ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტიდან ნუცა ბუზალაძეს 25 510 ლარს გადაუხდიან

05.01.2025 •
ბათუმის ბიუჯეტიდან ნუცა ბუზალაძეს 25 510 ლარს გადაუხდიან

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან ქალაქის ბიუჯეტიდან.

„ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და 20 თეთრი], ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელზეც ნუცა ბუზალაძეს ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს აქვს მოწერილი.

4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.

„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის.

ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.

„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.

„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.

ბუზალაძემ ახალციხეშიც გამართა საახალწლო კონცერტი რისთვისაც 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

___________

ფოტო: ბათუმის მერია 

ამ თემაზე:

„სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: