მთავარი,სიახლეები

ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში დაუშვებელია – ექიმი აქციებზე გაზით მოწამვლის შესახებ

07.01.2025 •
ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში დაუშვებელია – ექიმი აქციებზე გაზით მოწამვლის შესახებ

„გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება.

CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები. CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო აღწერილი ამ გაზთან დაკავშირებით, როდესაც გამოიყენეს დარბევის დროს ეგვიპტეში. მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები. ისე არ არის, ახლა რომ ცხადდება – დასაშვებია გამოყენებისთვისო.

დასაშვებია მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, როგორც იქნა გამოყენებული ჩვენი დემონსტრანტების დარბევის დროს“, – გვიხსნის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.

ის „ნეოლაბის“ ექიმია. ამ კლინიკამ აქციებზე დაშავებულებს უფასო კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა.

საქართველოში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებმაც ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია მიიღეს და დღემდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, „სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით“, კლინიკა „ნეოლაბმა“ სპეციალისტების კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა. კლინიკა შეთავაზების განცხადებაში წერს სიმპტომებზე, რა შემთხვევაშიც აქციაზე დაშავებულებმა ექიმს უნდა მიმართონ. ეს სიმპტომებია: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ღამის ოფლიანობა, თავის ტკივილი.

განცხადებაში ჩამოთვლილია ასევე იმ პირველად ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებზე, რასაც დაზარალებულებს უფასოდ ჩაუტარებენ. ასეთი კვლევებია გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ გიორგი კამკამიძის კონსულტაცია.

„ნეოლაბის“ განცხადების მიხედვით, აქციაზე დაზარალებულ პირებს გამოიკვლევენ 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით. მსურველებმა ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დარეკონ „ნეოლაბის“ ცხელ ხაზზე – 032 2392803/032 2392896/032 2144447.

გია კამკამიძეს რამდენიმე საკითხზე განმარტება ვთხოვეთ, მან ჩვენ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო გია, რამდენად ბევრია დაზარალებული, რომლებსაც დღემდე აქვთ ჩივილები აქციებზე გაზით მოწამვლის შემდეგ და საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას, ასევე გვაინტერესებს, უკვე ვიცით დაზუსტებით რა ნივთიერებებთან გვაქვს საქმე?

ვერ დადგინდა ზუსტი რაოდენობა, საკმაოდ ბევრ ადამიანს დარჩა გარკვეული სიმპტომები. ეს იმას აჩვენებს, რომ მაგალითად თვალში ან ტანზე მაღალი დოზაა ჩასუნთქული ან მოხვედრილი იმ ნივთიერებების, რომლებსაც ჰქვიათ ლაკრიმატორები, ცრემლმდენ გაზსაც ეძახიან.

ეს ფაქტობრივად გაზი არ არის, ფხვნილია, რომელიც გამოიყენება აეროზოლის სახით ან გამოიფრქვევა ჭურვის ან კაფსულის გასკდომის დროს. ჯერ ერთი, ამ საშუალებების გამოყენება დამიზნებით არ შეიძლება, მეორეც – უნდა განარიდონ ადამიანები იმ ადგილს, სადაც გაიფრქვა. დახშულ სივრცეებში არ შეიძლება გამოყენება და ასე შემდეგ.

იქიდან გამომდინარე, რომ წესები დარღვეული იყო, კვლავ ვლინდება იმ ნივთიერების სიმპტომები, რომლის ეფექტიც, წესით, მხოლოდ 15-30 წუთს უნდა გაგრძელებულიყო.

თითქმის 1 თვეა გასული პირველი გამოყენებიდან, მაგრამ კვლავ ვხვდებით გარკვეულ სიმპტომებს – ათეული შემთხვევა იყო მაგალითად პერსონალურად ჩემთან და გაცილებით მეტი მეკონტაქტება ელექტრონულად, ასევე – მირეკავენ.

საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ საგულისხმოა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ასევე კუჭ-ნაწლავის აშლილობა… როგორც ჩანს, ეს არის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.

სახეზე სიწითლე, გამონაყარი, გამონაყარი სხვა ადგილებში, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების კვლევას.

ვინც მომაკითხა, მათთან ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, სპიროგრაფიას, სისხლის შედედების ფაქტორების კვლევას, კვლევას ღვიძლის ფუნქციების დასადგენად, ხომ არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები. გარკვეული მკურნალობა ინიშნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს სიმპტომები, იგივე ცხვირის ლორწოვანის მოვლისთვის, სასუნთქი გზების ლორწოვანის, შეშუპების და სპაზმის სამკურნალოდ…

  • შსს ამბობს, რომ დასაშვები ნივთიერებები გამოიყენა. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება დასაშვებიც რომ იყოს, მისი არასწორად გამოყენება – ზედმეტი დოზის ორგანიზმში მოხვედრა მაინც გამოიწვევდა მძიმე შედეგებს, ასეა?

დიახ, პირველ რიგში ვსაუბრობდით იმაზე, რომ წყალში შერევა და მისი ნაკადით მიშვერა დემონსტრანტებზე დაუშვებელია. ეს ცრემლსადენი საშუალებები ასეთი გამოყენებისთვის არ არის.

ეს იარაღი არ უნდა იყოს დამიზნებით მიშვერილი დემონსტრანტებისკენ, ის უნდა გაისროლონ 45 გრადუსიანი კუთხით მიზნისკენ, რომ პირდაპირ არ მოხვდეს ადამიანს. ეს გაზი განსაკუთრებით რეზისტენტული პროტესტანტების მიმართ უნდა გაიფრქვეს და არა ადამიანთა ამხელა მასის წინააღმდეგ, სადაც შეიძლება იყვნენ ბავშვები, ასაკოვანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამ შემთხვევაში გართულების რისკი გაცილებით მაღალია.

ასევე, დახშულ სივრცეებში იყო გამოყენებული დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ, იყო მიკროავტობუსებში, სადარბაზოებში შეფრქვევა. ეს აკრძალულია ნებისმიერი კონვენციით თუ კანონმდებლობით, თუნდაც თვითონ ამ საშუალებების ინსტრუქციით.

მისი გამეორებით, განგრძობით გამოყენება ალყაშემორტყმული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. რასაკვირველია ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად იყენებდნენ ამ საშუალებებს, უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, რომ აღარ გამეორდეს ამ საშუალებების გამოყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ CS გაზი მაგალითად სამხედრო ქმედებებშიც კი იყო აკრძალული, სპეციალური კონვენციაა ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ეპიზოდურად გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში ნამდვილად დაუშვებელია.

  • არაერთი მოთხოვნა არსებობს, მათ შორის ექიმების მხრიდან, რომ აუცილებელია დაზუსტებით ვიცოდეთ, რა ნივთიერებები გამოიყენეს. ჯანდაცვის სამინისტროსაც სთხოვეს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმებს. თქვენ ამბობთ, რომ ეყრდნობით „გაჟღერებულ“ ინფორმაციას და არა დაზუსტებულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგაწოდათ?

სამწუხაროდ, დაზუსტებული ინფორმაცია აქ გვაქვს. გაჟღერდა, რომ ეს საშუალებები არ არის მავნე ადამიანებისთვის. მგონი 31 დეკემბერს გააჟღერა სამინისტრომ. რასაკვირველია დეტალებზე არაფერია ცნობილი, ექიმებს არ ჩასტარებიათ საინფორმაციო კამპანია, რასაც უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასეთ სიტუაციებში.

არ ყოფილა მოწოდებული არანაირი გაიდლაინი ან ალგორითმი, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, როდესაც მას მიმართავს დაზარალებული. ეს, რასაკვირველია, დარღვევაა.

რაც მე გავაჟღერე CN და CS გაზები – მათი საწინააღმდეგო ანტიდოტი სამწუხაროდ არ არსებობს. სხვა სუბსტანციებიც იყო გამოყენებული, ზოგიერთის მიმართ შეიძლება არსებობდეს ანტიდოტი და შეიძლება მათი გამოყენება.

დაგვიანებულია, მაგრამ ამ ინფორმაციის ცოდნა დღესაც მნიშვნელოვანია, რომ შორეულ შედეგებზე ვისაუბროთ, რა სახით უნდა ვაწარმოოთ ამ ადამიანების შემდგომი მონიტორინგი, დაკვირვება, რომ არ გაგვეპაროს გარკვეული ცვლილებები იგივე სასუნთქი გზების, ასევე კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემის მხრივ.

ეს საკითხი ნამდვილად მოითხოვს ყურადღებას, არ შეიძლება მისი მიჩქმალვა. იმის თქმა, რომ ეს საშუალებები დასაშვებია, ქმნის იმის ილუზიას, რომ მომავალშიც იყოს გამოყენებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორად გამოიყენება ეს საშუალებები და ექიმების მოთხოვნაა, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ საერთოდ არ იქნას გამოყენებული ქართულ რეალობაში ეს საშუალებები – ნამდვილად არ არის საჭირო მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ მათი გამოყენება.

  • თქვენი კლინიკა დაზარალებულებს სთავაზობს უფასო მომსახურებას. ყველა საჭირო კვლევას ატარებთ უფასოდ?

ჩვენ ეს [მომსახურება] პირველად არ გამოვაცხადეთ, წინა დღეებშიც გვქონდა იგივე აქცია. კარგი იქნება თუ დაგვიკავშირდებიან, რადგან სასურველია ეს ყველაფერი იყოს ორგანიზებული. პირველ რიგში ჩატარდება კონსულტაცია და საბაზისო კვლევები, თუ შემდეგ გახდება მეტი კვლევა საჭირო, ჩავრთავთ სადაზღვევო კომპანიებს.

ჩვენი ამოცანაა, არ გავატაროთ, რომ თითქოსდა მსუბუქი დამშლელი საშუალებები გამოიყენეს, როგორც ამას უწოდებენ ოფიციალური წყაროები, ეს ნამდვილად არ არის ასე. დავამატებდი იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ ნამდვილად ხდება იგნორირება ამ ძირითადი უფლების, რაც დაუშვებელია.

არანაირი მიზანი, რაც შეიძლება ამოძრავებდეს დღევანდელ ხელისუფლებას, არ ამართლებს იმას, რომ ადამიანებს მიაყენოს ასეთი სიმძიმის ტრავმები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დაკავებულების წინააღმდეგ გამოყენებული, როგორც ფიზიკური ისე ქიმიური ძალადობა. ეს გაუმართლებელია და, რასაკვირველია, უნდა შეწყდეს.

იმედია, აღარ გამეორდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი არაადამიანური მოპყრობა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ, ამას ვერანაირი ბოდიში და კომპენსაცია ვეღარ გადაფარავს.

___________________________________

  • რა ხდება?

საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა, პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: