„მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ?… ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული.
ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა,“ – მიიჩნევს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. გამოცდილ იურისტს პროკურატურის ბრალდებაზე ვკითხეთ: რამდენად შეიძლება სილის გაწვნა თავდასხმად შეფასდეს?
„მოსამართლესაც ხომ აქვს თვალი და ყური?“ – კითხულობს გიორგი ტაბატაძე და მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ეს საქმე არსებითად საერთოდ არ უნდა განეხილა.
„ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ტაბატაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ – GDI-ის იურისტია.
- ბატონო გიორგი, თქვენთვის რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის ბრალდება, როცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან?
არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე პრიმა მუხლად არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელის ერთჯერადი გარტყმა, თუნდაც ეს ტკივილს იწვევდეს.
დარტყმაც არ ყოფილა ეს. არ ყოფილა იმ ინტენსივობის დარტყმა, რომ ამას ფიზიკური ტკივილი გამოეწვია. ამ მუხლით ამ ქმედების [სილის გაწვნა] შეფასება სასამართლოს პრაქტიკითვე არის გამორიცხული.
თეორიულად, თუ ძალადობად შეფასდება ეს ქმედება – სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით – ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ტკივილი, დაზარალებულს უნდა განეცადა ტკივილი, რაც არ დასტურდება არცერთი ობიექტური მტკიცებულებით. ტკივილის მიყენება უნდა დასტურდებოდეს ობიექტურად. ჩვენ კი, მოვისმინეთ ექსპერტის [ექიმი თათია ანდღულაძე] ჩვენება, რომელიც ამბობს, ხელიც კი არ აუფარებია სახეზე პოლიციელს იმის ნიშნად, რომ მან ტკივილი განიცადაო.
ასე რომ, ტკივილის განცდა უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამიტომაც, ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა. ადმინისტრაციული კუთხით, შეიძლება განიხილო, მაგრამ ესეც არაა იდეაში, რადგან ეს უფრო საყოფაცხოვრებო მოვლენაა, როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელზე ხდებოდა ფსიქოლოგიური და სხვაგვარი ძალადობა. ეს [სილის გაწვნა] იყო ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი.
- გულისხმობთ იმას, რომ სილის გაწვნამდე პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა სტიკერის გაკვრის გამო?
დიახ, მას ამით შეუზღუდეს გამოხატვის თავისუფლება.
შემდეგ იყო საუბარი ასევე იმაზეც, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენეს…
როცა ამგვარი უკანონო ქმედებებია პოლიციის მხრიდან, არის მუქარა და ასე შემდეგ, შეიძლება ამ ქმედებაში [სილის გაწვნა] რაღაც ადმინისტრაციული წესით განსახილველი საკითხი იყოს, მაგალითად, წინააღმდეგობა, ან პოლიციელის შეურაცხყოფა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი ქმედება ეს არ არის.
სისხლის სამართალი ცოტა სხვა სამართალია – ეს რაღაც საშიშ ქმედებას უნდა უკავშირდებოდეს.
- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მაგალითად, თავდასხმად სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევა, როცა პოლიციელს მინის ბოთლი ჩაარტყეს თავში, ან როცა პოლიციელი დანით დაჭრეს… ამ დროს რა სამართლებრივი ლოგიკით ფასდება სილის გაწვნა თავდასხმად?
ასეა, რადგან თავდასხმა მძიმე დანაშაულია. თავად სასამართლო სისტემა განმარტავს ამას ასე და მე მათივე განმარტებით ვაყალიბებ ჩემს პოზიციას. თავდასხმა, მაგალითად, ახასიათებს ყაჩაღობას. თავდასხმა გულისხმობს მძიმე, საშიშ მომენტს, მაგალითად, იარაღით რომ დაესხა თავს ადამიანს და რაღაც გამოსძალო.
თავდასხმა თავის თავში გულისხმობს ძალიან დიდი საშიშროების ელემენტს.
აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდებული ქალია და დაზარალებული – კაცი. პირიქით რომ ყოფილიყო და, მაგალითად, ფიზიკური ძლიერი კაცი მივარდნოდა და სიკვდილის შიში გასჩენოდა ადამიანს, შეიძლება ეს მივიჩნიოთ თეორიულად დანაშაულად.
მით უმეტეს, ამდენი პოლიციელის გარემოცვაში ხდება ამბავი. ჩვენ ამ ქმედებას [სილის გაწვნა] დარტყმასაც ვერ დავარქმევთ. ეს იყო საყოფაცხოვრებო დონეზე მომხდარი მოქმედება. თუ ეს შეხება ადამიანს არ აყენებს ძლიერ ტკივილს და არ აზიანებს, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მოვლენაა ეს და მეტი არაფერი.
ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული.
- შურისძიება ახსენეთ. მიგაჩნიათ, რომ ამ ფორმითაც დევნის „ოცნება“ თავისუფალ მედიას?
რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა: მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ? ცხადია, პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს.
დღევანდელი საპროტესტო მოძრაობა – თბილისში იქნება ეს თუ ბათუმში, პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. ამ პოლიტიკური შინაარსის მქონე აქციებზე პოლიცია იქცევა არა როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელი უწყება, რომელიც წესრიგს იცავს, არამედ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამცველი. ამ პროტესტსაც პოლიციელები ხშირად იღებენ, როგორც პროტესტს მათ წინააღმდეგ. მე უამრავი საქმე მაქვს პრაქტიკაში პოლიციელების ცრუ ჩვენებებით – ჩანს, რომ პოლიციელებს ამოძრავებთ პირადი შურისძიებაც, ისეთ ტყუილებს უგონებენ აქციის მონაწილეებს.
ერთ-ერთი საქმეში მაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიციელი, რომელმაც ჩვენება მისცა, საერთოდ არ იყო შემთხვევის ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მტკიცებულება ამას ადასტურებს, სასამართლო მაინც ითვალისწინებს ამ პოლიციელის ჩვენებას.
- მზია ამაღლობელის საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ამხილეს სიცრუეში ადვოკატებმა, მაგალითად, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ თქვა, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო, მეორე მოადგილემ – შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ, მზია გვაგინებდაო…
არამხოლოდ ცრუ ჩვენების, ურთიერთშეუსაბამო ჩვენებების მიცემაც არის აკრძალული.
ეს ყველაფერი ცალსახად აჩვენებს იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ხდება თვითნებური დევნა არასწორი ჩვენებების საფუძველზე და სასამართლო ამაზე თვალს ხუჭავს. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იტყოდა, რომ ეს ცრუ ჩვენებებია და პროკურატურაშია გასაგზავნი შესამოწმებლად.
- კიდევ რის გაკეთება შეეძლო მოსამართლეს იგივე მზია ამაღლობელის საქმეში, როცა მას პოლიციელების ცრუ ჩვენებების მოსმენა უწევს?
როცა მოსამართლე ხედავს, რომ საქმეში პოლიციელებმა აშკარად ცრუ ჩვენებები მისცეს, მან პირდაპირ უნდა გაამართლოს ბრალდებული და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
ყველა ეტაპზე შეეძლო მოსამართლეს ამ საქმის შეწყვეტა. პირველივე წარდგენის სხდომაზე შეეძლო მოსამართლეს ეთქვა, რომ საერთოდ ვერ ხედავს ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებს და შეეწყვიტა საქმე, ასევე, არ გადაეცათ საქმე არსებითი განხილვისთვის იმ მოტივით, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
მოსამართლეს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. ამას თვითონ რომ იაზრებდნენ, რამხელა ძალაუფლება აქვთ, ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც.
- აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელიაც პროცესზე ტყუილში ამხილეს და ამის შემდეგ შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინა. რას ნიშნავს, როცა ერთი და იგივე ქმედების გამო – ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრისთვის – ხელმეორედ გასამართლებენ?
სტიკერის გაკვრის ნაწილში, ჩემი აზრით, პოლიციელები დაკავების შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს სრული აბსურდი იყო და მოიგონეს ახალი ბრალდება – თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. სტიკერის გაკვრის გამო ადამიანის დაკავება სრული აბსურდია. შემდეგ თვითონვე აირივნენ მათ მიერ შექმნილ ლეგენდაში.
ვიდეო მასალებით, რაც გადაღებული საპროტესტო აქციაზე, ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არათუ პოლიციელებს, არავის არ აყენებს შეურაცხყოფას. მოსამართლესაც ხომ აქვს თვალი და ყური, რომ იქ შეურაცხყოფა არ იყო?!
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ამას ამბობს, რომ როცა პირიქით, პოლიციელის მიმართ არსებობს ბრალდება, რომ მან რაღაც უკანონობა ჩაიდინა, ამ შემთხვევაში, არ შეიძლება პოლიციელი იყოს ერთადერთი მოწმე. არ შეიძლება პოლიციელის ჩვენება იყოს სანდო მტკიცებულება იმიტომ, რომ პოლიციელი გამოდის დაინტერესებული პირი.
მაგალითად, საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა ნარკოდანაშაულის ჩადენას. მომჩივანი ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ევროსასამართლომ თქვა, რომ ამ პირობებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენება ვერ იქნება სარწმუნო მტკიცებულება.
ამ დროს პოლიციელს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ საკუთარი დანაშაული გადაფაროს და გაამართლოს პირის უკანონოდ დაკავება, ან მისთვის უკანონოდ ბრალის წარდგენა. შესაძლოა, მან მისცეს ცრუ ჩვენებაც, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ამიტომაც, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ არის სარწმუნო მტკიცებულება.
- რამდენიმე დღის წინ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ვიდეო კადრი, რომლის საფუძველზეც მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად მიიჩნია [თუმცა ამ კადრებშიც არ ჩანს მზია ამაღლობელის მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევა], გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. რაზე მიუთითებს თქვენთვის სიყალბის ეს მასშტაბი?
ცალსახად მიუთითეს იმაზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არის ცრუ ჩვენებები და შეკერილია საქმე იმისთვის, რომ ადამიანი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გამო მისცენ პასუხისგებაში.
ერთი ობიექტური მტკიცებულება მაინც დაედოთ, რომ მზია ამაღლობელი შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს.
როცა არ დასტურდება ის, რასაც პოლიციელები ჰყვებიან და პირიქით, ცრუ ჩვენების მიცემა დასტურდება, რატომ უნდა დავუჯერო პოლიციელს, რომელიც ამბობს, მეტკინაო?!
მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. პოლიტიკურია პატიმრობა, როცა ადამიანს აკავებ არა დანაშაულის გამო, არამედ იმის გამო, რომ, მაგალითად, იგი სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, თავისი სამოქალაქო პოზიცია აქვს და შენ თვითნებურად ასამართლებ, ბოროტად იყენებ სახელმწიფო მექანიზმს.
ჩემი აზრით, ზუსტად ამ მიდგომის მსხვერპლია მზია ამაღლობელი.
ამ თემაზე:






