მთავარი,სიახლეები

გემის დატოვება აუკრძალეს ქართველ მეზღვაურებს, რომელთაც ფინეთის ყურეში კაბელის დაზიანებას ედავებიან

06.01.2025 •
გემის დატოვება აუკრძალეს ქართველ მეზღვაურებს, რომელთაც ფინეთის ყურეში  კაბელის დაზიანებას ედავებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ფინეთის ყურეში დაკავებულ ნავთობტანკერზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება, რომლებზეც სამგზავრო აკრძალვა ვრცელდება.

კუკის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Eagle S ფინეთის ყურეში გასული წლის 26 დეკემბერს დააკავეს. ნავთობტანკერი, რომლის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა, ხოლო ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ეჭვმიტანილია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში.

გემების მიმოსვლის მეთვალყურე საიტის Marine traffic-ის მონაცემებით, ფინეთ-ესტონეთის ელექტროკაბელი იმ დროს დაზიანდა, როცა ამ კაბელის არეალში გავლისას Eagle S-მა მნიშვნელოვნად შეანელა სვლა.

ნავთობტანკერი ფინეთის სასაზღვრო დაცვის საპატრულო გემმა დააკავა და ფინეთის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანა. მოგვიანებით, ფინელმა მესაზღვრეებმა თქვეს, რომ გემის ღუზები არ იყო მისთვის განკუთვნილ ადგილას, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ ჩაშვებული ღუზის საშუალებით დაზიანდა ელექტროკაბელი. ფინური მედიის ცნობით, გარდა ელექტროკაბელისა ასევე დაზიანებულია ოთხი საკომუნიკაციო კაბელიც.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ 1 წევრი, სავახტო მექანიკოსი ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან.

შემთხვევას იძიებს ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს გამოძიების  დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას – რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის,“- მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.

„ბათუმელებმა“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ასევე ჰკითხა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როგორ აპირებს სააგენტო რეაგირებას?  მაგალითად, აპირებს თუ არა მეზღვაურებისთვის სერტიფიკატების შეჩერებას ან სხვა ღონისძიების გატარებას?

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოწოდებულ პასუხში.

  • რა ვიცით Eagle S-ის და ინცინდენტის შესახებ

ფინური და ბრიტანული პრესის მიხედვით, Eagle S არის რუსეთის ე.წ. „შავი ფლოტის“, იგივე ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი. ნავთობტანკერი სანკტ პეტერბურგიდან ეგვიპტეში მიდიოდა.

ბრიტანული გამოცემა Lloyd’s List წერს, რომ Eagle S-ის ნამდვილი მფლობელი უცნობია. ეს არის 15 წელზე მეტი ხნის გემი, რომლის ერთადერთი მიზანი ნავთობის ტრანსპორტირებაა სანქცირებული ქვეყნიდან. მსგავსი ტიპის გემები მოძველებულია, არ აქვთ სათანადო დაზღვევა და მათი მოძრაობა ზღვაში დიდ ეკოლოგიურ რისკებს უკავშირდება.

Lloyd’s List-ის თანახმად Eagle S ოფიციალურად არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანია Caravella-ს ეკუთვნის და ერთადერთი გემია კომპანიის ფლოტში.

ნავთობტანკერი ამჟამად ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ პორვოს მახლობლად დგას. ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში Eagle S-ის ეკიპაჟის რვა წევრს, მათ შორის კაპიტანს, ეკრძალება გემის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.

ესტონეთსა და ფინეთს შორის არსებული წყალქვეშა კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა. კაბელი ფინურ მხარესაა დაზიანებული, ამიტომ მის შეკეთებაზე პასუხისმგებელი ფინეთია. წინასწარი ინფორმაციით კაბელის შეკეთებას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: