მანიპულაცია. ტოკენიზმს ვუწოდებთ ამას (ტოკენიზმი (Tokenism) – ინგლისური სიტყვაა და უმცირესობების ცრუ ჩართულობასა და ფორმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ნიშნავს), როდესაც ბავშვებს იყენებენ ფასადურად და არა იმიტომ, რომ მათ აზრს პატივს სცემ. ეს არის ბავშვის უფლებების დამახინჯება.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ სამოქალაქო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, ასე იყო მარტის აქციების დროსაც  და ეს თემა ძალიან მანიპულაციურად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ამის გამო ბავშვებს შეეძლოთ ეჩივლათ კიდეც მათთვის.

გარდა ამისა, როცა ბავშვი მონაწილეობს აქციაში, მისი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინება იქნებოდა რეალური მონაწილეობა ამ ბავშვებისთვის და არა ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რადგან ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

________________

მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ბათუმში, სადაც ტიტე აროშიძე ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს. მარჯვნივ – ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს დეპუტატი], არჩილ ჩიქოვანი [ ბათუმის მერი] და ნინო ნიჟარაძე [აჭარის ჯანდაცვის მინისტრი] /ფოტო: „ბათუმელები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: