მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

08.01.2025 •
ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული.

მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა.

  • დავით, 40 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში. მიუხედავად დასავლეთის მხრიდან არაერთი მოწოდებისა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, „ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას. თქვენ, როგორც მოქალაქე, აქტივისტი, როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების გზას?

ამ ხნის მანძილზე პროტესტის ბევრი ფორმა გამოიყენეს მოქალაქეებმა და არ არის აუცილებელი, რომ პროტესტი იყოს ერთსა და იმავე ადგილას. რისი გამოყენებაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არის გაფიცვა.

იყო რამდენიმესაათიანი ანუ სიმბოლური გაფიცვის ფორმაც გამოყენებული, მაგრამ არა მასშტაბური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს გაფიცვების ისტორია და არც პროფკავშირებია ისე განვითარებული, როგორც უცხოეთში. თუმცა მიმაჩნია, რომ გაფიცვას ალტერნატივა არ აქვს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტები უნდა შეჩერდეს. მთავარი საფრთხე იყო, რომ ახალი წლის დღეებში შენელდებოდა პროტესტი. „ოცნების“ მთავრობამაც დაამატა უქმე დღეები, რომ შეექმნა უწყვეტი, ე.წ „საცივის“ პერიოდი, როცა ხალხი არ გამოდის გარეთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სერბეთში იყო იგივე სიტუაცია 2022 წელს, როცა ოპოზიცია დავობდა არჩევნების გაყალბებაზე და ქუჩის აქციები მიმდინარეობდა, იქ 30 დეკემბერს შეწყდა აქციები, საახალწლოდ ხალხი დაიშალა და ჩვენ ეს საფრთხე ავირიდეთ.

14 იანვრამდე წავალთ ალბათ ამ ტემპით, შემდეგ იქნება ერთი დიდი აქცია საჭირო, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ დაანახებს ამ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არანაირ სეზონურობას არ ექვემდებარება.

  • ალბათ პროტესტს სჭირდება ახალი ენერგია. ამ დღეებში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ერთიანობაზე – ახალი წლის, შობის ერთად აღნიშვნასა და თანამოაზრეობაზე, მაგრამ თითქოს აკლია სიმკვეთრე მოთხოვნებს. საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები დროულად დაინიშნოს ამ ქვეყანაში და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები?

პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ეფექტურ მუშაობას ქვეყანაში.

აქ იყო ის ფაქტორიც, როცა 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს და შეიმუშავებს დოკუმენტს, სადაც ეწერება, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს და ალბათ მალე უნდა დაიდოს ეს დოკუმენტი, რომ ხალხი შეთანხმდეს, რა სახის არჩევნები უნდა.

ალბათ საჭიროა მუშაობა „ქართული ოცნების“ მომხრეებთანაც, რადგან ეს ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა მალე დაიწყოს ქვეყანაში, პირველ რიგში მათ წამოეწევათ, რადგან „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი იყო სოციალურად დაუცველი, ვისაც აშანტაჟებდნენ სოციალური დახმარების შეწყვეტით და ბიუჯეტიდან უხდიდნენ ძალიან მიზერულ თანხას იმისთვის, რომ „ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა.

ამიტომ, როცა ეკონომიკური კრიზისი დადგება ქვეყანაში, ის 100 ლარიც აღარ იქნება და ეს კრიზისი, პირველ რიგში, დაარტყამს მოსახლეობის ღარიბ ფენას.

და როგორც „ოცნება“ გვეუბნებოდა „აბა ომი გინდათ?“, ახლა ჩვენ უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რეალური საფრთხე რაც არის და ვკითხოთ „აბა სიღარიბე გინდათ?“, „აბა შიმშილი გინდათ?“ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს კი შეეხოთ სანქციები, მაგრამ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ნინო წილოსანი დადის გუდაურში და ერთობა ამ პროტესტის ფონზე. ეს ხალხი კი, ვისაც პირველი დაარტყამს კრიზისი და ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის, არის ამომრჩეველი, რომელიც მათ აძლევდა ხმას ფულის გამო.

  • „ოცნება“ გამაგრდა, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო შენობებში, იზრდიან ხელფასებს – 11 ათასი ლარი იქნება დეპუტატის ხელფასი, განკარგავენ ბიუჯეტს, იღებენ რეპრესიულ კანონებს, რისი აღსრულებაც უნებურად გვიწევს ჩვენ, მოქალაქეებს. რა არის გასაკეთებელი ამის შესაჩერებლად?

ზურაბიშვილის გეგმა ერთ-ერთია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ არავის და არანაირ თარიღს არ უნდა ველოდოთ.

20 იანვარი კი არის ტრამპის ინაუგურაციის თარიღი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ან ის, რომ 20 იანვრის შემდეგ ქოცები მიხვდებიან, რომ ტრამპი მათ მხარეს არ დგას.

ვფიქრობ, საჭიროა გაფიცვის ფორმა გავააქტიუროთ. 2-3 კაცის გაფიცვა არ არის გაფიცვა, ამისთვის საჭიროა კრიტიკული მასა გაიფიცოს. ამიტომ კოორდინაციაა საჭირო, რომ ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს ამ თემაზე. გაფიცვას მაშინ აქვს ეფექტი, თუ ის არის მასობრივი და თუ კრიტიკული ინდუსტრიები გაიფიცება, მაგალითად, საჯარო სექტორი, ავიაცია, სატრანსპორტო სისტემები. ლონდონში ყველას ეშინია მეტროს გაფიცვის, რადგან 12- მილიონიანი ქალაქია და როცა მეტრო იფიცება, ყველაფერი ჩერდება. ამის გამო ბევრ დათმობაზე წასულა მთავრობა.

  • „ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონი და ევროპული პერსპექტივის შეჩერების საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეებიც კი გაუშვეს სამსახურებიდან. ადამიანებს აქვთ შიში შემოსავლის დაკარგვის ამ სიღარიბეში, ამიტომ ასეთი კანონის პირობებში რამდენად იმუშავებს გაფიცვები?

როგორც ვიცი, არსებობს რამდენიმე ფონდი, რომლებიც ეხმარებიან სამსახურიდან გამოშვებულ ადამიანებს.

აქაც საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რადგან რაც უფრო მასშტაბური იქნება გაფიცვა, მით მალე ჩამოიშლება რეჟიმი და ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება ამ ხალხს აღადგენს სამსახურში.

ამის ტექნიკურად გამართვა არ არის შეუძლებელი. მეორე მხრივ, უნდა დავპირდეთ ამ ხალხს, რომ არ მივატოვებთ და დავუდგებით გვერდში.

  • ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ღიად აკრიტიკებენ საფრანგეთის პრეზიდენტს. მათი ენა ბევრად ცინიკურია პრეზიდენტ მაკრონის მიმართ, ვიდრე აქამდე იყო, რადგან 7 იანვარს მაკრონმა მიანიშნა ახალ არჩევნებზე, მან სალომე ზურაბიშვილსაც ღიად დაუჭირა მხარი და დაურეკა ბიძინა ივანიშვილსაც. უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთანაც იგივე მიდგომა ექნებათ, რაც ევროპარლამენტარების მიმართ აქვთ?

აქ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაკრონი პირდაპირ ამბობს არჩევნები გაყალბდაო და თუ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, უნდა განიხილონ ვადამდელი არჩევნებიო.

ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რადგან ასეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი პირდაპირ საუბრობს არჩევნების გაყალბებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე.

„ოცნებამ“ X-სა და ფეისბუქზეც დაიწყო კოორდინირებული კამპანია, რომ თურმე რუსეთი კი არა, დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში. მე მათთან შევედი დისკუსიაში, თუმცა რეალურად არგუმენტები არ აქვთ. ის, რომ ევროპარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში, ეს ხდება არჩევნების შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნება არჩევნებში ჩარევა.

მაკრონმა საკუთარ ქვეყანაში ჩანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან მას 61% არ უჭერს მხარსო, – ამბობს „ოცნება“, ასევე მათი პროპაგანდისტული მედიები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ევროკავშირში კრიზისია, საქართველოსთვის ვერ მოიცლიან და „ოცნება“ გააგრძელებს მმართველობას.

რეალურად, ეს არის სრული ტყუილი, რადგან ევროკავშირში ახლა კოალიციურ მთავრობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს არის ბუნებრივი პროცესი. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირა, ხანდახან ორი თვეც შეიძლება მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. „ოცნება“ ამ პროცესს წარმოაჩენს როგორც ქაოსს და არეულობას ევროკავშირში.

  • რას უცდის ივანიშვილი – მასობრივი ძალადობის შემდეგ „ოცნება“ ნაკლებად იმჩნევს საპროტესტო აქციებს. ივანიშვილმა ერთხელ უკვე თქვა, რომ მისი რატეგია ოპონენტების გადაღლას ეფუძნება. ამჯერად რა სტრატეგიით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით?

ჩემი აზრით, ივანიშვილი არის შიშით შეპყრობილი ადამიანი. მისი გეგმა იმდენად არის თვითგადარჩენაზე ორიენტირებული, რომ ცდილობს, მისთვის საუკეთესო თვითგადარჩენის ვარიანტი გამოისყიდოს.

მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ არის რაღაცები კიდევ, რაც არ დაუსანქცირებიათ. ასევე ვიცით, რომ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ საფრანგეთის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას მოქალაქეობა.

  • რის საფუძველზე შეუძლია, არსებობს ამის პრეცედენტი?

მარტივი არ არის, მაგრამ ფრანგული კანონმდებლობით, თუკი დაამტკიცებენ, რომ ივანიშვილი წარმოადგენს საფრთხეს საფრანგეთისთვის, შესაძლოა ესეც გახდეს ვაჭრობის საგანი. საფრანგეთის მოქალაქეობა ივანიშვილისთვის რუსეთისგან თავდაცვის გარანტიაც შეიძლება იყოს.

ლიეტუვას შემთხვევაშიც არსებობს ასეთი პრეცედენტი, როცა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს პირი და ჩამოართვეს მოქალაქეობა.

შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი რისკი ივანიშვილისთვის. მეორე რისკი არის ფული და კომპანიები, რომლებიც ივანიშვილს აქვს და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის ფულიც.

ერთია ის შიში, რომ რუსეთი რას უზამს, თუკი ის აქ დათმობს სიტუაციას და მეორე, რამდენ ფულს დაკარგავს.

თუკი ივანიშვილს ექნება გარანტიები, რომ ის თავისი ფულის ნაწილს შეინარჩუნებს, შესაძლოა რაღაც დათმობებზე წამოვიდეს იძულებით. ამიტომ აქ ვხედავ მაკრონის და, ზოგადად, დასავლეთის ჩართულობას, რომ დაანახონ ივანიშვილს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი მისთვის. მეორე მხრივ, ხალხმა უნდა დავანახოთ ივანიშვილს, რომ მისი და მისი მთავრობის აქ ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.

თუ ისინი ვერ გაივლიან ქუჩაში თავისუფლად, ისე, რომ ვიღაცამ არ მიაძახოს „მონა, მონა“, თუ ვერ დაჯავშნიან სასტუმროებს, ვერ ივლიან თავისუფლად ევროპაში, რადგან  იქაც დიასპორა დახვდებათ, ეს ძალიან რთული იქნება მათთვის.

დავით ჯინჭარაძე

ელჩების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ, მაგალითად, ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მასობრივად აუქმებდა ყველა ივენთს, რადგან საპროტესტო აქციები იმართებოდა იქ, სადაც ივენთებს გეგმავდნენ.

ჩემი აზრით, ამას „ოცნება“ ვერ გაუძლებს. შეიძლება ივანიშვილმა გაუძლოს, მაგრამ ივანიშვილს სჭირდება ხალხი, ერთი მხრივ, პროპაგანდისტები და მეორე მხრივ, ძალადობის აღმსრულებლები. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მოძალადე ხალხზე როგორც კი დაიწყო პირადი ინფორმაციის მოძიება და გასაჯაროება, დაჭერებისა და ძალადობის ინტენსივობაც შედარებით შემცირდა.

მეორე მხრივ, როცა ხალხმა მიაღწია იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ღია ეთერი აქვთ, ამანაც შეასუსტა „ოცნების“ პროპაგანდა, რადგან რეგიონებში უყურებენ და იღებენ ინფორმაციას.

გართულდა ანტი ლგბტ პროპაგანდის წარმოებაც, რადგან როცა აქტივისტმა თამარ ჯაყელმა გაავრცელა ინფორმაცია „იმედის“ მფლობელის შვილზე, რომ ის არის ღია ლესბოსელი და ბედნიერად ცხოვრობს ამერიკაში, აქ რატომ ერჩის მამამისი ადამიანებს, ამის შემდეგ ერთი-ორი დღე „იმედი“ იყო ჩუმად.

  • პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები პერიოდულად აგზავნიან წერილებს ქართული საზოგადოების გასამხნევებლად. თუ ადევნებთ თვალს ამ ახალგაზრდების აქტივიზმს ციხეებიდან და რა შთაბეჭდილებას ახდენს მათი წერილები თქვენზე?

ჩემთვის ეს ამბავი შემაძრწუნებელია და ამასთან არის იმედისმომცემი. ეს ხალხი ისჯება არა დანაშაულის გამო, არამედ სამშობლოს სიყვარულისთვის.

ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, რომ 51 უდანაშაულო ადამიანი ჯერ კიდევ ციხეშია, ამ დროს კი „ოცნების“ კარის მომღერლებს ჰყოფნით უტიფრობა, რომ ბათუმის მერიიდან 25, 30, 40 000 ლარი აიღონ და ის ხალხი, ვინც ამის გამო აკრიტიკებს მათ, ფაშისტები ეძახონ. იქნება ეს ბუზალაძე, „რეზო და ბავშვები“ თუ სხვები.

ძალიან დიდი მორალური კონტრასტია – იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ციხეში სხედან და იქიდან გვწერენ, რომ არ გავტყდეთ, არ დავნებდეთ, რომ „ჩვენ მხნედ ვართ“, რადგან სამშობლოსთვის სხედან ციხეში და მეორე მხარეს დგანან ისინი, რომლებიც ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს რაღაც სიმღერაში და აქეთ გიწოდებენ ფაშისტს.

ასეთი დიდი მორალური განსხვავება ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ვერ წარმომიდგენია.

ამიტომ, საპროტესტო აქციებზე ცეკვა და სიმღერა კარგია, ენერგიას მატებს, მაგრამ მთავარი მოთხოვნები უნდა იყოს არჩევნების ჩანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება.

ქუჩის პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი და პერიოდული დიდი აქციებით. თუ ამას დიდი ინდუსტრიების გაფიცვაც დაემატება, უფრო სწრაფად ჩამოიშლება რეჟიმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: