მთავარი,სიახლეები

ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

09.01.2025
ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება.

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“:

„ძვირფასო პრეზიდენტო,

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას.

არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი” და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი” ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.

ჩვენი მოთხოვნებია:

  1. ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  2. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: