„მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასი ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის მსგავსი რამაც კი. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც დღეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა დაწერა X-ზე.
კონგრესმენის ეს მადლობა ეკუთვნის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, რომელმაც 8-10 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მანამდე „მეგობარი აქტის“ ავტორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ასეთ დროს თბილისში არ ჩავიდეს. ივანიშვილის რეჟიმი მის ვიზიტს გამოიყენებს მხოლოდ როგორც საშუალებას, საკუთარი ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციისთვის. აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, – დაწერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
კონგრესმენი პოსტს თან ერთოდა წერილი, რომელიც მან პია კაუმას გაუგზავნა, სადაც ასაბუთებდა, რატომ არ თვლის მიზანშეწონილად თბილისში მის ვიზიტს.
„ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები და ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლეთთან, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ საარჩევნო თაღლითობით, „ქართულმა ოცნებამ“ დათმო დემოკრატიულობა და ლეგიტიმურობა. […]
აქამდეც ვნახეთ, როგორ ყალბად გამოიყენა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის წერილი არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, რომ თითქოს, ეუთო აღიარებდა არჩევნების შედეგებს.
მიუხედავად თქვენი კეთილშობილური მიზნებისა, ვშიშობ, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად არასწორად წარმოაჩენს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო აღიარების დასტურს“, – წერია კონგრესმენის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.
სამი ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ – პია კაუმას ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ვიზიტის გადადება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში ვიზიტის გაუქმებაზე ასევე მიესალმა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პია კაუმას თბილისში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეუფერებელ დროს ვიზიტი არ დაეხმარებოდა კრიზისის განმუხტვას.
სწორედ მსგავსი კრიტიკის შედეგად გააუქმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოში.