2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.
სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ შტატს წარმოადგენს უილსონი აშშ საკანონმდებლო ორგანოში. სამახსოვრო დაფაზე წერია: “გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, დაფის ასლი საქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხედრო ატაშეს, ვეფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.
ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და მან ეს პირადად გამოსცადა. „ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთსა და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.
არჩილ გეგეშიძე კი იხსენებს:
„ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი გახლდათ. მისი აქტიური მონაწილეობით მეგობართა ჯგუფმა შეიმუშავა და წარმომადგენლობათა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდასაჭერი ისტორიული რეზოლუცია, სადაც, სხვასთან ერთად, აღნიშნულია, რომ აშშ არასდროს და არც ერთ ვითარებაში არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (თავის დროზე, ე.წ. „სტიმსონის დოქტრინით“ ნასაზრდოებმა მსგავსმა დებულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბალტიის რესპუბლიკების სუვერენიზაციის და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში).
მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ ამ და სხვა შემთხვევებში კონგრესმენ ჯო უილსონსა და მის კოლეგებს მხოლოდ საქართველოსადმი გულწრფელი სიყვარული და მისი ხელისუფლებისადმი პატივისცემა ამოძრავებდათ და მზად იყვნენ ყოველგვარი ანგარების გარეშე ეზრუნათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებაზე.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდეა დასული. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და სახელისუფლებლო პროპაგანდისტები კონგრესმენ ჯო უილსონს დამცირების მიზნით „კეზერაშვილის დაქირავებულად“ მოიხსენიებდნენ.
ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჯო უილსონი იმდენად განიხიბლებოდა თანამედროვე ფორმაციის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით, რომ მას „ქართულ კოშმარს“ უწოდებდა და მისი ლიდერების დასანქცირებას მოითხოვდა. ნამდვილი ბედის ირონიაა“, – წერს არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.