რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 იანვარს, ღამით, რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს.
რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს სულ 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ამჯერად უკრაინული დრონების სამიზნე იყო სარატოვის, კურსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარისა და ვოლგოგრადის ოლქები.
ტელეგრამის რუსულ არხებზე წერენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ენგელსში, სადაც დრონის აფეთქების შედეგად ნავთობის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ არის.
ქალაქი ენგელსი რუსული ავიაციის მთავარი ბაზაა და სხვადასხვა ცნობის თანახმად, იქ 30-ზე მეტი ბომბდამშენია განთავსებული. ეს ბაზა ხშირად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისას და აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის სამიზნე.
___________
ფოტოზე: ხანძარი ენგელსში მდებარე ნავთობის საწყობში.






