მთავარი,სიახლეები

თბილისში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება

09.01.2025
თბილისში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება

კვირას, 12 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, გაიმართება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა.

„12 იანვარს გიწვევთ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობაზე. შევიკრიბოთ 7 საათზე ფილარმონიასთან, თან ვიქონიოთ ფურცლები, რომელზეც ეწერება რეჟიმის მსხვერპლთა ვინაობა და რეპრესიის ზომა, მათი ფოტოები, ბანერები, დროშები. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასრულების, სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გავმართოთ მსვლელობა პარლამენტამდე,“ – ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერაა ორგანიზებული.

საბჭოთა რუსული საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში ასიათასობით მოქალაქეს შეეხო. დაპატიმრება, წამება, გადასახლება/დეპორტაცია, ქონების კონფისკაცია, დახვრეტა, სადამსჯელო ფსიქიატრია – ათწლეულების განმავლობაში მასობრივად გამოიყენებოდა ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ფიზიკურად მოსასპობად, გადარჩენილების დასაშინებლად და თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩასახშობად.

„საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი და მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში მეთოდურად ცდილობენ, დაეყრდნონ ტერორისა და რეპრესიების საბჭოურ გამოცდილებას – გამოიყენონ საბჭოური პროპაგანდის ყველა მეთოდი მოქალაქეთა დასაშინებლად და დასაბნევად, ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ მოქალაქეებს, დააპატიმრონ, მასობრივად გააძევონ სამსახურებიდან და ეკონომიკური დაუცველობისათვის გაწირონ პატიოსანი საჯარო მოხელეები, გაანადგურონ თავისუფალი მედია…

ივანიშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების იდეისათვის ბრძოლა – საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის რევანშზე გამარჯვებისათვის ბრძოლაცაა. ტერორსა და შიშს თავისუფალი მოქალაქეების სოლიდარობა და მტკიცე ნება ამარცხებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სოვლაბი ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მსვლელობის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ გადაინაცვლონ ტერორის სახლთან – ჩეკას სახლთან (ინგოროყვას #22), სადაც მონაწილეები ისაუბრებენ საბჭოთა რუსული რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიებზე, მემკვიდრეობაზე და მომავლის ხედვაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: