მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს – ოპოზიცია მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე

06.01.2025
ბათუმის მერია თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს – ოპოზიცია მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მერია უწყებაში რეორგანიზაციის დაწყებას და იმ პირების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. მათ ამაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. 

პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციას, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.

ოპოზიციის შეფასებით, არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შედეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ტოტალური რეპრესიები დაუპირისპირა:

„რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს. სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ კი დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი“.

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ბათუმის მერს მოუწოდებენ არ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება:

„მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ მათ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, შპს/ა(ა)იპ-ებისა თუ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.

აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.

ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.“

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ასევე აცხადებენ, რომ პროტესტის მოთხოვნები უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს.

„ბათუმელები“ მოკლებულია შესაძლებლობას ოპოზიციის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია გადაამოწმოს, რადგან საჯარო სამსახურები 13 იანვრამდე ისვენებენ.

ამავე თემაზე:

რა ვიცით საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე – „მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 86 ადამიანია გაშვებული“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: