მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს დაასრულე საქართველოში რუსეთი და საბჭოთა კავშირი – კომენტარი

04.06.2025 •
„გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს დაასრულე საქართველოში რუსეთი და საბჭოთა კავშირი – კომენტარი

დღეს, 4 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე – „აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქმე ეხება საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელს, რომელთა ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.

ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით – გვარი დამიბრუნე, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“. სწორედ ამ პლატფორმის თავმჯდომარემ, აიჰან ჰასანლიმ კომენტარის სახით განმარტა „ბათუმელებთან“, თუ რას და რატომ ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან:

„რა გვარი უნდა ვატაროთ – ეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხია.

ადამიანს აქვს უფლება ატაროს ის გვარი, რომელთანაც აქვს იდენტური, ისტორიული ან კულტურული კავშირი. ჩვენ იძულებული ვართ ვატაროთ გვარი, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ის მხოლოდ ფარატინა ფურცელზე წერია.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოკუპაცია მხოლოდ მიწისა და ტერიტორიების დაკავებაა. ის არის იდენტობის, ენის, კულტურის, პიროვნული ნაწილისა და ყოველდღიურობის ხელყოფაც. გვარების ოკუპაცია სწორედ იდენტობის ოკუპაციაა, პროცესი, რომელიც რუსეთმა და საბჭოთა კავშირის იმპერიულმა ძალებმა განახორციელეს.

ჩვენი გვარებიდან რუსული დაბოლოებების ჩამოშორება ისტორიული უსამართლობის გამოსწორების მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს იმ ისტორიული ჭრილობის მოშუშებას, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.

„გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, დაასრულე ამ ქვეყანაში, საქართველოში, რუსეთი და საბჭოთა კავშირის გადმონაშთები. „გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, აღადგინე სამართლიანობა და გაიმარჯვე ბოროტებაზე.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დაასრულოს ეს ისტორიული ოკუპაცია, იდენტობის შელახვა, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ქვეყანაში საბჭოთა კავშირი და აღადგინოს თითოეული ადამიანის უფლება, იცხოვროს თავისუფალი იდენტობით, მისთვის სასურველი გვარით.

ეს რუსული დაბოლოებები საბჭოთა ოკუპაციის არასასურველი ანდერძია. ამ ანდერძს ჩვენ არ ვაღიარებთ და ადრე თუ გვიან, შევცვლით, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო სწრაფად დასრულდება ისტორიული უსამართლობა და საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში“ – მიიჩნევს აიჰან ჰასანლი.

ამავე თემაზე: 

„გვარი დამიბრუნე“ – რა გადაწყვიტა პარლამენტმა საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კანონპროექტზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: