მთავარი,სიახლეები

6 იანვარს ბათუმში პროტესტის მონაწილეები საშობაო მსვლელობას აანონსებენ

05.01.2025
6 იანვარს ბათუმში პროტესტის მონაწილეები საშობაო მსვლელობას აანონსებენ

6 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია საღამოს 22 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ.

„ერთად შევხვდეთ შობას, მსვლელობა იქნება წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სტუდენტური ჯგუფი „პერსპექტივა“ ავრცელებს. მსვლელობის გამართვის შესახებ დღეს, 5 იანვარს, საპროტესტო აქციაზეც განაცხადეს.

6 იანვარს ზუსტად 40 დღე ხდება, რაც ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, რომლის მთავარი მოთხოვნებია სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: