ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ და მათთან ამაზე არ საუბრობენ, თუმცა ძალიან ეშინიათ.
„მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახეთ, მერიასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ, რეაგირებას დღემდე ველოდებით“ – გვიყვებიან ავარიულ სახლში მცხოვრებები.

ბათუმი, მელიქიშვილის 42-ში მდებარე ავარიული სახლი

ბათუმი, მელიქიშვილის 42- ში მდებარე ავარიული სახლის შიდა ეზო

ბზარი სახლის ფასადზე
პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან მდებარე 5960 კვ.მეტრზე მერიამ მშენებლობის ნებართვა სწორედ მას შემდეგ გასცა, როცა მშენებელმა კომპანია, შპს „უნივერსამმა“ ორსართულიანი ავარიული სახლი და მასთან დაკავშირებული ფართობი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფართობს შეუერთა და ორი საკადასტრო კოდი გააერთიანა. გარდა ამისა, კომპანიამ ამ გზით მოახერხა, მისი პროექტი ავარიული სახლების პროგრამაში განეხილათ – ასე კომპანია პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებდა ნებართვის მიღებისას.
ავარიული სახლების ათვისებისების შემთხვევაში მერიას შეუძლია, სამშენებლო კოდექსის გვერდის ავლით, რიგი შეღავათების გათვალისწინებით გასცეს სამშენებლო ნებართვა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტს გაუზარდოს კ2 კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სხვაგვარად მერია წინააღმდეგი იყო აქ იმ მასშტაბის მშენებლობაზე, როგორიც კომპანიას სურდა.

მერის ბრძანების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ თავის ნაკვეთზე, 4161 კვ მეტრზე მოთხოვნილ პროექტზე ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიას უარი უთხრა.
ამის შემდეგ კომპანია მომიჯნავედ არსებული სახლისა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთის მფლობელებს შეუთანხმდა და უკვე ავარიული სახლების ათვისების პროგრამით მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. კომპანიამ უკვე გაზრდილ ფართობზე, ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, სამი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა.
2023 წლის სექტემბერში მერმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „უნივერსამს“ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცა და მისცა რეკომენდაცია 2 მიწის ნაკვეთი ერთ საკადასტრო ერთეულად გააერთიანებინა საბოლოო ნებართვის მისაღებად.
კომპანიამ მერიის რეკომენდაცია შეასრულა, ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანა და ამის პარალელურად პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა 17.0 მდე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ნამატი ფართობის ათი პროცენტი მერიას გადასცეს საკუთრებაში. კომპანიამ ეს ვალდებულება აიღო.

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია
პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეითანხმა.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია მელიქიშვილის 42- სა და პუშკინის N132ბ-132გ-132დ -ში მულტიფუნქციური კომპლექსის ABG – ბლოკებს ააშენებს.
A ბლოკი-მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციული სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს(P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. B ბლოკი მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციულ სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს (P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. G საცხოვრებელი სართული 1-ლიდან მე-33 სართულის ჩათვლით არის საცხოვრებელი ფართობები.

პროექტის რენდერი
პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცათამბჯენის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ორსართულიან ავარიულ სახლში მცხოვრებებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებიათ.
რამდენიმე ოჯახს აქ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა აქვს, თუმცა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრობს და აქვს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, თუმცა საკუთრებას ვერ იბრუნებს [ეს ცალკე საკვლევი საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს]. აქ ცხოვრობენ ისინიც, ვისაც კომპანიასთან შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვთ.
იმის დასადასტურებლად, რომ ორსართულიანი ავარიული სახლი მომიჯნავედ დაწყებული სამუშაოების გამო ნადვილად ირყევა, ერთ-ერთმა რესპონდენტმა დაჟინებით მოგვთხოვა ეს ადგილზე შეგვემოწმებინა. რესპონდენტის სახლში 1 საათი დავყავით, რყევები პერიოდულად ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა რისკების შეფასება ჩვენი კომპეტენცია არ არის.
რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება სამშენებლო მოედანზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, შესაძლებელია თუ არა სამშენებლო მოედნის ერთ ნაწილში მშენებლობა მიმდინარეობდეს და მეორე ნაწილში მოსახლეობამ ცხოვრება უსაფრთხოდ გააგრძელოს? – ამ კითხვებზე პასუხს ბათუმის მერიისგან რამდენიმე დღე უშედეგოდ ველოდეთ.
ვცადეთ კომპანიასთან დაკავშირებაც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად კომპანიაში არავინ გვიპასუხა.
შპს „უნივერსამი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტსაც ბიზნესმენი ავთანდილ ჯუმუშაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი თამილა ებრალიძეა.

სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გაყიდვების მენეჯერები პასუხობენ, ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ვერ დაგვეხმარებოდა კომპანიის ხელმძღვანელებთან დაკავშირებაში, მეორემ იურისტის ნომერი მოგვცა, თუმცა ამ ნომერზე საერთოდ არ გვიპასუხეს.

სამშენებლო მოედანი პუშკინის ქუჩის მხრიდან
___________________
მთავარ ფოტოზე: რენდერი – რა უნდა აშენდეს ყოფილი უნივერსამის ადგილას






