მთავარი,სიახლეები

პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა თბილისში რესტორანი გახსნა – შენობა უტა ივანიშვილს ეკუთვნის

08.01.2025 •
პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა თბილისში რესტორანი გახსნა – შენობა უტა ივანიშვილს ეკუთვნის

თბილისში რესტორანს ხსნის რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის კომპანია. ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

ნოვიკოვის რესტორნების ქსელის, „сыроварня“-ს გვერდზე აღნიშნულია, რომ „თბილისი сыроварня მალე გაიხსნება“. გახსნის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა რუკაზე მონიშნულია ადგილი – თბილისი, თავისუფლების მოედნის 7 ნომერი.

ამ ადგილას სასტუმრო „პარაგრაფი“ მდებარეობს, თუმცა „პარაგრაფმა“ 6 იანვარს ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომ „აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო „პარაგრაფთან“, რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია“.

ნოვიკოვის კომპანიის რესტორანი, მათ საიტზევე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განთავსებულია თავისუფლების მოედნის #7-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ მისამართზე არსებული შენობა შპს „თბილისი სითის“ საკუთრებაშია, თავად „თბილისი სითის“ 100% წილს კი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ ჯგუფის აქციებს რეესტრის ბოლო, 2024 წლის ნოემბრის ამონაწერის თანახმად, უტა ივანიშვილი ფლობს.

ნოვიკოვის რესტორანს თბილისში ინგლისური სახელწოდება აქვს – Cheesefarm. რესტორანი უკვე მუშაობს.

ბიზნესმენი არკადი ნოვიკოვი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო რუსეთის ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ნდობით აღჭურვილი პირები“ ღიად უჭერდნენ მხარს პუტინს და ჩართულნი იყვნენ მის საპრეზიდენტო კამპანიაში. მაგალითად, 2012 წელს პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის 500-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ბიზნესმენები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები.

რუსული პროპუტინისტური პარტიის, „ედინაია რასიას“ ვებგვერდზე დღემდე იძებნება 2012 წელს გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც ნოვიკოვი ამბობს, რომ „პუტინი სიტყვის და საქმის ადამიანია“, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნოვიკოვმა საგანგებოდ პუტინის შტაბის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა და ყველიერის კვირაში ბლინები მოამზადა.

2018 წელს რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით -„როგორ გახდა არკადი ნოვიკოვი კრემლის მიმწოდებელი“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რესტორატორმა და პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა 2018 წლის არჩევნებზე, კონკურენციის გარეშე მიიღო კრემლის დაკვეთები. კერძოდ, მისმა კომპანიამ, „ინტელმა“ მიიღო 2 მლნ რუბლის ღირებულების მინიმუმ 4 საპრეზიდენტო ღონისძიებაზე მომსახურების შეკვეთა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია შესყიდვების შესახებ დაგვიანებით გამოქვეყნდა.

ასევე, რუსული კრიტიკული მედიაგამოცემები 2020 წელს წერდნენ, რომ ნოვიკოვის პარტნიორებს შორის არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის [2007-2012 წლებში], ანატოლი სერდიუკოვის ოჯახები. მიშუსტინის ოჯახთან კავშირში ნოვიკოვი მოხვდა ნავალნის საგამოძიებო მასალაშიც.

არკადი ნოვიკოვს არაერთი კომპანია უკავშირდება, მათ შორის „ნოვიკოვ გრუპი“, რომელიც 265-ზე მეტ რესტორანს ფლობს რუსეთში, მათ შორის ქართული რესტორნების ქსელს – „Pro.Хинкали“.

_________________

ფოტოზე: არკადი ნოვიკოვი პუტინის შტაბისთვის გამართულ მასტერკლასზე, 2018 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: