მთავარი,სიახლეები

არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

11.10.2024 •
არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს.

ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე.

  • ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

მინდა ეს მთავრობა დასრულდეს.

ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს ცვლის. ჩვენ ვართ ის, ვისაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და როცა არ მოგწონს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, უნდა შევცვალოთ.

ვფიქრობ, არ გამოგვადგება ნიჰილისტური დამოკიდებულება თუ გვექნება. თუ ფიქრობ, რომ 3-4 მილიონ ადამიანში ერთი ხმა არაფერს შეცვლის, იმედგაცრუება, პარტიების ხედვებზე ინფორმაციის ნაკლებობა… პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, დავარწმუნოთ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ბედისთვის.

ჩვენ გვინდა, შევცვალოთ მომავალი. ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში, გვქონდეს უკეთესი განათლება, გვქონდეს ურთიერთობა ევროპის წამყვან ქვეყნებთან და ვფიქრობ, არჩევნები მთავარი ბერკეტია, რომელიც ამ და სხვა დადებით ცვლილებებს მოგვიტანს.

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის. რა გვინდა – ევროპა, როგორც განვითარების სიმბოლო, თუ რუსეთის ჭაობი.

თუ დავრჩებით ამ ხელისუფლების პირობებში, მგონია, რომ არაფერი გამოგვივა და მომავალი წაგვერთმევა ახალგაზრდებს. აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ვთქვათ რა გვინდა.
  • როგორი განწყობაა ბათუმელ ახალგაზრდებში თქვენი დაკვირვებით? აპირებენ წასვლას?

კი. ჩემი ყველა მეგობარი თუ ნაცნობი მიდის არჩევნებზე. ყველა ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით არჩევნებს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

ისეთი მონდომებულები არიან ახალგაზრდები… ვიცი, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობენ. მეც ვმონაწილეობ, სადაც ვეცნობი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაგალითად, აუცილებლად უნდა გავაფერადოთ და არ შემოვხაზოთ ჩვენი არჩევანი, შემდეგ კი სხვებს ვაცნობთ.

  • უნივერსიტეტში, ლექციებზე თუ საუბრობთ, განიხილავთ მოახლოებულ არჩევნებს?

კი, სხვათა შორის განიხილება. ჩვენ ახლა გვაქვს საუნივერსიტეტო პროექტი და გვინდა, რომ არჩევნებამდე მოვასწროთ. ეს იქნება იმიტირებული არჩევნები უნივერსიტეტში, რაც სტუდენტებს მისცემს ცოდნას.

  • თუ ცდილობთ ოჯახის წევრების, ნათესავების დათანხმებას, ყველა მათგანი წავიდეს არჩევნებზე?

ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე. აქ არ ვარ ჩაწერილი და ხმის მისაცემად მივდივარ სოფელში, რომელიც 8 საათის მანძილზეა. არჩევნებზე წავალ ბებოსთან ერთად ნინოწმინდაში, სოფელ სპასოვკაში.

  • მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდი?

რატომ აკეთებენ ამას? – ჩემი პირველი კითხვა ეს არის.

რატომ გვართმევენ გამიზნულად მომავალს?

სად არიან მათი შვილები? – ევროპაში. სად იღებენ განათლებას? – ევროპაში. „დაბალ რგოლებს“ გვჩაგრავენ და ჩვენთვის არ ემეტებათ?!

  • პირველ რიგში რა გინდათ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

პირველ რიგში განათლების სისტემას მოვაწესრიგებდი. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია კორუფციის აღმოფხვრა. ეს მინდა, რომ შეიცვალოს.

  • რა როლი აქვთ ამ პროცესში უნივერსიტეტებს?

უნივერსიტეტები უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ გაავრცელონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩაატარონ შეხვედრები, ტრენინგ-კურსები, რომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მაგრამ ეს ჩვენ უნივერსიტეტში არ იგრძნობა და თვითმმართველობიდან ხომ – საერთოდ.

ჩვენ ევროპული მომავლისკენ მივისწრაფვით. დიდი განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, თუ როგორი თავისუფლები არიან… ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ახლა და ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

უნივერსიტეტების თვითმმართველობები აქტიურები უნდა იყვნენ ახლა, აღელვებდეთ მიმდინარე პროცესები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.

  • თუ იყავით რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე?

აქციებზე მისვლით გამოვხატავდი, რა მინდა. გამოვხატავდი, რომ ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი. ისევ წავალ აქციებზე, თუ ამის საჭიროება გახდება.

ვფიქრობ, ყველა უნდა გავიდეს აქციებზე, ვისაც შინაგანი პროტესტი აქვს და დადგეს ხალხის გვერდით. არ უნდა მოვექცეთ „ზემოდან“ ზეწოლის ქვეშ. არ უნდა შეგვეშინდეს.

ამავე თემაზე:

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: