ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

04.01.2025
„სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.

„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მიმდინარე პროტესტის, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების და სასტიკად ცემის გამო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.

„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.

„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.

ნუცა ბუზალაძე ბიუჯეტის ფულით მღერის საახალწლო კონცერტებზე.

ჯერ უცნობია, რა ჰონორარი გადაუხადეს მას ბათუმში, თუმცა ახალციხეში გამართული საახალწლო კონცერტისთვის ბუზალაძემ 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის 2024 წლის კონკურსზე საქართველოს წარადგენდა. იგი 21-ე ადგილზე გავიდა.

2023 წელს ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი. იმავე წელს ბუზალაძე მოსკოვში იმყოფებოდა სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად, კერძო წვეულებაზე კონცერტის გასამართად. ამერიკული შოუს მიმდინარეობისას ნუცა ბუზალაძეს საქართველოდან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ამიტომ მისმა გამოჩენამ მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტების გარემოცვაში, კრიტიკული კითხვები გააჩინა.

ნახეთ ვიდეო:

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: