აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2025 წლის განმავლობაში ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებას შეისყიდის – ჯამში 7 630 000 ლარად.
სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელებაზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ბრძანება 2025 წლის 6 იანვარს გამოსცა. დეპარტამენტმა ამ გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა.
მომსახურებები, რომლებსაც დეპარტამენტი უტენდეროდ შეისყიდის:
- „რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით] – 3 500 000 ლარი.
- სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – 800 000 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების; საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარ აქტივობის ორგანიზება – 520 000 ლარი.
- სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – 700 000 ლარი.
- ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – 450 000 ლარი.
- ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – 200 000 ლარი.
- ფოტომომსახურება – 300 000 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – 450 000 ლარი.
- რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება – 500 000 ლარი.
- საინფორმაციო ბროშურებისა [მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების] და სხვა მასალის მომზადება-ბეჭდვა – 150 000 ლარი.
- საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე [Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor] აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების [კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს] სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – 60 000 ლარი.“
2025 წლისთვის დაგეგმილი გამოფენების ჩამონათვალი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1 127 877-ით შემცირდა.
- რა ხდება?
საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
გამონაკლისი არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია, საიდანაც თამარ ლომაძე გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია.
ვრცლად:
„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი