„საჯარო სექტორიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვენ 33-მა მოქალაქემ მოგვმართა, ეს ადამიანები გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან: საჯარო რეესტრიდან, პრობაციის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, ცესკოდან, შსს-დან… ეს რიცხვი არაა ზუსტი, ბევრად მეტი საჯარო მოსამსახურე გაუშვეს სამსახურიდან მარტო იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ანუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს.
მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 86 ადამიანია გაშვებული. ჯერ უცნობია, რამდენი დაიწყებს სამართლებრივ დავას და გაასაჩივრებს გათავისუფლებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახი სამხარაძე, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარე.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
უფლებადამცველების თქმით, ყველაზე მეტი საჯარო მოხელე ამ ეტაპზე საჯარო რეესტრიდან გაუშვეს, რადგან იქ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ვადიანი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეებიდან „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტების კოორდინატორმა, თათია ქინქლაძემ სასამართლოს 10 სარჩელით უკვე მიმართა, 20 სარჩელზე კი ახლა მუშაობს.
„ეს რეპრესიების ტალღის გაგრძელებაა, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ ადამიანებს, დაუსაბუთებელია ამ საჯარო მოხელეების გათავისუფლების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ვლინდება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
ამ საქმეების ანალიზიდან ჩანს, რომ გაათავისუფლეს ის მოხელეები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარის ევროინტეგრაციის პროცესს,“ – გვითხრა თათია ქინქლაძემ.
იურისტის თქმით, ეს საქმეები სასამართლოებში წარმოებაში მიღების ეტაპზეა. სარჩელების მოთხოვნა გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობაა. სარჩელებში, რომლებიც ამ დღეებში შევა სასამართლოში, მოითხოვენ დისკრიმინაციის დადგენასაც.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების კონკრეტული საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ISFED და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები უახლოეს დღეებში, მონაცემების შესწავლის შემდეგ აპირებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცხელი ხაზზე მიმართვა ისევ შეუძლიათ საჯარო მოხელეებს ნომერზე – 599 948 671
„ჩვენ მოგვმართეს 16 შემთხვევაში.
ჭარბობს საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულთა მაჩვენებელი. თითოეულ მათგანს სჯიან იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ მკაფიო პოზიცია საგარეო კურსის ცვლილების გამო, ასევე საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას სხვადასხვა ნიშნით, ამაზე ჩამოვყალიბდებით, სათითაოდ როცა განვიხილავთ საქმეებს,“ – გვითხრა თეო ზაქარაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა და მთავარმა იურისტმა.
თუ კონკრეტული საჯარო მოხელე კონკრეტული ვადით იყო დასაქმებული და ეს ვადა გავიდა, რატომ არ არსებობს მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი? – ვკითხეთ იურისტს.
„შესასწავლია, რა საფუძვლით გამოარჩიეს ეს პირები, ვისაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. არის შემთხვევები, როცა ვადის გასვლის ფორმალური საფუძველი არ არის საკმარისი ხელშეკრულების შესაწყვეტად, როცა ხელშეკრულება გაფორმებულია ზედიზედ 30 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. ის უკვე ითვლება უვადოდ დასაქმებულად.
თუ 30 თვე არ არის გასული, უნდა შემოწმდეს, რა გახდა ვადიანი ხელშეკრულების დადების საფუძველი, დასაბუთებული იყო თუ არა ვადა, მცირე ვადით ხელშეკრულების დადებას საფუძველი უნდა ჰქონდეს. შესასწავლია, სწორად მოიქცა თუ არა ესა თუ ის უწყება. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როცა ვადის გასვლის შემდეგ, მაგალითად, სკოლის დირექტორების ნაწილს გაუგრძელეს ვადა, ნაწილს – არა.
ამ ეტაპზე რაც ნამდვილად გამოხატულია, არის ის, რომ ვინც ჩვენ მოგვმართა და უკვე აღარ აქვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მათ დაფიქსირებული აქვთ კრიტიკული პოზიციები „ქართული ოცნების“ მიმართ, მათ შორის, პეტიციაზე ხელის მოწერით და აქციებში მონაწილეობით,“ – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
არის ყოფილი საჯარო მოხელის დაცვის საშუალება სასამართლო?
„9 და 10 წელი გვიდავია სასამართლოში და მიგვიღწევია შედეგისთვის. გვქონია საქმეები, როცა 13 წელი ვიცავდით საჯარო მოხელეების ინტერესებს. ბევრი ცუდი კანონი გვინახავს, რომელიც გაუქმდა. ჩვენ საბოლოოდ მაინც შევძლებთ გამარჯვებას.
გაუარესდა სისტემა და მექანიზმებიც, რეორგანიზაციებს დაგეგმავენ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი რეპრესიულ კანონად გადააქციეს.
მანამდე თუ რეპრესიები ძირითადად უკავშირდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ამჯერად რეპრესიების წყარო ეს კანონიც გახდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ამით საჯარო მოხელეებს ვერ შეაშინებენ. ის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს, ამ სისტემას საბოლოოდ ჩამოშლის. ამ პროფესიონალ ადამიანებზე დგას დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეო ზაქარაშვილმა.
„შრომითი დავების შემთხვევაში სასამართლო ძირითადად სარჩელებს აკმაყოფილებს,“ – სასამართლოში საჯარო მოხელეების ინტერესების დაცვის შესაძლებლობას ხედავს კახი სამხარაძე, ის საჯარო მოხელეა და რამდენიმე საჯარო მოხელესთან ერთად „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ დაფუძნებას ცდილობს. კახი სამხარაძე ამბობს, რომ რეესტრი განზრახ უქმნის ბარიერს საჯარო მოსამსახურეებს, შექმნან პროფესიული კავშირი. განაცხადი ახალი პროფკავშირის შექმნაზე რეესტრში 2024 წლის 25 დეკემბერს შევიდა.
„საჯარო რეესტრში ცალსახად ხდება დისკრიმინაცია, როცა იქიდან ათავისუფლებენ ადამიანებს… ვიაქტიურებთ არამხოლოდ შიდასამართლებრივი მექანიზმებით, არამედ ჩვენი მიზანია ვამხილოთ ეს საჯარო უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩვენი მიზანია, რომ ეს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები დაბრუნდნენ საჯარო სამსახურებში. არსებობენ ფონდებიც, რომლითაც შესაძლებელია დავეხმაროთ საჯარო მოხელეებს. გრძელვადიანი პროგრამაც უნდა შევიმუშაოთ, რომ დავეხმაროთ ყოფილ საჯარო მოსამსახურეებს დასაქმების პროცედურებში. უნდა შეიქმნას გრძელვადიანი სოციალური გარანტიები,“ – გვითხრა კახი სამხარაძემ.
უახლოეს პერიოდში საჯარო მოსამსახურეების პროფკავშირი რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
________________________
ფოტო: „ნეტგაზეთი“
ამავე თემაზე:
კიდევ ერთი საჯარო მოხელე წერს, რომ გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით