მთავარი,სიახლეები

„მე გამოვიძიე КГБ-ს უფროსის $10-მილიარდის აქტივები“ – რატომ დევნიან ჟურნალისტ აფგან სადიგოვს 

04.08.2024 •
„მე გამოვიძიე КГБ-ს უფროსის $10-მილიარდის აქტივები“ – რატომ დევნიან ჟურნალისტ აფგან სადიგოვს 

გუშინ, 3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს და მისი ექსტრადირება იგეგმება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვს მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის ეძებენ აზერბაიჯანში, სადიგოვის ოჯახი კი დაკავების მიზეზად ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას ასახელებს.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წლებში იყო დაპატიმრებული.

აზერბაიჯანიდან წასვლის დროს, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ ყოფილა. სადიგოვმა ქვეყანა 2023 წლის დეკემბერში დატოვა და საქართველოში 7 თვეზე მეტი ხანია ცხოვრობს. სადიგოვის ადვოკატის განმარტებით, აზერბაიჯანის პროკურატურის რწმუნებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო.

18 ივნისს, როცა აფგან სადიგოვი და მისი ოჯახი თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მას უთხრეს, რომ აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყანაში წასვლა ეკრძალება.

ამ ინციდნტის შემდეგ „ბათუმელების“ კითხვებს თავად აფგან სადიგოვმა წერილობით უპასუხა, სადაც ის სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზეზებზე ჰყვება – 18 ივლისს ჟურნალისტთან ჩაწერილი ინტერვიუს დღეს, 4 აგვისტოს ვაქვეყნებთ.

„მე ყოველთვის ვიყავი ჩაგრული მოქალაქეების გვერდით, რომელთა უფლებებიც ირღვევა და ვაშუქებდი მათ პრობლემებს. ორჯერ დამწამეს ცილი და ვცხოვრობდი როგორც პოლიტპატიმარი.  სამჯერ დამაკავეს 30 საათით ადმინისტრაციული წესით.

2018 წლის 7 ივლისს [აზერბაიჯანში] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამიტაცეს, 6 დღე ვყავდი „ბანდიტური განყოფილების“ სარდაფში და მაწამებდნენ.

[ჟურნალისტური] გამოძიების შედეგად მე გავასაჯაროვე სუკ-ის [КГБ ] უფროსის აქტივები, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის ბატონია. მე უმკაცრესად, ფაქტებით დავადანაშაულე ილჰამ ალიევი და ვუწოდე მას ბიუჯეტის ქურდი ბანდიტი და დიქტატორი 21 წლის განმავლობაში.

 სუკ-ის, შსს-ს უფროსი, იუსტიციის მინისტრი, რომელიც იცავს ილჰამ ალიევის ძალაუფლებას, ემუქრება, აშანტაჟებს და შიშში ამყოფებს ხალხს. ცდილობს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას მაქსიმალურად დაუნდობლად, ამჟამად აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

მეორე პოლიტიკური მსჯავრდების დროს [2020 წელი], აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვაცხადე შიმშილობა. ვიშიმშილე 241 დღის განმავლობაში და მთელი სხეული დამენგრა, ფილტვის ტუბერკულოზით დავავადდი. 2022 წელს გამათავისუფლეს.

გასულ თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩამოვედი საქართველოში, გავიკეთე გამოკვლევა და ვმკურნალობდი. ქვეყანაში [გულისხმობს საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ] ძალიან სერიოზული ზეწოლა და მუქარა დაიწყო ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ჩემი პატარა შვილების მკვლელობითაც კი მემუქრებოდნენ.

შემდეგ საქართველოში ჩამოვედი სამკურნალოდ. ყოველ ჯერზე, ჩემი პოსტებისა და ვიდეოების გამო, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ – ითხოვდნენ პოსტებისა და ვიდეოების წაშლა. მერე ოჯახი ჩამოვიყვანე საქართველოში, ერთი თვის წინ. დავინახეთ, რომ აქ სახიფათო იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოდან მესამე ქვეყანაში წავსულიყავით.  თბილისის აეროპორტში მითხრეს, რომ საქართველოდან გასვლა აკრძალული გვაქვს და შეგვიძლია მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნდეთ.  პოლიციამ მითხრა, რომ არაფერი იცოდნენ და რომ უნდა მიმემართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის”, – მოწერა „ბათუმელებს“ აფგან სადიგოვი.

როგორც სადიგოვი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, იგი ადვოკატთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

„ომბუდსმენმა გამოხატა მწუხარება იმის შესახებ, რომ საქართველოდან ჩემ გამგზავრებას ხელი შეეშალა (ამეკრძალა). შეხვედრაზე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ საქართველოს შსს-ში გაგზავნილ მოთხოვნაზე მათ მიიღეს წინასწარი პასუხი, რომ ისინი არ იცნობენ ამ საკითხს და რომ დააზუსტებენ ამ საკითხს უმოკლეს ვადაში, გამოძიების ჩატარების შედეგად“, – წერს 2 აგვისტოს აფგან სადიგოვი.

საქართველოს კანონმდებლობით ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ასე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გადასცეს აზერბაიჯანს:

გუშინ დააკავეს და დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს. ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, დასრულდება სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით.
საქართველოსაგან ჟურნალისტის გადაცემას ითხოვს ქვეყანა, რომელმაც სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წარსულში ორჯერ, 2016 წელს და 2020 წელს დააპატიმრა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. აფგან სადიგოვი საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანში მისი დევნისაგან თავის დასაღწევად.
საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.
ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს:
• სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს;
• დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს […] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან;
• ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა ექსტრადირებას.
აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

___

ამავე თემაზე:

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს, მისი ექსტრადირება იგეგმება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: