მთავარი,სიახლეები

„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი

31.12.2024 •
„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია.

„დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე.

ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი – თუკი ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, გავაპროტესტებ ყველა პლატფორმაზე, სადაც შემეძლება“ – წერს თამარ ლომაძე.

თამარი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ის ბოლო ორი წელია, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე, 2016 წლიდან კი, პერიოდულად სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული.

თამარ ლომიძე ამბობს, რომ მას ამ დროის განმავლობაში არასდროს მიუღია შენიშვნა.

„პროფესიული კუთხით არასდროს არაფერი დამიკლია ჩემი საქმისთვის. იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მაქვს უსამართლობის ძალიან დიდი განცდა.

გულწრფელად ვერ ვხდები, როგორ გინდათ ვინმეს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოხატვის გამო გათავისუფლებენ სამსახურიდან.

საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი“- ამბობს თამარ ლომაძე.

მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ისინი აჩერებდნენ ევროპასთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებები დაიწყო.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, როგორც იურისტები აცხადებენ, რეპრესიული და არადემოკრატიულია.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ კაიკაციშვილს. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ დევნიან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით იმ უწყებაში, სადაც თვითონ არის მაღალი თანამდებობის პირი.

თამარ კაიკაციშვილი „ნაცების რეჟიმს“ თავად ადანაშაულებდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. თუმცა ახლა, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სქრინი თამარ კაიკაციშვილის ფეისბუქის გვერდიდან.

თამარ კაიკაციშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: