8 იანვარს რუსეთის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთმა ორი КАБ-ით, მართვადი საჰაერო ბომბით დაბომბა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, განადგურდა მრავალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ცნობებით დაბომბვის შედეგად 113 ადამიანი დაშავდა, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ზაპოროჟიეში დღევანდელი დღე, 9 იანვარი, გლოვის დღედ გამოცხადდა.
უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 12 დასახლებულ პუნქტს 333 დარტყმა მიაყენეს.
ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს.
შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა.
772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 24 დეკემბერს მიმართა, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილება შესყიდვების პორტალზე დღემდე [9 იანვარი] არ არის ატვირთული. ამავე პორტალზე დაგვიანებით და ეტაპობრივად ატვირთა ხელშეკრულებები კულტურის ცენტრმაც.
„გადაუდებელი აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით“ – წერს კულტურის ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.
საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად შპს „მიქს-სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა 2024 წლის 6 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების პორტალზე ატვირთა წერილები, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „მიქს-სტუდიო“ „გარკვეული მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფდა ღონისძიების ორგანიზებას“ და უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ჰონორარები და ხარჯები
ვის რამდენს გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის
თიკა ბალანჩინი და ბენდი „ნიუვანი“ – 46 811 ლარი
ჯგუფი „ურსა“ – 30 303 ლარი
„ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ – 30 000 ლარი
საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან ცალკე დაიხარჯა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარი.
ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტების პარალელურად, იქვე, ახლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
საპროტესტო აქციები ბათუმში 2024 წლის 28 ოქტომბრიდან უწყვეტად იმართება – მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდისსაპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
კვირას, 12 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, გაიმართება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა.
„12 იანვარს გიწვევთ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობაზე. შევიკრიბოთ 7 საათზე ფილარმონიასთან, თან ვიქონიოთ ფურცლები, რომელზეც ეწერება რეჟიმის მსხვერპლთა ვინაობა და რეპრესიის ზომა, მათი ფოტოები, ბანერები, დროშები. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასრულების, სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გავმართოთ მსვლელობა პარლამენტამდე,“ – ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერაა ორგანიზებული.
საბჭოთა რუსული საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში ასიათასობით მოქალაქეს შეეხო. დაპატიმრება, წამება, გადასახლება/დეპორტაცია, ქონების კონფისკაცია, დახვრეტა, სადამსჯელო ფსიქიატრია – ათწლეულების განმავლობაში მასობრივად გამოიყენებოდა ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ფიზიკურად მოსასპობად, გადარჩენილების დასაშინებლად და თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩასახშობად.
„საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი და მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში მეთოდურად ცდილობენ, დაეყრდნონ ტერორისა და რეპრესიების საბჭოურ გამოცდილებას – გამოიყენონ საბჭოური პროპაგანდის ყველა მეთოდი მოქალაქეთა დასაშინებლად და დასაბნევად, ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ მოქალაქეებს, დააპატიმრონ, მასობრივად გააძევონ სამსახურებიდან და ეკონომიკური დაუცველობისათვის გაწირონ პატიოსანი საჯარო მოხელეები, გაანადგურონ თავისუფალი მედია…
ივანიშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების იდეისათვის ბრძოლა – საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის რევანშზე გამარჯვებისათვის ბრძოლაცაა. ტერორსა და შიშს თავისუფალი მოქალაქეების სოლიდარობა და მტკიცე ნება ამარცხებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სოვლაბი ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მსვლელობის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ გადაინაცვლონ ტერორის სახლთან – ჩეკას სახლთან (ინგოროყვას #22), სადაც მონაწილეები ისაუბრებენ საბჭოთა რუსული რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიებზე, მემკვიდრეობაზე და მომავლის ხედვაზე.
სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება.
უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“:
„ძვირფასო პრეზიდენტო,
ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას.
არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი” და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი” ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.
ჩვენი მოთხოვნებია:
ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 803 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
ტანკი – 9 731 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 20 221 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 21 765 ერთეული [+36]
MLRS – 1 260 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 038 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 813 ერთეული [+86]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 014 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 387 ერთეული [+80]
სპეცტექნიკა – 3 686 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 794 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 307 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 352 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 012 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
თბილისში რესტორანს ხსნის რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის კომპანია. ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
ნოვიკოვის რესტორნების ქსელის, „сыроварня“-ს გვერდზე აღნიშნულია, რომ „თბილისი сыроварня მალე გაიხსნება“. გახსნის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა რუკაზე მონიშნულია ადგილი – თბილისი, თავისუფლების მოედნის 7 ნომერი.
ამ ადგილას სასტუმრო „პარაგრაფი“ მდებარეობს, თუმცა „პარაგრაფმა“ 6 იანვარს ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომ „აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო „პარაგრაფთან“, რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია“.
ნოვიკოვის კომპანიის რესტორანი, მათ საიტზევე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განთავსებულია თავისუფლების მოედნის #7-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ მისამართზე არსებული შენობა შპს „თბილისი სითის“ საკუთრებაშია, თავად „თბილისი სითის“ 100% წილს კი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ ჯგუფის აქციებს რეესტრის ბოლო, 2024 წლის ნოემბრის ამონაწერის თანახმად, უტა ივანიშვილი ფლობს.
ნოვიკოვის რესტორანს თბილისში ინგლისური სახელწოდება აქვს – Cheesefarm. რესტორანი უკვე მუშაობს.
ბიზნესმენი არკადი ნოვიკოვი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო რუსეთის ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ნდობით აღჭურვილი პირები“ ღიად უჭერდნენ მხარს პუტინს და ჩართულნი იყვნენ მის საპრეზიდენტო კამპანიაში. მაგალითად, 2012 წელს პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის 500-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ბიზნესმენები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები.
რუსული პროპუტინისტური პარტიის, „ედინაია რასიას“ ვებგვერდზე დღემდე იძებნება 2012 წელს გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც ნოვიკოვი ამბობს, რომ „პუტინი სიტყვის და საქმის ადამიანია“, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნოვიკოვმა საგანგებოდ პუტინის შტაბის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა და ყველიერის კვირაში ბლინები მოამზადა.
2018 წელს რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით -„როგორ გახდა არკადი ნოვიკოვი კრემლის მიმწოდებელი“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რესტორატორმა და პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა 2018 წლის არჩევნებზე, კონკურენციის გარეშე მიიღო კრემლის დაკვეთები. კერძოდ, მისმა კომპანიამ, „ინტელმა“ მიიღო 2 მლნ რუბლის ღირებულების მინიმუმ 4 საპრეზიდენტო ღონისძიებაზე მომსახურების შეკვეთა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია შესყიდვების შესახებ დაგვიანებით გამოქვეყნდა.
ასევე, რუსული კრიტიკული მედიაგამოცემები 2020 წელს წერდნენ, რომ ნოვიკოვის პარტნიორებს შორის არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის [2007-2012 წლებში], ანატოლი სერდიუკოვის ოჯახები. მიშუსტინის ოჯახთან კავშირში ნოვიკოვი მოხვდანავალნის საგამოძიებო მასალაშიც.
არკადი ნოვიკოვს არაერთი კომპანია უკავშირდება, მათ შორის „ნოვიკოვ გრუპი“, რომელიც 265-ზე მეტ რესტორანს ფლობს რუსეთში, მათ შორის ქართული რესტორნების ქსელს – „Pro.Хинкали“.
_________________
ფოტოზე: არკადი ნოვიკოვი პუტინის შტაბისთვის გამართულ მასტერკლასზე, 2018 წელი.
რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის? – „ბათუმელების“ სტუდიაში საუბრობენ ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.
2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.
სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ შტატს წარმოადგენს უილსონი აშშ საკანონმდებლო ორგანოში. სამახსოვრო დაფაზე წერია: “გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, დაფის ასლი საქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხედრო ატაშეს, ვეფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.
ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და მან ეს პირადად გამოსცადა. „ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთსა და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.
არჩილ გეგეშიძე კი იხსენებს:
„ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი გახლდათ. მისი აქტიური მონაწილეობით მეგობართა ჯგუფმა შეიმუშავა და წარმომადგენლობათა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდასაჭერი ისტორიული რეზოლუცია, სადაც, სხვასთან ერთად, აღნიშნულია, რომ აშშ არასდროს და არც ერთ ვითარებაში არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (თავის დროზე, ე.წ. „სტიმსონის დოქტრინით“ ნასაზრდოებმა მსგავსმა დებულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბალტიის რესპუბლიკების სუვერენიზაციის და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში).
მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ ამ და სხვა შემთხვევებში კონგრესმენ ჯო უილსონსა და მის კოლეგებს მხოლოდ საქართველოსადმი გულწრფელი სიყვარული და მისი ხელისუფლებისადმი პატივისცემა ამოძრავებდათ და მზად იყვნენ ყოველგვარი ანგარების გარეშე ეზრუნათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებაზე.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდეა დასული. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და სახელისუფლებლო პროპაგანდისტები კონგრესმენ ჯო უილსონს დამცირების მიზნით „კეზერაშვილის დაქირავებულად“ მოიხსენიებდნენ.
ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჯო უილსონი იმდენად განიხიბლებოდა თანამედროვე ფორმაციის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით, რომ მას „ქართულ კოშმარს“ უწოდებდა და მისი ლიდერების დასანქცირებას მოითხოვდა. ნამდვილი ბედის ირონიაა“, – წერს არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.
გაეროს ცნობით, 2024 წელს ირანში სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ადამიანი – მხოლოდ დეკემბრის ერთ კვირაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მაგრამ ასევე, სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და 2022 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები.
გაერო აღნიშნავს, რომ ირანში გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები.
2023 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 853 ადამიანი.
„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ირანში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, დროა ირანმა შეაჩეროს სიკვდილით დასჯის ეს მუდმივად მზარდი ნაკადი“ – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა.
მან მოუწოდა თეირანს, შემოიღოს მორატორიუმი სასჯელზე, მისი საბოლოო გაუქმების მიზნით. მსგავსი აკრძალვა ან მორატორიუმი მოქმედებს მსოფლიოს დაახლოებით 170 ქვეყანაში.
____________
ფოტოზე: თეირანი, 2024 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH
დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 25 დეკემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 8 იანვრის დღის პირველი საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] შემცველობის მაჩვენებელი ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე.
[გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ბათუმში ამ ორ ლოკაციაზე ახორციელებს. სადგურები განთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში].
ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებლები ბათუმში 8 იანვარს:
ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული სადგურის მონაცემებიბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განთავსებული სადგურის მონაცემები / წყარო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.
„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული.
მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა.
დავით, 40 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში. მიუხედავად დასავლეთის მხრიდან არაერთი მოწოდებისა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, „ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას. თქვენ, როგორც მოქალაქე, აქტივისტი, როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების გზას?
ამ ხნის მანძილზე პროტესტის ბევრი ფორმა გამოიყენეს მოქალაქეებმა და არ არის აუცილებელი, რომ პროტესტი იყოს ერთსა და იმავე ადგილას. რისი გამოყენებაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არის გაფიცვა.
იყო რამდენიმესაათიანი ანუ სიმბოლური გაფიცვის ფორმაც გამოყენებული, მაგრამ არა მასშტაბური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს გაფიცვების ისტორია და არც პროფკავშირებია ისე განვითარებული, როგორც უცხოეთში. თუმცა მიმაჩნია, რომ გაფიცვას ალტერნატივა არ აქვს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტები უნდა შეჩერდეს. მთავარი საფრთხე იყო, რომ ახალი წლის დღეებში შენელდებოდა პროტესტი. „ოცნების“ მთავრობამაც დაამატა უქმე დღეები, რომ შეექმნა უწყვეტი, ე.წ „საცივის“ პერიოდი, როცა ხალხი არ გამოდის გარეთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
სერბეთში იყო იგივე სიტუაცია 2022 წელს, როცა ოპოზიცია დავობდა არჩევნების გაყალბებაზე და ქუჩის აქციები მიმდინარეობდა, იქ 30 დეკემბერს შეწყდა აქციები, საახალწლოდ ხალხი დაიშალა და ჩვენ ეს საფრთხე ავირიდეთ.
14 იანვრამდე წავალთ ალბათ ამ ტემპით, შემდეგ იქნება ერთი დიდი აქცია საჭირო, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ დაანახებს ამ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არანაირ სეზონურობას არ ექვემდებარება.
ალბათ პროტესტს სჭირდება ახალი ენერგია. ამ დღეებში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ერთიანობაზე – ახალი წლის, შობის ერთად აღნიშვნასა და თანამოაზრეობაზე, მაგრამ თითქოს აკლია სიმკვეთრე მოთხოვნებს. საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები დროულად დაინიშნოს ამ ქვეყანაში და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები?
პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ეფექტურ მუშაობას ქვეყანაში.
აქ იყო ის ფაქტორიც, როცა 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს და შეიმუშავებს დოკუმენტს, სადაც ეწერება, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს და ალბათ მალე უნდა დაიდოს ეს დოკუმენტი, რომ ხალხი შეთანხმდეს, რა სახის არჩევნები უნდა.
ალბათ საჭიროა მუშაობა „ქართული ოცნების“ მომხრეებთანაც, რადგან ეს ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა მალე დაიწყოს ქვეყანაში, პირველ რიგში მათ წამოეწევათ, რადგან „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი იყო სოციალურად დაუცველი, ვისაც აშანტაჟებდნენ სოციალური დახმარების შეწყვეტით და ბიუჯეტიდან უხდიდნენ ძალიან მიზერულ თანხას იმისთვის, რომ „ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა.
ამიტომ, როცა ეკონომიკური კრიზისი დადგება ქვეყანაში, ის 100 ლარიც აღარ იქნება და ეს კრიზისი, პირველ რიგში, დაარტყამს მოსახლეობის ღარიბ ფენას.
და როგორც „ოცნება“ გვეუბნებოდა „აბა ომი გინდათ?“, ახლა ჩვენ უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რეალური საფრთხე რაც არის და ვკითხოთ „აბა სიღარიბე გინდათ?“, „აბა შიმშილი გინდათ?“ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს კი შეეხოთ სანქციები, მაგრამ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ნინო წილოსანი დადის გუდაურში და ერთობა ამ პროტესტის ფონზე. ეს ხალხი კი, ვისაც პირველი დაარტყამს კრიზისი და ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის, არის ამომრჩეველი, რომელიც მათ აძლევდა ხმას ფულის გამო.
„ოცნება“ გამაგრდა, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო შენობებში, იზრდიან ხელფასებს – 11 ათასი ლარი იქნება დეპუტატის ხელფასი, განკარგავენ ბიუჯეტს, იღებენ რეპრესიულ კანონებს, რისი აღსრულებაც უნებურად გვიწევს ჩვენ, მოქალაქეებს. რა არის გასაკეთებელი ამის შესაჩერებლად?
ზურაბიშვილის გეგმა ერთ-ერთია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ არავის და არანაირ თარიღს არ უნდა ველოდოთ.
20 იანვარი კი არის ტრამპის ინაუგურაციის თარიღი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ან ის, რომ 20 იანვრის შემდეგ ქოცები მიხვდებიან, რომ ტრამპი მათ მხარეს არ დგას.
ვფიქრობ, საჭიროა გაფიცვის ფორმა გავააქტიუროთ. 2-3 კაცის გაფიცვა არ არის გაფიცვა, ამისთვის საჭიროა კრიტიკული მასა გაიფიცოს. ამიტომ კოორდინაციაა საჭირო, რომ ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს ამ თემაზე. გაფიცვას მაშინ აქვს ეფექტი, თუ ის არის მასობრივი და თუ კრიტიკული ინდუსტრიები გაიფიცება, მაგალითად, საჯარო სექტორი, ავიაცია, სატრანსპორტო სისტემები. ლონდონში ყველას ეშინია მეტროს გაფიცვის, რადგან 12- მილიონიანი ქალაქია და როცა მეტრო იფიცება, ყველაფერი ჩერდება. ამის გამო ბევრ დათმობაზე წასულა მთავრობა.
„ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონი და ევროპული პერსპექტივის შეჩერების საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეებიც კი გაუშვეს სამსახურებიდან. ადამიანებს აქვთ შიში შემოსავლის დაკარგვის ამ სიღარიბეში, ამიტომ ასეთი კანონის პირობებში რამდენად იმუშავებს გაფიცვები?
როგორც ვიცი, არსებობს რამდენიმე ფონდი, რომლებიც ეხმარებიან სამსახურიდან გამოშვებულ ადამიანებს.
აქაც საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რადგან რაც უფრო მასშტაბური იქნება გაფიცვა, მით მალე ჩამოიშლება რეჟიმი და ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება ამ ხალხს აღადგენს სამსახურში.
ამის ტექნიკურად გამართვა არ არის შეუძლებელი. მეორე მხრივ, უნდა დავპირდეთ ამ ხალხს, რომ არ მივატოვებთ და დავუდგებით გვერდში.
ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ღიად აკრიტიკებენ საფრანგეთის პრეზიდენტს. მათი ენა ბევრად ცინიკურია პრეზიდენტ მაკრონის მიმართ, ვიდრე აქამდე იყო, რადგან 7 იანვარს მაკრონმა მიანიშნა ახალ არჩევნებზე, მან სალომე ზურაბიშვილსაც ღიად დაუჭირა მხარი და დაურეკა ბიძინა ივანიშვილსაც. უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთანაც იგივე მიდგომა ექნებათ, რაც ევროპარლამენტარების მიმართ აქვთ?
აქ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაკრონი პირდაპირ ამბობს არჩევნები გაყალბდაო და თუ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, უნდა განიხილონ ვადამდელი არჩევნებიო.
ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რადგან ასეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი პირდაპირ საუბრობს არჩევნების გაყალბებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე.
„ოცნებამ“ X-სა და ფეისბუქზეც დაიწყო კოორდინირებული კამპანია, რომ თურმე რუსეთი კი არა, დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში. მე მათთან შევედი დისკუსიაში, თუმცა რეალურად არგუმენტები არ აქვთ. ის, რომ ევროპარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში, ეს ხდება არჩევნების შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნება არჩევნებში ჩარევა.
მაკრონმა საკუთარ ქვეყანაში ჩანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან მას 61% არ უჭერს მხარსო, – ამბობს „ოცნება“, ასევე მათი პროპაგანდისტული მედიები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ევროკავშირში კრიზისია, საქართველოსთვის ვერ მოიცლიან და „ოცნება“ გააგრძელებს მმართველობას.
რეალურად, ეს არის სრული ტყუილი, რადგან ევროკავშირში ახლა კოალიციურ მთავრობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს არის ბუნებრივი პროცესი. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირა, ხანდახან ორი თვეც შეიძლება მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. „ოცნება“ ამ პროცესს წარმოაჩენს როგორც ქაოსს და არეულობას ევროკავშირში.
რას უცდის ივანიშვილი – მასობრივიძალადობისშემდეგ„ოცნება“ ნაკლებადიმჩნევსსაპროტესტოაქციებს. ივანიშვილმაერთხელუკვეთქვა, რომმისისტრატეგიაოპონენტებისგადაღლასეფუძნება. ამჯერადრასტრატეგიითმოქმედებსივანიშვილი, თქვენიდაკვირვებით?
ჩემი აზრით, ივანიშვილი არის შიშით შეპყრობილი ადამიანი. მისი გეგმა იმდენად არის თვითგადარჩენაზე ორიენტირებული, რომ ცდილობს, მისთვის საუკეთესო თვითგადარჩენის ვარიანტი გამოისყიდოს.
მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ არის რაღაცები კიდევ, რაც არ დაუსანქცირებიათ. ასევე ვიცით, რომ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ საფრანგეთის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას მოქალაქეობა.
რის საფუძველზე შეუძლია, არსებობს ამის პრეცედენტი?
მარტივი არ არის, მაგრამ ფრანგული კანონმდებლობით, თუკი დაამტკიცებენ, რომ ივანიშვილი წარმოადგენს საფრთხეს საფრანგეთისთვის, შესაძლოა ესეც გახდეს ვაჭრობის საგანი. საფრანგეთის მოქალაქეობა ივანიშვილისთვის რუსეთისგან თავდაცვის გარანტიაც შეიძლება იყოს.
ლიეტუვას შემთხვევაშიც არსებობს ასეთი პრეცედენტი, როცა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს პირი და ჩამოართვეს მოქალაქეობა.
შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი რისკი ივანიშვილისთვის. მეორე რისკი არის ფული და კომპანიები, რომლებიც ივანიშვილს აქვს და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის ფულიც.
ერთია ის შიში, რომ რუსეთი რას უზამს, თუკი ის აქ დათმობს სიტუაციას და მეორე, რამდენ ფულს დაკარგავს.
თუკი ივანიშვილს ექნება გარანტიები, რომ ის თავისი ფულის ნაწილს შეინარჩუნებს, შესაძლოა რაღაც დათმობებზე წამოვიდეს იძულებით. ამიტომ აქ ვხედავ მაკრონის და, ზოგადად, დასავლეთის ჩართულობას, რომ დაანახონ ივანიშვილს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი მისთვის. მეორე მხრივ, ხალხმა უნდა დავანახოთ ივანიშვილს, რომ მისი და მისი მთავრობის აქ ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.
თუ ისინი ვერ გაივლიან ქუჩაში თავისუფლად, ისე, რომ ვიღაცამ არ მიაძახოს „მონა, მონა“, თუ ვერ დაჯავშნიან სასტუმროებს, ვერ ივლიან თავისუფლად ევროპაში, რადგან იქაც დიასპორა დახვდებათ, ეს ძალიან რთული იქნება მათთვის.
დავით ჯინჭარაძე
ელჩების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ, მაგალითად, ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მასობრივად აუქმებდა ყველა ივენთს, რადგან საპროტესტო აქციები იმართებოდა იქ, სადაც ივენთებს გეგმავდნენ.
ჩემი აზრით, ამას „ოცნება“ ვერ გაუძლებს. შეიძლება ივანიშვილმა გაუძლოს, მაგრამ ივანიშვილს სჭირდება ხალხი, ერთი მხრივ, პროპაგანდისტები და მეორე მხრივ, ძალადობის აღმსრულებლები. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მოძალადე ხალხზე როგორც კი დაიწყო პირადი ინფორმაციის მოძიება და გასაჯაროება, დაჭერებისა და ძალადობის ინტენსივობაც შედარებით შემცირდა.
მეორე მხრივ, როცა ხალხმა მიაღწია იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ღია ეთერი აქვთ, ამანაც შეასუსტა „ოცნების“ პროპაგანდა, რადგან რეგიონებში უყურებენ და იღებენ ინფორმაციას.
გართულდა ანტი ლგბტ პროპაგანდის წარმოებაც, რადგან როცა აქტივისტმა თამარ ჯაყელმა გაავრცელა ინფორმაცია „იმედის“ მფლობელის შვილზე, რომ ის არის ღია ლესბოსელი და ბედნიერად ცხოვრობს ამერიკაში, აქ რატომ ერჩის მამამისი ადამიანებს, ამის შემდეგ ერთი-ორი დღე „იმედი“ იყო ჩუმად.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები პერიოდულად აგზავნიან წერილებს ქართული საზოგადოების გასამხნევებლად. თუ ადევნებთ თვალს ამ ახალგაზრდების აქტივიზმს ციხეებიდან და რა შთაბეჭდილებას ახდენს მათი წერილები თქვენზე?
ჩემთვის ეს ამბავი შემაძრწუნებელია და ამასთან არის იმედისმომცემი. ეს ხალხი ისჯება არა დანაშაულის გამო, არამედ სამშობლოს სიყვარულისთვის.
ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, რომ 51 უდანაშაულო ადამიანი ჯერ კიდევ ციხეშია, ამ დროს კი „ოცნების“ კარის მომღერლებს ჰყოფნით უტიფრობა, რომ ბათუმის მერიიდან 25, 30, 40 000 ლარი აიღონ და ის ხალხი, ვინც ამის გამო აკრიტიკებს მათ, ფაშისტები ეძახონ. იქნება ეს ბუზალაძე, „რეზო და ბავშვები“ თუ სხვები.
ძალიან დიდი მორალური კონტრასტია – იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ციხეში სხედან და იქიდან გვწერენ, რომ არ გავტყდეთ, არ დავნებდეთ, რომ „ჩვენ მხნედ ვართ“, რადგან სამშობლოსთვის სხედან ციხეში და მეორე მხარეს დგანან ისინი, რომლებიც ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს რაღაც სიმღერაში და აქეთ გიწოდებენ ფაშისტს.
ასეთი დიდი მორალური განსხვავება ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ვერ წარმომიდგენია.
ამიტომ, საპროტესტო აქციებზე ცეკვა და სიმღერა კარგია, ენერგიას მატებს, მაგრამ მთავარი მოთხოვნები უნდა იყოს არჩევნების ჩანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება.
ქუჩის პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი და პერიოდული დიდი აქციებით. თუ ამას დიდი ინდუსტრიების გაფიცვაც დაემატება, უფრო სწრაფად ჩამოიშლება რეჟიმი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 იანვარს, ღამით, რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს.
რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს სულ 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ამჯერად უკრაინული დრონების სამიზნე იყო სარატოვის, კურსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარისა და ვოლგოგრადის ოლქები.
ტელეგრამის რუსულ არხებზე წერენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ენგელსში, სადაც დრონის აფეთქების შედეგად ნავთობის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ არის.
ქალაქი ენგელსი რუსული ავიაციის მთავარი ბაზაა და სხვადასხვა ცნობის თანახმად, იქ 30-ზე მეტი ბომბდამშენია განთავსებული. ეს ბაზა ხშირად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისას და აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის სამიზნე.
___________
ფოტოზე: ხანძარი ენგელსში მდებარე ნავთობის საწყობში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 801 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660]
ტანკი – 9 714 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 20 205 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 21 729 ერთეული [+19]
MLRS – 1 260 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 038 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 727 ერთეული [+19]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 014 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 307 ერთეული [+81]
სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 723 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 290 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 284 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 983 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება.
CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები. CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო აღწერილი ამ გაზთან დაკავშირებით, როდესაც გამოიყენეს დარბევის დროს ეგვიპტეში. მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები. ისე არ არის, ახლა რომ ცხადდება – დასაშვებია გამოყენებისთვისო.
დასაშვებია მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, როგორც იქნა გამოყენებული ჩვენი დემონსტრანტების დარბევის დროს“, – გვიხსნის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.
ის „ნეოლაბის“ ექიმია. ამ კლინიკამ აქციებზე დაშავებულებს უფასო კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა.
საქართველოში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებმაც ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია მიიღეს და დღემდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, „სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით“, კლინიკა „ნეოლაბმა“ სპეციალისტების კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა. კლინიკა შეთავაზების განცხადებაში წერს სიმპტომებზე, რა შემთხვევაშიც აქციაზე დაშავებულებმა ექიმს უნდა მიმართონ. ეს სიმპტომებია: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ღამის ოფლიანობა, თავის ტკივილი.
განცხადებაში ჩამოთვლილია ასევე იმ პირველად ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებზე, რასაც დაზარალებულებს უფასოდ ჩაუტარებენ. ასეთი კვლევებია გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ გიორგი კამკამიძის კონსულტაცია.
„ნეოლაბის“ განცხადების მიხედვით, აქციაზე დაზარალებულ პირებს გამოიკვლევენ 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით. მსურველებმა ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დარეკონ „ნეოლაბის“ ცხელ ხაზზე – 032 2392803/032 2392896/032 2144447.
გია კამკამიძეს რამდენიმე საკითხზე განმარტება ვთხოვეთ, მან ჩვენ კითხვებს უპასუხა.
ბატონო გია, რამდენად ბევრია დაზარალებული, რომლებსაც დღემდე აქვთ ჩივილები აქციებზე გაზით მოწამვლის შემდეგ და საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას, ასევე გვაინტერესებს, უკვე ვიცით დაზუსტებით რა ნივთიერებებთან გვაქვს საქმე?
ვერ დადგინდა ზუსტი რაოდენობა, საკმაოდ ბევრ ადამიანს დარჩა გარკვეული სიმპტომები. ეს იმას აჩვენებს, რომ მაგალითად თვალში ან ტანზე მაღალი დოზაა ჩასუნთქული ან მოხვედრილი იმ ნივთიერებების, რომლებსაც ჰქვიათ ლაკრიმატორები, ცრემლმდენ გაზსაც ეძახიან.
ეს ფაქტობრივად გაზი არ არის, ფხვნილია, რომელიც გამოიყენება აეროზოლის სახით ან გამოიფრქვევა ჭურვის ან კაფსულის გასკდომის დროს. ჯერ ერთი, ამ საშუალებების გამოყენება დამიზნებით არ შეიძლება, მეორეც – უნდა განარიდონ ადამიანები იმ ადგილს, სადაც გაიფრქვა. დახშულ სივრცეებში არ შეიძლება გამოყენება და ასე შემდეგ.
იქიდან გამომდინარე, რომ წესები დარღვეული იყო, კვლავ ვლინდება იმ ნივთიერების სიმპტომები, რომლის ეფექტიც, წესით, მხოლოდ 15-30 წუთს უნდა გაგრძელებულიყო.
თითქმის 1 თვეა გასული პირველი გამოყენებიდან, მაგრამ კვლავ ვხვდებით გარკვეულ სიმპტომებს – ათეული შემთხვევა იყო მაგალითად პერსონალურად ჩემთან და გაცილებით მეტი მეკონტაქტება ელექტრონულად, ასევე – მირეკავენ.
საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ საგულისხმოა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ასევე კუჭ-ნაწლავის აშლილობა… როგორც ჩანს, ეს არის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.
სახეზე სიწითლე, გამონაყარი, გამონაყარი სხვა ადგილებში, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების კვლევას.
ვინც მომაკითხა, მათთან ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, სპიროგრაფიას, სისხლის შედედების ფაქტორების კვლევას, კვლევას ღვიძლის ფუნქციების დასადგენად, ხომ არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები. გარკვეული მკურნალობა ინიშნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს სიმპტომები, იგივე ცხვირის ლორწოვანის მოვლისთვის, სასუნთქი გზების ლორწოვანის, შეშუპების და სპაზმის სამკურნალოდ…
შსს ამბობს, რომ დასაშვები ნივთიერებები გამოიყენა. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება დასაშვებიც რომ იყოს, მისი არასწორად გამოყენება – ზედმეტი დოზის ორგანიზმში მოხვედრა მაინც გამოიწვევდა მძიმე შედეგებს, ასეა?
დიახ, პირველ რიგში ვსაუბრობდით იმაზე, რომ წყალში შერევა და მისი ნაკადით მიშვერა დემონსტრანტებზე დაუშვებელია. ეს ცრემლსადენი საშუალებები ასეთი გამოყენებისთვის არ არის.
ეს იარაღი არ უნდა იყოს დამიზნებით მიშვერილი დემონსტრანტებისკენ, ის უნდა გაისროლონ 45 გრადუსიანი კუთხით მიზნისკენ, რომ პირდაპირ არ მოხვდეს ადამიანს. ეს გაზი განსაკუთრებით რეზისტენტული პროტესტანტების მიმართ უნდა გაიფრქვეს და არა ადამიანთა ამხელა მასის წინააღმდეგ, სადაც შეიძლება იყვნენ ბავშვები, ასაკოვანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამ შემთხვევაში გართულების რისკი გაცილებით მაღალია.
ასევე, დახშულ სივრცეებში იყო გამოყენებული დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ, იყო მიკროავტობუსებში, სადარბაზოებში შეფრქვევა. ეს აკრძალულია ნებისმიერი კონვენციით თუ კანონმდებლობით, თუნდაც თვითონ ამ საშუალებების ინსტრუქციით.
მისი გამეორებით, განგრძობით გამოყენება ალყაშემორტყმული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. რასაკვირველია ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად იყენებდნენ ამ საშუალებებს, უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, რომ აღარ გამეორდეს ამ საშუალებების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ CS გაზი მაგალითად სამხედრო ქმედებებშიც კი იყო აკრძალული, სპეციალური კონვენციაა ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ეპიზოდურად გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში ნამდვილად დაუშვებელია.
არაერთი მოთხოვნა არსებობს, მათ შორის ექიმების მხრიდან, რომ აუცილებელია დაზუსტებით ვიცოდეთ, რა ნივთიერებები გამოიყენეს. ჯანდაცვის სამინისტროსაც სთხოვეს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმებს. თქვენ ამბობთ, რომ ეყრდნობით „გაჟღერებულ“ ინფორმაციას და არა დაზუსტებულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგაწოდათ?
სამწუხაროდ, დაზუსტებული ინფორმაცია აქ გვაქვს. გაჟღერდა, რომ ეს საშუალებები არ არის მავნე ადამიანებისთვის. მგონი 31 დეკემბერს გააჟღერა სამინისტრომ. რასაკვირველია დეტალებზე არაფერია ცნობილი, ექიმებს არ ჩასტარებიათ საინფორმაციო კამპანია, რასაც უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასეთ სიტუაციებში.
არ ყოფილა მოწოდებული არანაირი გაიდლაინი ან ალგორითმი, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, როდესაც მას მიმართავს დაზარალებული. ეს, რასაკვირველია, დარღვევაა.
რაც მე გავაჟღერე CN და CS გაზები – მათი საწინააღმდეგო ანტიდოტი სამწუხაროდ არ არსებობს. სხვა სუბსტანციებიც იყო გამოყენებული, ზოგიერთის მიმართ შეიძლება არსებობდეს ანტიდოტი და შეიძლება მათი გამოყენება.
დაგვიანებულია, მაგრამ ამ ინფორმაციის ცოდნა დღესაც მნიშვნელოვანია, რომ შორეულ შედეგებზე ვისაუბროთ, რა სახით უნდა ვაწარმოოთ ამ ადამიანების შემდგომი მონიტორინგი, დაკვირვება, რომ არ გაგვეპაროს გარკვეული ცვლილებები იგივე სასუნთქი გზების, ასევე კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემის მხრივ.
ეს საკითხი ნამდვილად მოითხოვს ყურადღებას, არ შეიძლება მისი მიჩქმალვა. იმის თქმა, რომ ეს საშუალებები დასაშვებია, ქმნის იმის ილუზიას, რომ მომავალშიც იყოს გამოყენებული.
ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორად გამოიყენება ეს საშუალებები და ექიმების მოთხოვნაა, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ საერთოდ არ იქნას გამოყენებული ქართულ რეალობაში ეს საშუალებები – ნამდვილად არ არის საჭირო მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ მათი გამოყენება.
თქვენი კლინიკა დაზარალებულებს სთავაზობს უფასო მომსახურებას. ყველა საჭირო კვლევას ატარებთ უფასოდ?
ჩვენ ეს [მომსახურება] პირველად არ გამოვაცხადეთ, წინა დღეებშიც გვქონდა იგივე აქცია. კარგი იქნება თუ დაგვიკავშირდებიან, რადგან სასურველია ეს ყველაფერი იყოს ორგანიზებული. პირველ რიგში ჩატარდება კონსულტაცია და საბაზისო კვლევები, თუ შემდეგ გახდება მეტი კვლევა საჭირო, ჩავრთავთ სადაზღვევო კომპანიებს.
ჩვენი ამოცანაა, არ გავატაროთ, რომ თითქოსდა მსუბუქი დამშლელი საშუალებები გამოიყენეს, როგორც ამას უწოდებენ ოფიციალური წყაროები, ეს ნამდვილად არ არის ასე. დავამატებდი იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ ნამდვილად ხდება იგნორირება ამ ძირითადი უფლების, რაც დაუშვებელია.
არანაირი მიზანი, რაც შეიძლება ამოძრავებდეს დღევანდელ ხელისუფლებას, არ ამართლებს იმას, რომ ადამიანებს მიაყენოს ასეთი სიმძიმის ტრავმები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დაკავებულების წინააღმდეგ გამოყენებული, როგორც ფიზიკური ისე ქიმიური ძალადობა. ეს გაუმართლებელია და, რასაკვირველია, უნდა შეწყდეს.
იმედია, აღარ გამეორდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი არაადამიანური მოპყრობა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ, ამას ვერანაირი ბოდიში და კომპენსაცია ვეღარ გადაფარავს.
___________________________________
რა ხდება?
საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა, პარლამენტი კი საქართველოსკონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდისსაპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს, სამინისტროებში მოადგილის თანამდებობებზე დანიშნეს. მანამდე აჭარის სამინისტროების დებულებაში ცვლილებები შეიტანეს და მეხუთე მოადგილის თანამდებობა დაამატეს.
შესაბამის ცვლილებებს თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის ბოლოს მოაწერა ხელი.
მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობები უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის გარეთ დარჩენილებისთვის შექმნეს, თუმცა ამას აჭარის მთავრობაში არ ადასტურებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსაზრება გამართლდა და წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, მათთვის შექმნილი თანამდებობები დაიკავეს.
სამინისტროების დებულების მიხედვით, მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
განათლების მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ მგალობლიშვილი დანიშნეს, ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში [2020 – 2024წწ ] საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2016-2020 წლების უმაღლეს საბჭოში კი განათლების კულტურისა სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში მუშაობის დროს მან ამომრჩეველს თავი „კარბამიდის“ სკანდალით დაამახსოვრა.
აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნებოდა, „ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ნივთიერება, რომლის გადატანაც იგეგმებოდა ბათუმის ახალი ტერმინალიდან უსაფრთხო იყო. იმ დროს გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებდა, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და ახალ მშენებლობას აპროტესტებდა. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა ალექსანდრე თევზაძე, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ილია ვერძაძე, წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი მანველიძეც, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე – ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის. თუმცა პირად საუბარში სამინისტროში დასაქმებულმა პირმა დაგვიდასტურა, რომ ის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნეს და კიდევ ერთ ახალ მოადგილეს ელოდებიან, თუმცა მისი ვინაობა არ იციან.
თანამდებობაზე დანიშვნა, თავად გიორგი მანველიძემაც დაგვიდასტურა. ჯერჯერობით არ ვიცით ვის ნიშნავენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მეხუთე მოადგილედ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2025 წლის განმავლობაში ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებას შეისყიდის – ჯამში 7 630 000 ლარად.
სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელებაზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ბრძანება 2025 წლის 6 იანვარს გამოსცა. დეპარტამენტმა ამ გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა.
მომსახურებები, რომლებსაც დეპარტამენტი უტენდეროდ შეისყიდის:
„რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით] – 3 500 000 ლარი.
სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – 800 000 ლარი.
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების; საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარ აქტივობის ორგანიზება – 520 000 ლარი.
სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – 700 000 ლარი.
ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – 450 000 ლარი.
ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – 200 000 ლარი.
ფოტომომსახურება – 300 000 ლარი.
საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – 450 000 ლარი.
რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება – 500 000 ლარი.
საინფორმაციო ბროშურებისა [მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების] და სხვა მასალის მომზადება-ბეჭდვა – 150 000 ლარი.
საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე [Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor] აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების [კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს] სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – 60 000 ლარი.“
2025 წლისთვის დაგეგმილი გამოფენების ჩამონათვალი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1 127 877-ით შემცირდა.
რა ხდება?
საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
გამონაკლისი არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია, საიდანაც თამარ ლომაძე გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია.
რატომ ამოიღო განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკოლონიალური აჯანყებები, ხაზგასმულია ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის?
„ბათუმელების“ სტუდიაში ამ თემაზე საუბრობენ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 იანვარს მოსალოდნელია მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 800 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 970]
ტანკი – 9 710 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 20 189 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 21 710 ერთეული [+45]
MLRS – 1 260 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 038 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 708 ერთეული [+83]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 014 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 226 ერთეული [+170]
სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 618 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 280 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 270 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 955 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დაბა ჩაქვში 5727 კვ.მეტრი ფართობი ზღვაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ბრძანებით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ, ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად, 15 წლის ვადით, 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს.
რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც ინტერესი შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ დააფიქსირა. აქ კომპანია ზღვაზე გასასვლელი პირსის მოწყობას გეგმავს.
ყვითლად შემოხაზულია ტერიტორია, რომელიც ზღვაში ნაკვეთად დაარეგისტრირეს – სიგრძე პლაჟიდან ზღვის სიღრმეში 120 მეტრია.
სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა ზღვის ტერიტორიის გასხვისების პირობებიც: 5727.00 კვ.მეტრ ტერიტორიას ზღვაში, აღნაგობის უფლებით, საიჯარო წესით, 15 წლის ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისებენ.
აღნაგობის უფლების საზღაურად 307 000 ლარი დაადგინეს.
პირობების მიხედვით, „აღნაგობის ვადის ამოწურვის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და აღნაგობის უფლების მქონე პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისას უარი უნდა განაცხადოს მათთან დაკავშირებულ ყოველგვარ, მათ შორის, სანაცვლო ანაზღაურების მიღების მოთხოვნაზე. აღნაგობის უფლების მქონე პირს არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.“
კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ 2024 წლის თებერვალში ამ ნაკვეთის შესაძლო გასხვისებაზე გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სწერდა:
„წარმოდგენილი ფართობი მდებარეობს შავი ზღვის ტერიტორიაზე, ასევე აღნიშნული უბანი წარმოადგენს ჩაქვის სანაპირო ზონის ნაპირგასწვრივი პლაჟწარმომქმნელი ნაკადის გავრცელების ტრანზიტულ მონაკვეთს. ამდენად, წარმოდგენილი ნაკვეთის ათვისება-განაშენიანებამ არ უნდა შეაფერხოს ნატანის ნაპირგასწვრივი გადაადგილება. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს კანონის „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ მიერ დადგენილი მოთხოვნები“.
ეს ნაკვეთი ზღვაში, შპს „დრიმლენდ ოაზისის“ გასწვრივ არსებულ პლაჟს ესაზღვრება, რომელიც „დრიმლენდ ოაზისს“ ათი წლის ვადით, საიჯარო წესით აქვს აღებული. აქ კომპანია, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
კომპანიას ტერიტორია ზღვაში იმისთვის სჭირდება, რომ ქობულეთის მერიას იმ პირსის მშენებლობის პროექტი შეათანხმოს.
რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდანრენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
„ბათუმელების“ ინფორმაციით, არის რიგი საკითხები, რაც კომპანიას მთავრობასთან ბოლომდე არ ჰქონდა შეთანხმებული, როცა ქონების ეროვნულმა ტერიტორია ზღვაში აუქციონზე გასასხვისებლად გაიტანა, 2024 წლის აგვისტოში. აუქციონი 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოლაპარაკება გრძელდება ქონების განმეორებით აუქციონზე გამოსატანად.
შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც 2009 წელს ავსტრიაშია დაფუძნებული. კომპანიის 18 პროცენტი კი ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.
საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა.
„წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით.
მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს „ალკაჯეოს“ დირექტორი ლაშა კვარაცხელია აწერს.
ხელშეკრულების დანართის მიხედვით, პიროტექნიკა ჩინური წარმოებისაა:
ბათუმის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებისთვის შეძენილი პიროტექნიკა / ხელშეკრულების დანართიდან
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით – 2 დღეში განიხილა და 2024 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აქციაზე მონაწილეების მიერ პიროტექნიკის ქონას კრძალავს. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კი, ცვლილებებს ინაუგურაციიდან მალევე მოაწერა ხელი და შესაბამისად კანონი ძალაში შევიდა.
რა ხდება?
საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
2025 წლის 4 იანვარს, ბათუმში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები.
თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისიმ საახალწლო კამპანია არ გაუშვა. სანაცვლოდ კი ყველა ის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, ადამიანებს დაუთმო, რათა მათი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 27-30 დეკემბერს, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მობაილბანკში გაეზიარებინათ რას უსურვებდნენ საქართველოს 2025 წელს.
თიბისიმ სურვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მთელი საქართველოდან შეკრიბა, შემდეგ ისინი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაშალა. ასევე, სხვადასხვა შინაარსის სურვილები საქართველოს ყველა ქალაქში გავრცელდა: ქუჩებში ციფრულ მონიტორებზე, თიბისი ბანკის ფილიალის ეკრანებზე, ბანკომატებზე, მობაილბანკში, აეროპორტის ეკრანებზე, ციფრულ არხებსა და კინოთეატრებში.
„მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასი ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის მსგავსი რამაც კი. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც დღეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა დაწერა X-ზე.
კონგრესმენის ეს მადლობა ეკუთვნის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, რომელმაც 8-10 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მანამდე „მეგობარი აქტის“ ავტორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ასეთ დროს თბილისში არ ჩავიდეს. ივანიშვილის რეჟიმი მის ვიზიტს გამოიყენებს მხოლოდ როგორც საშუალებას, საკუთარი ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციისთვის. აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, – დაწერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
კონგრესმენი პოსტს თან ერთოდა წერილი, რომელიც მან პია კაუმას გაუგზავნა, სადაც ასაბუთებდა, რატომ არ თვლის მიზანშეწონილად თბილისში მის ვიზიტს.
„ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები და ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლეთთან, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ საარჩევნო თაღლითობით, „ქართულმა ოცნებამ“ დათმო დემოკრატიულობა და ლეგიტიმურობა. […]
აქამდეც ვნახეთ, როგორ ყალბად გამოიყენა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის წერილი არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, რომ თითქოს, ეუთო აღიარებდა არჩევნების შედეგებს.
მიუხედავად თქვენი კეთილშობილური მიზნებისა, ვშიშობ, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად არასწორად წარმოაჩენს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო აღიარების დასტურს“, – წერია კონგრესმენის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.
სამი ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ – პია კაუმას ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ვიზიტის გადადება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში ვიზიტის გაუქმებაზე ასევე მიესალმა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პია კაუმას თბილისში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეუფერებელ დროს ვიზიტი არ დაეხმარებოდა კრიზისის განმუხტვას.
სწორედ მსგავსი კრიტიკის შედეგად გააუქმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ფინეთის ყურეში დაკავებულ ნავთობტანკერზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება, რომლებზეც სამგზავრო აკრძალვა ვრცელდება.
კუკის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Eagle S ფინეთის ყურეში გასული წლის 26 დეკემბერს დააკავეს. ნავთობტანკერი, რომლის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა, ხოლო ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ეჭვმიტანილია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში.
გემების მიმოსვლის მეთვალყურე საიტის Marine traffic-ის მონაცემებით, ფინეთ-ესტონეთის ელექტროკაბელი იმ დროს დაზიანდა, როცა ამ კაბელის არეალში გავლისას Eagle S-მა მნიშვნელოვნად შეანელა სვლა.
ნავთობტანკერი ფინეთის სასაზღვრო დაცვის საპატრულო გემმა დააკავა და ფინეთის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანა. მოგვიანებით, ფინელმა მესაზღვრეებმა თქვეს, რომ გემის ღუზები არ იყო მისთვის განკუთვნილ ადგილას, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ ჩაშვებული ღუზის საშუალებით დაზიანდა ელექტროკაბელი. ფინური მედიის ცნობით, გარდა ელექტროკაბელისა ასევე დაზიანებულია ოთხი საკომუნიკაციო კაბელიც.
„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ 1 წევრი, სავახტო მექანიკოსი ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან.
შემთხვევას იძიებს ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს გამოძიების დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას – რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის,“- მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.
„ბათუმელებმა“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ასევე ჰკითხა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როგორ აპირებს სააგენტო რეაგირებას? მაგალითად, აპირებს თუ არა მეზღვაურებისთვის სერტიფიკატების შეჩერებას ან სხვა ღონისძიების გატარებას?
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოწოდებულ პასუხში.
რა ვიცით Eagle S-ის და ინცინდენტის შესახებ
ფინური და ბრიტანული პრესის მიხედვით, Eagle S არის რუსეთის ე.წ. „შავი ფლოტის“, იგივე ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი. ნავთობტანკერი სანკტ პეტერბურგიდან ეგვიპტეში მიდიოდა.
ბრიტანული გამოცემა Lloyd’s List წერს, რომ Eagle S-ის ნამდვილი მფლობელი უცნობია. ეს არის 15 წელზე მეტი ხნის გემი, რომლის ერთადერთი მიზანი ნავთობის ტრანსპორტირებაა სანქცირებული ქვეყნიდან. მსგავსი ტიპის გემები მოძველებულია, არ აქვთ სათანადო დაზღვევა და მათი მოძრაობა ზღვაში დიდ ეკოლოგიურ რისკებს უკავშირდება.
Lloyd’s List-ის თანახმად Eagle S ოფიციალურად არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანია Caravella-ს ეკუთვნის და ერთადერთი გემია კომპანიის ფლოტში.
ნავთობტანკერი ამჟამად ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ პორვოს მახლობლად დგას. ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში Eagle S-ის ეკიპაჟის რვა წევრს, მათ შორის კაპიტანს, ეკრძალება გემის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.
ესტონეთსა და ფინეთს შორის არსებული წყალქვეშა კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა. კაბელი ფინურ მხარესაა დაზიანებული, ამიტომ მის შეკეთებაზე პასუხისმგებელი ფინეთია. წინასწარი ინფორმაციით კაბელის შეკეთებას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მერია უწყებაში რეორგანიზაციის დაწყებას და იმ პირების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. მათ ამაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.
პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციას, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.
ოპოზიციის შეფასებით, არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შედეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ტოტალური რეპრესიები დაუპირისპირა:
„რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს. სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ კი დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი“.
საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ბათუმის მერს მოუწოდებენ არ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება:
„მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ მათ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, შპს/ა(ა)იპ-ებისა თუ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.
აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.
ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.“
საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ასევე აცხადებენ, რომ პროტესტის მოთხოვნები უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს.
„ბათუმელები“ მოკლებულია შესაძლებლობას ოპოზიციის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია გადაამოწმოს, რადგან საჯარო სამსახურები 13 იანვრამდე ისვენებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 798 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550]
ტანკი – 9 700 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 20 164 ერთეული [+45]
საარტილერიო სისტემა – 21 665 ერთეული [+62]
MLRS – 1 258 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 034 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 625 ერთეული [+178]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 056 ერთეული [+116]
სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 568 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 239 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 919 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
6 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია საღამოს 22 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ.
„ერთად შევხვდეთ შობას, მსვლელობა იქნება წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სტუდენტური ჯგუფი „პერსპექტივა“ ავრცელებს. მსვლელობის გამართვის შესახებ დღეს, 5 იანვარს, საპროტესტო აქციაზეც განაცხადეს.
6 იანვარს ზუსტად 40 დღე ხდება, რაც ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, რომლის მთავარი მოთხოვნებია სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან ქალაქის ბიუჯეტიდან.
„ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და 20 თეთრი], ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელზეც ნუცა ბუზალაძეს ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს აქვს მოწერილი.
4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის.
ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.
„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.
„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.
ბუზალაძემ ახალციხეშიც გამართა საახალწლო კონცერტი რისთვისაც 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.
დღეს, 5 იანვარს, საღამოს ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა 3 ავტომანქანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2025 წლის იანვრიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 650 ლარი იყო.
ახალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს. გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საკრებულოში დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეებიც.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, ისევე როგორც ქალაქის მერის ხელფასი, 2025 წლის იანვრიდან 31,7 პროცენტით იზრდება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.
თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მუნიციპალიტეტებისთვის [თბილისის გარდა] / წყარო: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონისაკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის შემთხვევაში ამ კოეფიციენტის ზედა ზღვარი არის 6.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით კი, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის და მერის ხელფასებიც შემდეგნაირად განისაზღვრა: 6 × 1 460 = 8 760.
ანუ, ბათუმის საკრებულომ, რომელმაც მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და ხელფასები 2024 წლის 25 ნოემბერს დაამტკიცა, ხელფასები სწორედ ზედა ზღვრით განსაზღვრა. საკრებულოს შეეძლო არ აეღო ზედა ზღვარი და საბაზო თანამდებობრივი სარგო გაცილებით დაბალ კოეფიციენტზე გადაემრავლებინა, თუმცა, მომავალი წლის ხელფასების ოდენობა არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე წელს არსებულზე დაბალი.
რა ხელფასები ექნებათ ბათუმის საკრებულოში 2025 წლის იანვრიდან:
ხელფასები ბათუმის საკრებულოში 2025 წლის იანვრიდან / წყარო: საკრებულოს დადგენილება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 2024 წლის 25 ნოემბრიდან ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა.
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“. თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვაიმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. მისი ამ გადაწყვეტილების [ასევე შუალედური არჩევნების] შემდეგ საკრებულოში ბალანსი შეიცვალა. „ოცნებამ“ თავდგირიძეს გადაწყვეტილება დაუფასა და პირველივე სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედი თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, 2024 წლის 26 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობიდან გადადგა.
2024 წლის 25 ნოემბერს საკრებულოს ხდომაზე სხვა თანამდებობრივი ცვლილებებიც განხორციელდა. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით:
ნატალია ზოიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა;
ლევან ცხოიძემ, რომელიც საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა;
ხოლო, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ ნატალია ძიძიგური აირჩია.
25 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა. შესაბამისად, დამტკიცებულია სახელფასო ხარჯებიც.
ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებში 2025 წელს 55 455 300 ლარი, ანუ 11,5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2024 წელს [გასულ წელს ხელფასებზე ქალაქის ბიუჯეტში 43 862 900 ლარია გაწერილი].
რაც შეეხება საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტს, მისი [შესაბამისად საბაზო თანამდებობრივი სარგოს – 1 460 ლარის] დამტკიცება, არაკონსტიტუციურ პარლამენტს მოუწია. 2025 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასებიც გაიზარდა. საქართველოში ხელახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით კი თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტი საპროტესტო აქციები 39-ე დღეა მიმდინარეობს.
5 იანვარს, ღამით, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ ტაგანროგს უკრაინული დრონები დაესხა თავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთ ღამეში, რუსეთის საჰაერო სივრცეში 61 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათგან 37 დრონი – როსტოვის ოლქის თავზე ჩამოადგეს.
მედიის ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად ტაგანროგში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების კედლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით ორჯერ შეუტიეს როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოს სამხედრო აეროდრომს.
ასევე გუშინ, 4 იანვარს, რუსულმა მხარემ უკრაინული დრონებით ვორონეჟში თავდასხმაზე განაცხადა. რუსეთის ცნობით, ვორონეჟში მინიმუმ 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
_____________
ფოტოზე: უკრაინელი ჯარისკაცი ამოწმებს უკრაინულ დრონს, „ფურიას“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MARIA SENOVILLA
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 0 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 3-4 ბალი, დღისით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7 და 8 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 796 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
ტანკი – 9 686 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 20 119 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 21 603 ერთეული [+25]
MLRS – 1 257 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 447 ერთეული [+91]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 940 ერთეული [+97]
სპეცტექნიკა – 3 677 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
651 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 279 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 221 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 506 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 186 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 857 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მიმდინარე პროტესტის, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების და სასტიკად ცემის გამო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.
„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.
„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.
ჯერ უცნობია, რა ჰონორარი გადაუხადეს მას ბათუმში, თუმცა ახალციხეში გამართული საახალწლო კონცერტისთვის ბუზალაძემ 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის 2024 წლის კონკურსზე საქართველოს წარადგენდა. იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
2023 წელს ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი. იმავე წელს ბუზალაძე მოსკოვში იმყოფებოდასხვა ქართველ მომღერლებთან ერთად, კერძო წვეულებაზე კონცერტის გასამართად. ამერიკული შოუს მიმდინარეობისას ნუცა ბუზალაძეს საქართველოდან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ამიტომ მისმა გამოჩენამ მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტების გარემოცვაში, კრიტიკული კითხვები გააჩინა.
თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე, გუდაურში, სამედიცინო მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს.
„სოციალურ კეთილდღეობაზე და ადამიანის ბაზისურ საჭიროებსაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა.
კურორტ გუდაურს, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო სივრცედ, სამედიცინო მომსახურება აქვთ 0, მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას.
სრიალისას დავიზიანე და გამიტყდა მარცხენა ლავიწის ძვალი, სასწრაფოსთან რომ მიმიყვანეს გადამამისამართეს ამბულატორიაში, თუმცა არც კი შეუხედავთ და უნახავთ რა მჭირდა. ამბულატორიაში მიმავალ გზაზე დავრეკეთ 112-ში, იქიდან გადამამისამართეს რაღაც ცხელ ხაზზე, ამ ყველაფერში გაიწელა დრო, დაახლოებით 25 წუთი. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და უნდა წავსულიყავი თბილისში, თუმცა ვიფიქრე. ვცდიდი ამბულატორიაში ვიზიტს, ფიქსაციას და გამაყუჩებელს მაინც გამიკეთებენ-მეთქი.
თუმცა რაც იქ ჩემმა თვალებმა ნახა იყო შემდეგი: ხელ-ფეხ დამტვრეული ხალხი იჯდა, ზოგიერთი კიდეც იწვა და ელოდებოდა რაღაცას, მაგრამ რას არ ვიცი, ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავდათ ამხელა გუდაურში. ფიქსაციაც კი არ გამიკეთეს 3 საათიან გზაზე ისე გამომიშვეს და ფეხზე დამდგარს გამიკეთეს გამაყუჩებელი!
ჩემი მეგობრის დახმარებით ჩამოვედი თბილისში და დღეს დილით გამიკეთდა ოპერაცია. კარგად ვარ, ორშაბათს გამწერენ.
რომელ ნორმალურ ან განვითარებად ქვეყანაში შეიძლება ასეთი მდგომარეობა არსებობდეს?! შეიძლება ადამიანი სრიალის დროს მიღებული ტრავმით გარდაიცვალოს, ელემენტარული ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავთ ამხელა გუდაურში. სამარცხვინოები ხართ!“ – წერს თორნიკე აბულაძე და პოსტზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და კურორტის ადმინისტრაციის გვერდს ნიშნავს.