ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარის ფეიერვერკები შეიძინა

06.01.2025 •
ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარის ფეიერვერკები შეიძინა

საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა.

„წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით.

მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს „ალკაჯეოს“ დირექტორი ლაშა კვარაცხელია აწერს.

ხელშეკრულების დანართის მიხედვით, პიროტექნიკა ჩინური წარმოებისაა:

ბათუმის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებისთვის შეძენილი პიროტექნიკა / ხელშეკრულების დანართიდან

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით – 2 დღეში განიხილა და 2024 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აქციაზე მონაწილეების მიერ პიროტექნიკის ქონას კრძალავს. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კი, ცვლილებებს ინაუგურაციიდან მალევე მოაწერა ხელი და შესაბამისად კანონი ძალაში შევიდა.

  • რა ხდება?

საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

2025 წლის 4 იანვარს, ბათუმში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.

____

ვრცლად:

ბათუმის ბიუჯეტიდან ნუცა ბუზალაძეს 25 510 ლარს გადაუხდიან

მთავარი ფოტო: საახალწლო ფეიერვერკი ბათუმში / ფოტო: ბათუმის მერია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: