ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2025 წლის იანვრიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 650 ლარი იყო.
ახალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს. გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საკრებულოში დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეებიც.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, ისევე როგორც ქალაქის მერის ხელფასი, 2025 წლის იანვრიდან 31,7 პროცენტით იზრდება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.
საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის შემთხვევაში ამ კოეფიციენტის ზედა ზღვარი არის 6.საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით კი, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის და მერის ხელფასებიც შემდეგნაირად განისაზღვრა: 6 × 1 460 = 8 760.
ანუ, ბათუმის საკრებულომ, რომელმაც მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და ხელფასები 2024 წლის 25 ნოემბერს დაამტკიცა, ხელფასები სწორედ ზედა ზღვრით განსაზღვრა. საკრებულოს შეეძლო არ აეღო ზედა ზღვარი და საბაზო თანამდებობრივი სარგო გაცილებით დაბალ კოეფიციენტზე გადაემრავლებინა, თუმცა, მომავალი წლის ხელფასების ოდენობა არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე წელს არსებულზე დაბალი.
რა ხელფასები ექნებათ ბათუმის საკრებულოში 2025 წლის იანვრიდან:
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 2024 წლის 25 ნოემბრიდან ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა.
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“. თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა იმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. მისი ამ გადაწყვეტილების [ასევე შუალედური არჩევნების] შემდეგ საკრებულოში ბალანსი შეიცვალა. „ოცნებამ“ თავდგირიძეს გადაწყვეტილება დაუფასა და პირველივე სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
ამ თემაზე: როგორ იქცა ბათუმში ოპოზიციური საკრებულო „ოცნების“ საკრებულოდ – მოკლედ
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედი თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, 2024 წლის 26 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობიდან გადადგა.
2024 წლის 25 ნოემბერს საკრებულოს ხდომაზე სხვა თანამდებობრივი ცვლილებებიც განხორციელდა. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით:
- ნატალია ზოიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა;
- ლევან ცხოიძემ, რომელიც საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა;
- ხოლო, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ ნატალია ძიძიგური აირჩია.
25 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა. შესაბამისად, დამტკიცებულია სახელფასო ხარჯებიც.
ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებში 2025 წელს 55 455 300 ლარი, ანუ 11,5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2024 წელს [გასულ წელს ხელფასებზე ქალაქის ბიუჯეტში 43 862 900 ლარია გაწერილი].
რაც შეეხება საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტს, მისი [შესაბამისად საბაზო თანამდებობრივი სარგოს – 1 460 ლარის] დამტკიცება, არაკონსტიტუციურ პარლამენტს მოუწია. 2025 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასებიც გაიზარდა. საქართველოში ხელახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით კი თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტი საპროტესტო აქციები 39-ე დღეა მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ბათუმის მერის ხელფასი გაიზარდა და 8 760 ლარი გახდა – რატომ მოიმატა ჩიქოვანის ანაზღაურებამ 31,7%-ით