მთავარი,სიახლეები

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში

05.06.2025
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში

3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.

რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს მას რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და ზიმბაბვემ.

49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი.

2008 წლიდან დღემდე, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის.

2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საქართველოს საწინააღმდეგოდ. ჩინეთს საქართველოს რეზოლუციისადმი პოზიცია არც თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ შეუცვლია.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც თავი შეიკავეს, არის არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, რომლის სასარგებლოდაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: