მთავარი,სიახლეები

დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე

09.10.2024 •
დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე

ანტილიბერალური დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და იდენტობების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

შშმ აქტივისტის, დეა ერემაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოში მცხოვრებ შშმ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოიაზრება.

ანდიგენდერული პროპაგანდა, ანტილიბერალურ და ღიად ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, აქამდე საქართველოში კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრეროგატივა იყო, დღეს კი ამ ნარატივის მთავარ მწარმოებლად უშუალოდ მმართველი ხელისუფლება გვევლინება. 

დეა ერემაშვილი სამი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსს“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, რომლის წევრების უმრავლესობაც შშმ ქალები ან მათი ოჯახის წევრები არიან, შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

დეა ამბობს, რომ ქვეყანაში თანასწორობის პრინციპები არც აქამდე იყო სათანადოდ დაცული, მაგრამ ბოლო დროს მთავრობის მიერ გაჟღერებული ანტიგენდერული და ჰომოფობიური ნარატივები, რეპრესიულ და დისკრიმინაციულ კანონების სერიასთან ერთად, კიდევ უფრო საგანგაშო პერსპექტივას სახავს ქალების, მათ შორის შშმ ქალების კეთილდღეობის თვალსაზრისით: 

„ის ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები გენდერსა და სქესზე აკეთებენ ნეგატიურ აქცენტს, მიმართულია ქალების დისკრედიტაციისკენ. კვოტებიც გააუქმეს, ქალებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტში და რეაქცია იყო ნული. ეს ჩვენც გვეხება. 

აი, რომ გვეუბნებიან, თითქოს დასავლეთი გვახვევს გენდერულ თანასწორობას თავს და ამის გამო ინგრევა ოჯახები. მაგალითს გეტყვით, ჩვენ გვქონდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ვიდეო გაკეთებული, რაზედაც მოგვწერეს, ოჯახებს ანგრევთო, ანუ ქალებს თუ აღარ ვტოვებთ ძალადობაში და ვცდილობთ გავარიდოთ – „ოჯახებს ვანგრევთ“.

დეა ეხმიანება ბოლო დროს მთავრობის მიერ წინასაარჩევნო გამოსვლებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებში პროპაგანდირებულ ანტიგენდერულ ნარატივს და ამბობს, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა ახალისებს მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების და მასთან ერთად – „კარგი ქალის“ კრიტერიუმების არსებობას საზოგადოებაში.

ეს კი განსაკუთრებით უსამართლო პირობებში აყენებს შშმ ქალებს, ვინაიდან, როდესაც ქალის მთავარ ღირსებად ზრუნვა და საოჯახო საქმე განიხილება, შშმ ქალები, რომლებმაც შეიძლება ვერ შეასრულონ საზოგადოების ასეთი დაკვეთა, ავტომატურად საზოგადოების ნაკლებ ფასეულ წევრებად მოინიშნებიან. 

„ზრუნვა მხოლოდ ქალის საქმედ არის აღქმული. სამწუხაროდ, პატრიარქატი, რელიგია საზოგადოებას კარნახობს, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, იზრუნოს ოჯახის დანარჩენ წევრებზე… თითქოს ქალი, რომელმაც ოჯახი არ შექმნა, არ არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მთავრობა ამას უკვე პირდაპირ ამბობს.

ახლა შშმ ქალებზე დავფიქრდეთ. ასეთი რეალობა გვაქვს დღეს: როცა ოჯახები ხედავენ, რომ შშმ ქალი ვერ ზრუნავს ისე ოჯახის წევრებზე, როგორც „სტანდარტია“, ვერც „თხოვდება“ და ვერ ასრულებს „ბუნებრივ მოვალეობას“ – ვერ აჩენს შვილს, არ თვლიან საჭიროდ, მასში ინვესტიცია ჩადონ და, მაგალითად, რაღაც განათლება მისცენ. თვლიან, რომ ვერ გამოიყენებს და რატომ უნდა „დახარჯონ რესურსი“.

დეა ერემაშვილი ასევე ამბობს, რომ შშმ ქალებისთვის პერსონალური ავტონომიის ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რისი მიზეზიც საზოგადოებაში დამკვიდრებული ეიბლისტური [უარყოფითი სოციალური წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია შშმ პირების მიმართ] დამოკიდებულებებია: მაგალითად ის, რომ შშმ ქალები ყოველთვის სხვებზე არიან დამოკიდებული და არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ სხეულსა და ცხოვრებაზე.

„ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევა აჭარაში, სოფელს არ დავასახელებ, დაახლოებით 20 წლის გოგო არის სენსორული შეზღუდვის მქონე და იმის ნაცვლად, რომ ესწავლა სპეცსკოლაში, მიეღო განათლება და არსებული მწირი რესურსი გამოეყენებინა საკუთარი თავისთვის, დღეს მან წერა-კითხვაც არ იცის, არც ჟესტური ენა. ის ოჯახში არის სხვა ბავშვების ძიძა. მამამ გადაწყვიტა, რომ მას განათლება არ სჭირდება. დედა კი ხვდება, რომ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ რადგან გარემო ასე კარნახობს, არ ეწინააღმდეგება მას.

ესეც ხომ რეალურად იმ პოლიტიკის გაგრძელება და შედეგია, რასაც თუნდაც სასულიერო და საერო მთავრობები ტირაჟირებენ“, – ამბობს დეა.

დეა განმარტავს, რომ „შშმ ქალთა ალიანსის“ შექმნის მიზანი სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებაა, რის წინაშეც დღეს რეგიონში მცხოვრები შშმ ქალები და გოგოები დგანან. თუმცა, მიუხედავად ამ უნიკალური, სპეციფიკური საჭიროებებისა, შშმ ქალებს სხვა ქალებთან საერთო ჩაგვრა აერთიანებთ.

„შშმ ქალები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქალები, რა თქმა უნდა, განიცდიან სექსუალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. შშმ ქალებს თანმდევი გამოწვევებიც აქვთ მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო და ინტერსექციურ, ანუ ერთი მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი გენდერის ნიშნით ჩაგვრას განიცდიან.

სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ/სეგრეგირებულ სტატისტიკას, რომ გაგვეგო, რამდენი შშმ ქალია ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი გამოცდილებით რომ ვისაუბრო, ამჟამად ძალადობის 7 ქეისი გვაქვს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სექსუალური ძალადობაა, ორი შემთხვევა კი – ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა.

მიუხედავად შშმ ადამიანების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებისა, რომელიც საქართველოს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტით აქვს ნაკისრი, შშმ ქალები და გოგოები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება საქართველოში.

სხვადასხვა კვლევისა თუ ანგარიშის თანახმად, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა, რომელიც გამოწვევებს დაუპირისპირდებოდა და გააუმჯობესებდა შშმ ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობას.

ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი მიიღო, რომელიც სრულად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და ეს იმ დროს, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებებია – ძირითად სამუშაოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწევიან.

„რუსულმა კანონმა კარგად გამოავლინა, თუ რას ფიქრობს შშმ თემზე მთავრობა, როცა ტყუოდა თითქოს შშმ თემის წევრებს არ ეხებოდათ ეს კანონი. მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს შშმ თემის წევრები ვერ ვაცნობიერებდით, როცა რუსული კანონის წინააღმდეგ ვაწერდით ხელს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

აქტივისტის შეფასებით, ქვეყანაში სუსტი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, პოლიტიკაში ქალების დაბალი წარმომადგენლობაა. გენდერული დეზინფორმაციაც საჯარო სივრცეში აქტიური პირების, განსაკუთრებით კი ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად არის ქცეული.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ „სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგორც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდა“. 

დეა ასევე ამბობს, რომ შშმ თემი საკმაოდ მოწყვლადია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ, სანდო ინფორმაციის წყაროებზე კი ფიზიკური ბარიერების გამო ხელი არ მიუწვდებათ:

„ინკლუზიური განათლება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, მხოლოდ სიტყვიერადაა ინკლუზიური, რეალურად კი მაინც კერძო პირის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად ხარისხიან განათლებას მიიღებს ბავშვი. არ გვაქვს პოლიტიკური სტანდარტი, რეგულაცია.

შესაბამისად, შშმ თემი დეზინფორმაციის მიმართ არის ძალიან მოწყვლადი – არ აქვს უნარები, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, გადაამოწმონ ესა თუ ის ინფორმაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტიც ცუდი ხარისხისაა.

ხშირია ჰომოფობიური ნარატივები. ანტიგენდერული ნარატივიც კარგად ფესვგადგმულია შშმ თემში. როდესაც ქალების უფლებებზე ვიწყებდი მუშაობას, ხშირად გაშარჟებული იყო ეს მიმართულება თუნდაც შშმ კაცების მიერ. იყო პერიოდი, მეც ვერ ვაცნობიერებდი, რაში სჭირდება შშმ ქალებს ცალკე დაცვა“, – ამბობს დეა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: