რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს.

გადასატან ხეებს მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე თხრიან. ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს. ეს ტერიტორია,12 იანვარს, როცა ხეებს მოჭრა-გატანა განაახლა ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ აჭარის ქონება იყო.

IMG_20170305_093419

ამ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ყოფილი სანატორიუმები – „მზიური“ და „მახინჯაური“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით შარშან გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელიც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით: 33 530 კვ/მ და 2255 კვ/მ შენობა-ნაგებობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა [ზურაბ პატარაძე] და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის [რამაზ ბოლქვაძე] ბრძანებების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, 3,9 მილიონ ლარად, პირობებით, 16 სექტემბერს გაიყიდა. მყიდველი კომპანია „სტატოტელია“.

რაც შეეხება ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“, 413 კვ/მ ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [32 171 კვ/მ მიწის ნაკვეთი] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონი 2016 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, აუქციონი ამავე თვის ბოლოს დასრულდა და ქონება 1 მილიონ 125 ათას ლარად გაიყიდა. ეს თანხა მყიდველმა ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. ამასთან განახორციელოს 2 მილიონი ლარის ინვესტიცია 3 წლის განმავლობაში.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში აქ არანაკლებ 10 კოტეჯი, კემპინგი, სასეირნო ბილიკები და კაფე-ბარი უნდა მოაწყოს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირობით, საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის 50%-ზე რეკრეაციული ზონა უნდა მოაწყოს. ამ პირობის მიუხედავად, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-მოთხრას რითი ხსნის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი? – კითხვაზე პასუხი “ბათუმელებმა” რამაზ ბოლქვაძისგან ვერ მიიღო. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს 4 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელთა ბედიც ამ დრომდე გაურკვეველია. მათთან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საგარანტიო ხელშეკრულება არც აჭარის მთავრობას აქვს გაფორმებული და არც ინვესტორი დაავალდებულეს ეზრუნა ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებაზე. აქ შესახლებულების თქმით, იციან, რომ ტერიტორია გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა და მათ რას უპირებენ, ეს არ იციან.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. 13 იანვრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია უკვე ამ კომპანიის საკუთრებაშია.

დოკუმენტების მიხედვით,  შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე  4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც და დირექტორიც ნატალია ტოვკაჩი იყო, თუმცა სულ რაღაც 2 თვით.

2016  წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძეა. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

ირაკლი სირაძე ასევე ფლობს შპს „ATA Partners“-ის წილის – 50, ხოლო შპს „სოლუშენს ვესტ“-ის წილის 25 პროცენტს.

„კოლხიდა“, „მზიური“ და „მახინჯაური“ იმ 21 ობიექტში შედიოდა, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. კომპანიამ ამ ქონების ნაწილი კი, 2016 წელს უკან დააბრუნა.

IMG_20170305_093906
ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ხეებს შეკვეთილში გადასატანად ამზადებენ / 5.03.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170305_093528IMG_20170305_093859IMG_20170305_094518

IMG_20170305_095134


ამავე თემაზე:

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

 

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ.

„აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაშია რეგისტრირებული, გეოლოგიური დასკვნით ყველა მათგანი განსახლებას საჭიროებს. მოსახლეობის მოთხოვნას – სოციალური სახლის აშენებასთან დაკავშირებით – აქტიურად გავდივართ აჭარის მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, მათთვის ერთსართულიანი სოციალური სახლის მოწყობის საკითხი სამთავრობო კომისიაზეც განვიხილეთ, თუმცა, საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა როგორ და ვისი დაფინანსებით აშენდება სოციალური სახლი. მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნას ოპტიმისტურად მიუდგა. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, იქ, სადაც სოციალური სახლის მოწყობა იგეგმება, ოჯახებს არც სასმელი წყლის და არც გათბობის პრობლემა არ შეექმნებათ, ბუნებრივი გაზის საკითხი რეალურად გადაწყვეტილია, მთავარი მაგისტრალი კი იმ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, სადაც მთავრობა აგარელებისთვის სოციალური სახლის მშენებლობის საკითხს განიხილავს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

რაც შეეხება გაზსადენს. ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა და ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. კომპანია შპს „გაზპროექტი 2009“ სამინისტროს მომსახურებას 147 777 ლარად სთავაზობს.


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი აგარა ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე წლებია დგას. დროთა განმავლობაში ფერდობებზე გადარეცხილი ლოდების მდგომარეობა 2014 წლის თებერვალში სოფელში გეოლოგებმა შეისწავლეს და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ქედის გამგეობას საფრთხის შემცველი ლოდების გაუვნებელყოფისა და სასოფლო გზაზე დამცავი გაბიონების მოწყობის რეკომენდაცია მისცეს.

ქედის გამგეობამ ქვების  გაუვნებელყოფისთვის თანხა 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო, თუმცა ლოდების ასაფეთქებლად სოფელში ასულმა ამფეთქებელმა უსაფრთხოდ არ მიიჩნია აფეთქება. რაც შეეხება ქვების გამაგრებას რკინა-ბეტონის სპეციალური კედლებით ვერ მოხერხდა, რადგანაც როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ, საფრთხის შემცველი ლოდები ავტომობილისთვის მიუვალ ფერდობებზეა და მისი გამაგრება შეუძლებელია, საბოლოოდ გეოლოგებმა 11 ოჯახის უსაფრთხოებისთვის განსახლების დასკვნა მოაზმადეს.

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

ფოტო: სოფელი აგარა. „ბათუმელების“ არქივიდან

განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

შესყიდვები საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთი შეწყდა.

„…საჯარო სკოლები ვეღარ ასწრებენ ტენდერების გამოცხადებას და მხოლოდ მოკლე პერიოდზე ახდენენ შესყიდვას, სანამ მონეტარული ზღვარი აძლევთ საშუალებას [5000 ლარამდე], შემდგომ რთულდება პროცესი და შესაძლოა დიდი რისკის ქვეშ დადგეს ცალკეულ სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი.“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ზემოაღნიშნულ შეწყვეტილ ტენდერთან დაკავშირებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის ხორციელდება, შესაბამისი პროცედურები მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენასთან დაკავშირებით.

„სამინისტროს ან საჯარო სკოლების მიერ გამარტივებული შესყიდვის მოცულობა არ გადააჭარბებს 7 მილიონ 900 ათას ლარს.“ – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში. გამარტივებულ შესყიდვებს კი ამ სააგენტოს თანხმობა სჭირდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტით ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ:

  • იმერეთი, რაჭა-ლჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონები;
  • სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის რეგიონები;
  • კახეთი, თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლის რეგიონები;
  • შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი რეგიონები;
  • აჭარის რეგიონი;
  • გურიის რეგიონი.

„სამინისტროს მიერ გამოცხადებულმა ტენდერებმა აჩვენა, რომ სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე, ასეთი მოცულობის მომსახურების განსახორციელებლად დაინტერესებული ოპერატორების/ეკონომიკური აგენტების რიცხვი ძალიან მცირეა, რაც ართულებს სატენდერო პროცედურებით მომსახურების შესყიდვას“ – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის წერილში.

სამინისტრო ხაზს უსვამს იმასაც, რომ არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მიმწოდებელი არ, ან ვერ ასრულებს მარშრუტებს რამდენიმე დღე… „მაგრამ მიუხედავად სანქციებისა, მაინც ვერ ხდება სახელმწიფოს მიზნის მიღწევა, რომ ყველა მარშრუტით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელეს მაქსიმალურად შეუფერხებლად და უწყვეტად“.

სახელმწიფო აუდიტის აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით კი: „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები რეალური ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა გაწეული მომსახურების მიხედვით საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური „მოგების ნორმის“ წარმოშობის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვის რისკებს“;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვას 2013 წლიდან ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს პროგრამაში ჩართული იყო 335 საჯარო სკოლა 578 მარშრუტით, ხოლო მიმდინარე ეტაპზე – 1213 საჯარო სკოლა 3503 მარშრუტით, საერთო ჯამში 66 000 მოსწავლეზე მეტი სარგებლობს უფასო ტრანსპორტით.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები.

„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. 2016 წელს საქართველომ ასევე წარგზავნა პოლიციის ატაშეები იტალიასა და შვედეთში“, – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, 2016 წელს აშშ აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სამართალდამცველებისთვის ოპერატიული და სასწავლო კურსების საშუალებით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები შემდეგ თემებზე: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება; კინოლოგიური შესაძლებლობების განვითარება; კომპლექსური და კონსპირაციული გამოძიება; აეროპორტში ნარკოტიკების აკრძალვა; სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება.

ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი – ატაშე დანიშნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს.

„ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ვინ აგებს პასუხს, როცა საერთო საკუთრება ზიანდება

ჯავახიშვილის 74-ში, ამხანაგობა „ნუგეშის“ თავმჯდომარეს გაფრთხილება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩააბარა. გაფრთხილებაში წერია, რომ ამხანაგობამ „მობინადრეთა მიერ თვითნებურად გაუქმებული ბარდიური“ უნდა აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

„როგორ გვაჯარიმებს მერია ყველას, როცა არავის გაურკვევია, ვინ მოშალა ბორდიური? იქნებ სრულიად სხვა ეზოს მცხოვრებმა მოშალა“, – კითხულობს თალიკო რუხაძე. იგი ამხანაგობა „ნუგეშის“ ხელმძღვანელია. ამბობს, რომ პოლიციას, ასევე მერიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მოშალა მისი ინფორმაციით ბორდიური, მაგრამ რეაგირების სახით მერიისგან გაფრთხილება მიიღო.

ჯავახიშვილის 74-ში გვითხრეს, რომ ბორდიური რამდენიმე თვეა მოშლილია და არ იციან, ვინ გააკეთა ეს. აქ მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ გამოძიებას შეუძლია ამის დადგენა. სამეზობლოს თქმით, ბორდიური წლების წინ მერიამ მოაწყო და ამხანაგობას გადასცა. ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

ბორდიურის ნაწილი კორპუსთან ისევ არსებობს. მეზობლების აღწერით, ბორდიურის საზღვარია შემცირებული და შიგნით შეწეული. „ათვისებულ ტერიტორიაზე“ ჩვენ გაჩერებული ავტომანქანები დაგვხვდა.

საია-ს იურისტი, ნიკა დუმბაძე მიიჩნევს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჯერ უდნა გამოეკვლია, ვინ მოშალა ბორდიური. მტკიცებულების გარეშე კი, კორპუსის ყველა მოსარგებლისთვის იმის დაბრალება, რომ ბორიდური მოშალა, არასწორია:

„მერიის გაფრთხილებაში პირდაპირ, მტკიცებით ფორმატშია საუბარი იმაზე, რომ მობინადრეთა მიერ გაუქმდა ბორდიური, თუმცა მტკიცებულებები არსად არაა წარმოდგენილი. მერიის გადასაწყვეტია, გამოძიებას ამ პროცესში ჩართავს თუ არა. საერთო საკუთრება არ ნიშნავს იმას, რომ სამეზობლოა პასუხისმგებელი იმაზე, რაც იქ ზიანდება. თუკი ბორდიური გაქრა, გამოდის, რომ ვიღაცამ ეს ქონება მიიტაცა. ეს უკვე დანაშაულია და ამას გამოძიება სჭირდება“, – ამბობს ნიკა დუმბაძე.

„ეს იყო გაფრთხილება და არა დაჯარიმება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეზოს მოსახლეობა გამოვიდეს კონტაქტზე, გავიგოთ, რა მოხდა რეალურად“, – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ. მისი თქმით, სამსახური იკვლევს, ვინ გააუქმა საერთო სარგებლობის ეზოში ბორდიური.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაირკვევა, ვინ მოშალა ბორდიური? – ზაალ მამუჭაძის თქმით, არც ამ შემთხვევაში დააჯარიმებენ ამხანაგობას: „გააჩნია ზარალს. თუ დიდია, პოლიციას მივმართავთ და ის გამოარკვევს. თუ არაა დიდი ოდენობის ზარალი, მაშინ ჩვენი ძალებით აღვადგენთ“.

IMG_20170303_155628
თვითნებურად დაპატარავებული ბორდიური ჯავახიშვილის 74-ში

 

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო მაგიდას ყიდულობს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო ცერემონიალისთვის ხის თეთრი ფერის მაგიდას იყიდის. ბაღის ადმინისტრაცია სხვადასხვა ზომის 45 სტენდსა და ერთ მაგიდაში მაქსიმუმ 3 500 ლარს გადაიხდის. როგორც სატენდერო განაცხადშია აღნიშნული, ეს თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ ბოტანიკური ბაღის საკუთარი შემოსავლებიდან დაიხარჯება.

თეთრი ფერის მაგიდა „ბოტანიკურ ბაღს“  საქორწილო ცერემონიალის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მომსახურება ფასიანია:

  • მაყრიონის დაშვება ბაღის ტერიტორიაზე ფოტოების გადასაღებად – 50 ლარი,
  • ხელის მოწერის ცერემონიალი – 100 ლარი.

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში… რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? – ამ ყველაფრის შესახებ გაიგეთ ამ ბმულზე.

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა 2014-2015 წლების საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა.

magidaaaa
მაგიდის ესკიზი სატენდერო დოკუმენტაციიდან

საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჰოსპიტლის იურისტმა ლევან სიამაშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ დამსაქმებლის ინიციატივით ჰოსპიტლიდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 თანამშრომელი გათავისუფლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქ 507 ადამიანია დასაქმებული და დამსაქმებლის ინიციატივით მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა, თუ არ ვცდები მაია ქობულაძე. ამ ბოლოს იყო როცა 3 თუ 4 თანამშრომელი [არასამედიცინო პერსონალი] გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო და არავითარ დათხოვნას და ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ადრე იყო ასევე, როცა 7-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. მაგრამ ესეც იყო ურთიერთშეთანხმებით დამსაქმებელთან, ანუ ორმხრივი შეთანხმება იყო“, – ამბობს ლევან სიამაშვილი.

დღეს, 3 მარტს, ჰოსპიტლის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის გამართვის დროს დარბაზში ისხდნენ სამედიცინო დაწესებულების მოქმედი თანამშრომლებიც, დაახლოებით 30 ადამიანი. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გაუშვეს ან იძულებულს ხდიან, რომ თავად წავიდნენ.

ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის, მაია ქობულაძის თქმით, კომპანიამ მათ ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა და თან გააფრთხილა, რომ თუ არ დათანხმდებიან, სამსახურის დატოვება მოუწევთ: “ახლა ვინც მუშაობს, მათ ახალი ხელშეკრულებით სთავაზობენ ნაკლებ ხელფასს. ასევე თანამშრომლებს ჩამოეჭრებათ საშემოსავლო, რასაც ადრე კომპანია იხდიდა”.

მაია ქობულაძის თქმით, 10-12 ადამიანი აპირებს მიმართოს სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჰოსპიტლის იურისტი ამბობს, რომ პირობების შეთავაზება დამსაქმებლის პრეროგატივაა.

„თანამშრომლების გათავისუფლებასა თუ გავრცელებულ სხვა ინფორმაციებზე კომენტარს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა ორშაბათს გააკეთებს “, – აცხადებს ჰოსპიტლის იურისტი ლევან სიამაშვილი.


საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია.

კლინიკა სრული დატვირთვით გასული წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

უმაღლესი საბჭოს შტატგარეშე თანამშრომლები

გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე აჭარის უმაღლესმა საბჭომ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 18 055 ლარი დახარჯა. ამ პერიოდში უმაღლეს საბჭოს, სადაც 25 დეპუტატს 104-კაციანი აპარატი ემსახურება, 11 ადამიანი დამატებით, ხელშეკრულებით აიყვანეს.

უმაღლესი საბჭოსგან მიღებული ინფორმაციით, 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საბჭოში მხოლოდ 4 შტატგარეშე თანამშრომელია: ბესო შერვაშიძე, თენგიზ ჯინჭარაძე, დავით ჩხენკელი და ლაშა ჩხარტიშვილი.

ამ ოთხი პირის გარდა, ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 17 თებერვლამდე, ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილ წევრებთანაც: ჯამბულ კურცხალიძე, ვლადიმერ ხუბულავა, ზაზა ნიჟარაძე, მერაბ მჟავანაძე, ანა ვასინა.

უმაღლესი საბჭოს აპარატში სულ 104 საშტატო ერთეულია გათვალისწინებული. აპარატის წევრებისთვის და დეპუტატებისთვის ხელფასებში 2017 წელს ჯამში 3 მილიონ 464 ათასი დაიხარჯება. აქედან შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 735 200 ლარია გათვალისწინებული.

ვახტანგ ღლონტის „წამოკრულები“ და სარგებელი ბიუჯეტიდან

ჟურნალ „ჭოროხის“ 6 ნომრის და კიდევ ერთი წიგნის დასაბეჭდად „აჭარის მწერალთა სახლმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 9900 ლარია. აქედან ჟურნალის ერთი ნომრის ბეჭდვისთვის მაქსიმუმ 1400 ლარი დაიხარჯება, წიგნისთვის – 1500 ლარი. წიგნის ავტორი პოეტი, ბათუმის საკრებულოს კონსულტანტი და „სალონური საღამოების“ წამყვანი – ვახტანგ ღლონტია. „აჭარის მწერალთა სახლი“ წელს მხოლოდ მისი წიგნის დაბეჭდვას აპირებს ბიუჯეტის ფულით.

„ეს იყო პირველი თხოვნა, რომელიც მწერალთა სახლმა მიიღო თავად ავტორისგან,“ – გვიყვება ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, გასულ წელს აჭარის განათლების სამინისტრომ 13 მწერლის წიგნის გამოცემა დააფინანსა, მაგრამ „ვახტანგ ღლონტმა წიგნზე მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო. ფაქტობრივად, 12 წიგნი გამოიცა. ეს თანხა მოგვცა განათლების სამინისტრომ და ჩავსვით იმ 130 ათას ლარში, რომელიც წელს მწერალთა სახლს აქვს“,  – ამბობს ლალი კონცელიძე.

ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“ გასული წლის ბოლოს დააფუძნა აჭარის განათლების სამინისტრომ. გაიზარდა რამდენიმე მწერლის დაფინანსება 82 ათასიდან 130 ათასამდე. გაზრდილი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი – 87 ათასი ხელფასებისთვის დაიხარჯება, მათ შორის, დავით თედორაძისთვის, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებული „წამოკრულები“ 208 გვერდი იქნება და 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება. ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი წიგნის დაბეჭდვაზე განათლების სამინისტროსთან ერთად მიიღო. ვერ გვეუბნება კრიტერიუმს, როგორ შეარჩიეს მწერალი, ვისი ნამუშევარიც ბიუჯეტის ფულით უნდა დაიბეჭდოს.

წიგნის დაბეჭდვის მოთხოვნით, მწერალთა სახლისთვის წელს ასევე მიუმართავთ ზურაბ გორგილაძისა და ემენ დავითაძის ოჯახის წევრებსაც. „ამ წიგნების დაბეჭდვას მომავალი წლისთვის მოვახერხებთ, ალბათ. წლის ბოლოს შევაჯამებთ გაწეულ სამუშაოს და ბიუჯეტში გავითვალისწინებთ სხვა ავტორებს, ვისაც წიგნის დაბეჭდვის სურვილი ექნება“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ.

ბოლო სამი წელია აჭარის ბიუჯეტის მხარდაჭერით ვახტანგ ღლონტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  „სალონურ საღამოებსაც“ მართავს. მაგალითად, წელს, მხოლოდ იანვარ-თებერვალში ვახტანგ ღლონტს ხელფასის სახით 6 ათასი ლარი მიუღია სამი საღამოს მასპინძლობისთვის. აქედან არც ერთ საღამოზე ბილეთი არ გაყიდულა.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პროექტის „სალონური საღამოების“ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ვახტანგ ღლონტის ხელფასზე იხარჯება. 2016 წელს პროექტის საერთო ბიუჯეტი 20 519 ლარი იყო, აქედან ვახტან ღლონტის ანაზღაურება – 18 500 ლარი.

2015 წელს ვახტანგ ღლონტმა სალონური საღამოების მასპინძლობისთვის 16 832 ლარი მიიღო. ამ წელს საღამოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 17 241 ლარი დაიხარჯა. ბოლო სამ წელიწადში “სალონური საღამოების” მთლიანი ბიუჯეტი 54 592 ლარია.

2015 წლიდან დღემდე ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა სულ 23 სალონური საღამო გამართა. აქედან მხოლოდ 7 საღამოზე გაიყიდა ბილეთები. ბილეთებიდან შემოსული თანხა სამი წლის განმავლობაში ჯამში 605 ლარია.

ვახტანგ ღლონტი მუშაობს ბათუმის საკრებულოშიც. ის ხელშეკრულებით დაქირავებული პირია, არის კონსულტანტი განათლებისა და კულტურის სფეროში და მისი ანაზღაურება თვეში 1100 ლარს შეადგენს.

ვახტან ღლონტი ბოლო წლებში გამოირჩევა იმით, რომ თავისი პოეზიით უპირისპირდება სამოქალაქო სექტორს. გუშინ, 2 მარტს, ვახტანგ ღლონტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთი სალანძღავი ლექსი მიუძღვნა:

**ჰაუ,მესამე სექტორი…

ჰაუ,ჰაუ,ნაგვისმაძიებელთა ორდენის წევრებო…
ყველა გათახსირებულმა და უნიჭომ ასე ერთად როგორ
მოიყარეთ თავი?! რატომაა რომ თქვენთან მოსული -კაცი
კაცს არ ჰგავს და ქალი – ქალს?! რატომ ებრძვით ყველა
იმათ, ვინც ჯერ ქართველია და მერეა მსოფლიო მოქალაქე?!
რატომაა, სადაც ნაგავს ვერ პოულობთ – იქ თავად მიგაქვთ
ნაგავი და ყრით და, მერე საქვეყნოდ გაჰყვირით, რომ ეს
თქვენი ნაგავი, ვითომ, თქვენი კი არა,- იმისია, ვისი გასვრაც
და განადგურებაც დაგავალეს?! რამდენს გიპასუხოთ და
მერამდენედ… რა იმდენს გიხდიან თქვენი არაქართველი
მყიდველები – სამშობლოს ერთგულები რომ ვადაზე ადრე
ჩაიყვანოთ მიწაში?!
ასე ძნელი არასოდეს ყოფილა ქართველობა!..ასე თვით
კომუნისტების დროსაც არ გამჭირვებია,როცა თქვენნაირი
მონები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და ჩუმად უთითებდნენ
ჩემზე და ჩემნაირებზე – აი სწორედ ესენია ჩასაქოლიო…
არასდროს მინატრია უკან – ახალგაზრდობაში დაბრუნება,
ხელახლა იმ ტანჯვებს რა გაივლის…მაგრამ, ბოლოხანს
არაერთხელ მიფიქრია ამაზე,- ჩამოვაყალიბებდი ე,წ,
,,სანიტარულ ბრიგადას” და ყველა ხმაურიან უნიჭოს, ყველა
აქტიურ ცრუპენტელას და ცილისმწამებელს, ყველა რენეგატსა
და არამზადას, უბრალოდ, ფეხქვეშ გაგიდებდით…იქნებ არც
ახლაა გვიან?!
თქვე სამარცხვინოებო…თქვენთვის ხომ, საკუთარი თავის გარდა,
ყველა და ყველაფერი სულერთია, თქვენ ხომ სასიკვდილო
სარეცელზე მყოფსაც არ დამანებებთ თავს…კი ბატონო, – ჩემს
სიკვდილსაც შეესწრებით, მაგრამ, გარწმუნებთ – აღდგომასაც…
მაგრამ, თავად რა გეშველებათ, მკვდრადშობილებს, ჩემთან
ომით და კამათით რომ ფიქრობთ რეინკარნაციას და თავის
დამკვიდრებას?!

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, გაყიდულია. ახალი მესაკუთრეა შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის გუშინ, 2 მარტს გაფორმდა.

მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას კი მხარი 110-მა პარტნიორმა დაუჭირა.

წილის გასხვისებადე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მფლობელი სწორედ  შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი“ იყო. საჯარო რეესტრში უკვე დევს ნასყიდობის ხელშეკრულებაც, თუმცა რეგისტრაციის პროცესი ხარვეზის გამო შეჩერებულია.

„ხარვეზი დადგინდა იმიტომ, რომ ნატომ დაუშვა შეცდომა. ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება“, – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ. „ბათუმის სამშიობიარო სახლის“ დირექტორი არ აკონკრეტებს, ვინ არის ნატო. მისი თქმით, კრების შესახებ ყველა მეწილე იყო წინასწარ გაფრთხილებული და უმრავლესობის თანხმობა ამ შემთხვევაში საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

26 თებერვალს, როცა „ბათუმელები“ სამშობიარო სახლთან დაკავშირებით წერდა, ჯუმბერ უნგიაძემ თქვა, რომ წესდების მიხედვით, ყველა მეწილის თანხმობა იყო საჭირო.

„არ იყვნენ თანახმა და მათ დარჩებათ საკუთარი წილი, თუ ამის სურვილი აქვთ, არავინ წაართმევს“, – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ დღეს.

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა ორი წლის განმავლობაში  უნდა დაასაქმოს სამშობიარო სახლში ამ დროისთვის დასაქმებული 280 ადამიანი და ჩადოს მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია. ხელშეკრულების ღირებულებაა 353 ათასი ლარი. ხელშეკრულებაში არაფერი წერია სამედიცინო პროფილის შენარჩუნებაზე.

„ეს ჩაიწერება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ახალ ინვესტორს შორის გაფორმდება. არ ინერვიულოთ, პროფილის შეცვლას არავინ აპირებს, აქ სასტუმრო არ გაიხსნება. პირიქით, ჩვენ მრავალპროფილური კლინიკის ამოქმედებას ვგეგმავთ. ეს იქნება ისეთივე წარმატებული კლინიკა, როგორიც „მედინაა“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე, „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი. ის „მედინაში“ მუშაობს დღემდე.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ახალ ინვესტორს ექნება პროფილის 15 წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან

კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის – „დიგიტალური ჰუმანიტარია“ – პირველი შესარჩევი ტური მიმდინარეობს. წინა მოსამზადებელ ტურში გამარჯვება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გაიარონ.

საერთაშორისო პროგრამის კონკურსში 11 უნივერსიტეტის [ექვსი საქართველოს და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის] სულ 61 სტუდენტი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე შვიდი კონკურსანტი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და ყველა მათგანი დაინტერესებულია იმუშაოს დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულებით.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის თქმით, კონკურსის პირველ ეტაპზე სულ 25 კონკურსანტი შეირჩევა, რომლებიც დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულებით სწავლებას გერმანიაში გაივლიან.

„კონკურსის ფარგლებში შერჩეული 25 სტუდენტი მომზადებას ფრანკფურტის უნივერსიტეტში გაივლის. 23-29 მარტს ჩაუტარდებათ ლექციები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაუღრმავდნენ საკვლევი თემის საკითხებს და დაამყარონ კონტაქტები ევროპელ კოლეგებთან. ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან ხანგრძლივ დროს მოიცავს. 1999 წლიდან მოყოლებული, სამეცნიერო პროექტების ფარგლებში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, ეს იყო ძირითადად არამარტო ქართული, არამედ კავკასიური ენების რესურსების გაციფრების პროექტები, რამაც ხელი შეუწყო ენების კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებას, “ – ამბობს მანანა თანდაშვილი.

ბათუმსა და თბილისში გამართულ წინა შესარჩევ ეტაპებზე გამარჯვებულ კონკურსანტებს შვიდწევრიანი კომისია გამოავლენს. კომისია სამი ქართველი, სამი გერმანელი პროფესორითა და სადოქტორო სკოლის კოორდინატორით დაკომპლექტდა. სადოქტორო სკოლის კოორდინატორი ბათუმის უნივერსიტეტში, პროფესორი რამაზ ხალვაშია.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლაში _ „დიგიტალურ ჰუმანიტარია“ წინაშესარჩევი ტური თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24-27 თებერვალს ჩატარდა. რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტს, აქ პირველ მარტს დაიწყო და დღეს, 3 მარტს დასრულდება.

პროექტს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გერმანული სამეცნიერო ფონდის – „Volkswagen stiftung“-ის დაფინასებით ახორციელებს. საერთაშორისო პროგრამის მიზანი ჰუმანიტარულ მეცნიერებაში  კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვა და ახალგაზრდა მკვლევრების მომზადებაა.

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას დაელოდება და დეკანოზს იმ შემთხვევაში შეხვედება, თუ პატრიარქისგან კურთხევას მიიღებს.

მიტროპოლიტმა ისაუბრა დეკანოზის ოჯახის წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზეც. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული არ არის.

„კონკრეტულ საფრთხეზე გიორგის ოჯახის წევრებს ჩემთან არ უსაუბრიათ. ასეთი კონკრეტული რამ ოჯახის წევრებს ჩემთან არ უთქვამთ,“ – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი.

გუშინ, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტებთან შეხვედრა მეუფე დიმიტრიმ დღეს? – „ბათუმელების“ კითხვას ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა ასე უპასუხა:

„ვხედავდი, როგორ ათენ-აღამებდით რეზიდენციის წინ. ხმაური არ მაწუხებს, მაგრამ შემაწუხა იმან, რომ ამ სიცივეში იდექით. იძულებული გამხადეთ, რომ მეთქვა… არც თქვენ ისვენებდით და არც მე მასვენებდით“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა.

მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 ტონა იყო, ანუ 23 ტონით მეტის შეძენა იყო დაგეგმილი. რატომ არის ასეთი სხვაობა დაგეგმილ ლიმიტსა და ხარჯს შორის?

„ზუსტ ციფრებს დეტალურად ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით, ზოგიერთ სამსახურს უმცირდება და ზოგიერთ სამსახურს ეზრდება ლიმიტი. კეთილმოწყობის სამსახურს ვუზრდით, ვთქვათ, მაგრამ არქიტექტურის, ან სხვა სამსახურს არა… ამასთან, მაგალითად, ზედამხედველობის სამსახურში მანქანები ჩამოვწერეთ, მაგრამ ახალი მანქანები ვერ ვიყიდეთ.  სამსახურმა თავისი მოვალეობა ხომ უნდა შეასრულოს? – პირობითად ვამბობ – იქ, ვთქვათ, თანამშრომელს ჰყავს კერძო სატრანსპორტო საშუალება, აგვყავს ეს მანქანა ბალანსზე და როგორც სახელმწიფო ტრანსპორტისთვის, ამ მანქანისთვისაც ხდება საწვავის გამოყოფა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

მერის განცხადებით, საწვავის წლიური ლიმიტი არ გაზრდილა: „საერთო ლიმიტს რაც შეეხება, არ ვზრდით და არც გაგვიზრდია.  მაგრამ, ზოგიერთი სამსახური, როცა მისაბუთებს საწვავის გაზრდის აუცილებლობას, განცხადებას ვაკმაყოფილებ“.

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, „გასულ წელს საწვავის წლიური ლიმიტი იყო – 110 ტონა, წელს კი, ლიმიტი ნაკლებია – 103 ტონა“.

ეს 103 ტონა კი, შარშან მერიის მიერ შეძენილი საწვავის რაოდენობაზე თითქმის 16 ტონით მეტია. ქალაქის ბიუჯეტის შედგენისას რატომ არ ხდება წინა წლის მონაცემების გათვალისწინება და რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა? – ამ კითხვაზე მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ. საწვავს მერია, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ისევე როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც „რომპეტროლ საქართველოსგან“ შეიძენს.

წლიური ლიმიტი არის იმის კანონიერი საფუძველი, რომ სახელმწიფო უწყებამ ის მთლიანად აითვისოს. თუ მერიამ, მაგალითად, შარშან 87 ტონა საწვავი გახარჯა, წელს მას აქვს უფლება 103 ტონა საწვავი გახარჯოს. მიმდინარე წელი თვითმართველობის არჩევნების წელია, თუმცა ამ კუთხით საწვავის ხარჯის გაზრდას ბათუმის მერი გამორიცხავს: „რა შუაშია არჩევნები… ვთქვათ, კეთილმოწყობის სამსახური თუ საწვავს გახარჯავს, ეს სამსახურეობრივი საჭიროებისთვისაა და ქალაქის საქმეს ხმარდება“.

რამდენი ლიტრი საწვავი გაიცა გასულ წელს ავტომანქანისთვის, რომელიც ქალაქის მერს ემსახურება? – ბათუმის მერიისგან მიღებული მონაცემებით, მერს ემსახურება ავტომანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით LLQ-260, რომლისთვისაც გასულ წელს გაიცა 5 525 ლიტრი საწვავი, აქედან 1 150 ლიტრი მივლინებებისთვის.

რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ფაქტობრივ ხარჯსა და გეგმას შორის? – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „შესაძლებელია რაღაც პერიოდისთვის იმდენი საწვავი არ დასჭირდა და შემდეგ, ვთქვათ უფრო მეტი სჭირდება… თუ არ დაიხარჯება, ჩვეულებრივ ჩამოიწერება, სახლში არავის არ მიაქვს. როცა გეგმა დგება, მივლინებებიდან გამომდინარე შესაძლებელია დაემატოს რაღაც რაოდენობა წინა წელთან შედარებით… აპარატის უფროსი გააკეთებს კომენტარს“.

საკრებულოს აპარატის იუფროსის მოვალეობას ამ დროისთვის საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე ასრულებს: „გეგმის შედგენისას, ძირითადად, ეყრდნობიან იმ ლიმიტს, რაც თითოეული ავტომანქანისთვისაა დადგენილი და ამას, ძირითადად, ემატება იმ საწვავის სავარაუდო ოდენობა, რაც მივლინებებისთვის იქნება საჭირო. რაც შეეხება ხარჯვას,  მერიაში შესაძლოა იყოს რაღაც სამსახურები, მაგრამ საკრებულოში ლიმიტზე მეტი ვერ გაიხარჯება ფიზიკურად“.

საწვავის გეგმა, ანუ ლიმიტი, ქალაქ ბათუმის საკრებულოშიც გაზრდილია წინა წელთან შედარებით. აქ გასულ წელს მთლიანობაში 33 731 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, ღირებულებით – 50 544 ლარი. მიმდინარე 2017 წელს კი ბათუმის საკრებულო 10 ტონით მეტი, ანუ სულ  43,3 ტონა საწვავის ყიდვას აპირებს, ღირებულებით 64 ათასი ლარი. „საწვავის შეძენა ხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გადახდა – უნაღდო ანგარიშსწორებით; საწვავის გაცემა წარმოებს „აგაი“ სისტემით [პლასტიკური ბარათების მეშვეობით]“, – მოგვწერეს საკრებულოდან.

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

3 და 8 მარტს ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამოფენის გამო ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება და ქუჩა მთლიანად ყვავილებით მოვაჭრეებს დაეთმობა. 

ბათუმველოს ფასდაკლების აქცია ქალებისთვის

3-დან 8 მარტს ჩათვლით, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქალები ბათუმველოს 20-ლარიან ბარათებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ბათუმველოს ბარათების შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმველოს სააბონენტო ბარათის შევსება გარდა  ამ კონკრეტული ტურისტული-საინფორმაციო ცენტრისა, შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც.

დღეის მდგომარეობით ბათუმველოს 370 ველოსიპედი და 23 ველოტერმინალი აქვს, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული. ბათუმველოს ხელმძღვანელის პაატა დუმბაძის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმს კიდევ ერთი ველოტერმინალი დაემატება, რომლის განთავსების ადგილმდებარეობაც ჯერ შერჩეული არ არის. ამ ეტაპზე ტერმინალები განთავსებულია შემდეგ ადგილებში: გოგებაშვილი ქუჩაზე  (რესტორანი სანაპირო ), ანბანის კოშკთან, ნინოშვილის ქუჩა №1 (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან), დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, შერატონთან, უნივერსიტეტთან, საზღვაო აკადემიასთან, რესტორან აჭარულ სახლთან, ახალი ბულვარის დასაწყისში, ახალი ბულვარის ბოლოს, აეროპორტთან, იუსტიციის სახლთან, მაკდონალდსთან, ჯეოსელის ოფისის მოპირდაპირედ (გორგილაძის ქუჩაზე), # 3 სკოლასთან, 6 მაისის პარკთან, მერიასთან, ევროპის მოედანზე, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, პიაცასთან, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბოტანიკურ ბაღთან.

ბათუმველოში ასევე გვითხრეს, რომ ზაფხულამდე დაზიანებული ველოსიპედების შეკეთებაც იგეგმება, რისთვისაც სულ მალე საჭირო დეტალებს შეიძენენ, ამისთვის კი დაახლოებით 20 000 ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე: ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა.

„კლიმატის ცვლილების თვალხილულ მაგალითია პირველ რიგში ზღვის დონის მატება, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებში იქნებოდა. გლობალურად იზრდება ოკეანეების დონე და შესაბამისად ადგილობრივადაც მატულობს ზღვის დონე,” – ამბობს ეკატერინე მიქაძე.

მისივე თქმით, აჭარის სანაპირო ზოლში უმნიშვნელოდ შეიცვალა წლიური ნალექის რაოდენობა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიმჩნევა ნალექების რეჟიმში: “სამწუხაროდ შეიცვალა ნალექების რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ ზაფხულში შემცირდა ნალექიანობა და ზამთარში გაიზარდა. პირიქით იქნებოდა სასურველი თუნდაც ვეგეტაციისთვის (მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის)” – ამბობს ის – “განსხვავებული შედეგები დადგა თვითონ შავიზღვისპირა  ზოლზე და მთიან აჭარაში იმიტომ, რომ ეს განსხვავებული ზონებია და სხვადასხვა შედეგი მოდის კლიმატის ცვლილების შედეგად. იქ, მთაში ისედაც ნაკლებია ნალექი, ვიდრე სანაპირო ზონაში, შესაბამისად, იქ კიდევ უფრო შემცირებისკენ არის მიამრთული ტენდენცია“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა კითხვაზე, თუ რამდენად მაღალია შავი ზღვის დონის მატების მაჩვენებელი, გვპასუხობს:

“ჩვენ დავამუშავეთ არა მარტო შავი ზღვის ჰიდრომედსამსახურის მონაცემები, არამედ ფოთის,  ვარნას და სხვების მონაცემები და აღვნიშნეთ, რომ ეს ტენდენცია ზღვის დონის მომატებისა, მიმდინარეობს მთელი შავი ზღვის სანაპიროზე  და რადგანაც შავი ზღვა მსოფლიო  ოკეანის ნაწილია, შესაბამისად მსოფლიო ოკეანის დონის მატების ტემპი, ესადაგება შავი ზღვის დონის მატებასაც, რაც საშუალოდ 2 მილიმეტრია წელიწადში,” – ამბობს საშა ხორავა.

კონფერენცია კავკასიის გარესმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის – CENN-ის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს სანაპირო ზონების პრობლემები, რომლებიც გლობალურ დათბობას და ბუნებრივი რესურსების ირაციონალურ გამოყენებას უკავშირდება, ასევე წარმოჩინოს ამ პრობლემების შემცირების გზები.

ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 7 მარტს ცნობს

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 6 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ საკითხად ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის, ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილება.

დადგენილება უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საჭოს პლენარული სხდომა კი 7 მარტსაა ჩანიშნული.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს დეპუტატები 6 მარტის ბიუროზე განსაზღვრავენ.


მიმდინარე წლის 10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი.

გასული წლის 15 დეკემბერს, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, დავით თარხან-მოურავს, რომელიც ზაზა ოქუაშვილმა ჩაანაცვლა.

„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს – ზაზა ოქუაშვილსა და დავით თედორაძეს ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ, საბჭოს რამდენიმე წევრთან დაკავშირებული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ნუგზარ სურმანიძესთან, გიორგი ცინცქილაძესთან, ხვიჩა შარაშიძესთან და გია აბულაძესთან დაკავშირებულ შპს-ებთან ათეულობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებიც გაფორმდა. ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილს კანონით დადგენილ ვადებში არ წარმოუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია.

კონკურსი ხელოვანებისთვის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურისა სამინისტროში  „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ გამოცხადდა, რომელიც აჭარაში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებს, ინდივიდუალური შემსრულებლებს, მხატვრებსა და სხვებს,  შესაძლებლობას აძლევს კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

„ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ ეტაპობრივად ტარდება, ამჟამინდელი მდგომარეობით დასრულებულია კონკურსის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადებების მიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით იწარმოებს.

განათლების სამინისტროს ონფორმაციით, განაცხადი მათთან წარდგენილი უნდა  იყოს იმგვარად, რომ 10 მარტიდან, ამ კონკრეტული ღონისძიების დაწყებამდე პერიოდი შეადგენდეს არანაკლებ 35 დღეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებლები პასუხს 22 მარტამდე მიიღებენ.

ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი 94 500 ლარია.  კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი  თანხა მაქსიმუმ 10 500 ლარი უნდა იყოს.

 ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება იწყება

ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი“.

„სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიც რეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების, უწყების წარმომადგენელია  ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი… რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

„პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სმაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული.  მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  30 მლ ლარით ფინანსდება. ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად  გაეცნო“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნაპირგამაგრების სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია  STRUIJK GROUP ჩაატარებს. პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. პროექტით დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი, ასევე ქვიშა-ხრეშის ჩრდილოეთ სანაპიროდან [ბათუმის კონცხი, ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია] სამხრეთში [ახალი ბულვარის მიმდებარედ] გადატანა, რაც „სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს“.

„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ. შემდეგ ჩვენ ამოგვაგდეს და  განხილვაზეც აღარ მიგვიწვიეს… მე მაშინ ხმამაღლა  ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – ეს განცხადება ორი თვის წინ „ბათუმელებთან“  საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გააკეთა.

როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს.

ფოტოები: აჭარის მთავრობის პრესსამსახური
ფოტოები: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის, ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული პირის ქონების დაყადაღების შესახებ ბუნდოვანია და იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომლითაც დაცულია, როგორც საკუთრების, ისე მეწარმეობის უფლებები.

მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო, პროკურატურის მიმართვიდან 48 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ქონების დაყადაღების საკითხს, თუკი დასაბუთებულია ვარაუდი, რომ ქონება უკანონოდ არის შეძენილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გასული წლის 18 აპრილს სარჩელი ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს სხვა შემადგენლობამ ზაზა თავაძის თავმჯდომარეობით არ დააკმაყოფილა. მაშინ კოლეგიაში ხმები თანაბრად გაიყო. ამ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილება არ ხდება.

მაშინ მოსარჩელეები ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებული, თეიმურაზ ჯანაშია იყვნენ. სასამართლომ მიიჩნია: „არ არის აუცილებელი, რომ კაბონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ – ვკითხულობთ საკონსტიტუიო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელემ დღევანდელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლებთან მიმართებაში მოხსნა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. სასამართლომ ამჯერად ამავე კიდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელის, რომელიც ყადაღის მოქმედების ფარგლებს ადგენს – რა უფლება ეზღუდება კონკრეტულად მესაკუთრეს ყადაღის დადების შემთხვევაში.

„შეიძლება მოსამართლემ ეს სამართლებრივი ნორმა არასწორად გამოიყენა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად ნორმა არაკონსტიტუციურია“ – მიმართა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა. პარლამენტი ამ დავაში მოპასუხე მხარეა.

„თუ ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა მოსამართლე დაუსაბუთებლად იყენებს ამ აუცილებელ საჭიროების გამო ქონების დაყადაღებას, ხომ არ გამოდის, რომ მართლაც ბუნდოვანებასთან გვაქვს საქმე?“ – იკითხა სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრმა, მანანა კობახიძემ.

შსს: ტურისტების რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 3 პროცენტით გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.

სამინისტროს ნფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში 294 001 ტურისტი შემოვიდა, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების  საერთო რაოდენობის 38,9%. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში  სულ 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად  2017 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (-6,6%), სომხეთიდან (+7,7%), თურქეთიდან (-21%), რუსეთიდან (+31,4%), უკრაინიდან (+10,6%) და ირანიდან (+321,4%) განხორციელდა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს,  2017 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ლიტვან განხორციელდა.

ორი ათსართულიანი სახლის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში, გორგილაძის ქუჩაზე

ბათუმში გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უნდა შეათანხმოს.

ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix -საუკუნის ბოლოს.
ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix -საუკუნის ბოლოს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს.

ძეგლის დაცვის ზონაში ახალი პროექტის განხორციელებას კანონი გამონაკლის შემთხვევებში უშვებს, თუმცა იქვე ადგენს, რომ ისტორიული განაშენიანების ლანდშაფტი უნდა შენარჩუნდეს.

ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xx საუკუნის დასაწყისში.
ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #19 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xx საუკუნის დასაწყისში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გორგილაძის #22 – ში მდებარე 1016 კვ.მ არასასოფლო სამურნეო ფართობი და შენობა-ნაგებობები ჯამში 146.11 კვ.მ. უკვე კომპანიას ეკუთვნის. რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ფართების გამოსყიდვის სანაცვლოდ კომპანია ყოფილ მესაკუთრეებს ახალ აშენებულ კორპუსში ბინებს დაპირდა.

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უკვე მიმართა. ზონალურმა საბჭომ პროექტი 2016 წლის 30 ოქტომბერს განიხილა და კომპანიას უარი უთხრა. მიმართავს თუ არა შპს „მინი-77“ სააგენტოს ახალი პროექტით, ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა ზურაბ წითელაძემ „ბათუმელებთან“ არ ისაუბრა. თუმცა მან დაადასტურა, რომ გორგილაძის #22-ში მშენებლობას ნამდვილად გეგმავს: „ ყველაფერი იქნება კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც კანონი ითხოვს ისე. მეტს ვერაფერს გეტყვით“ – უთხრა ზურაბ წითელაძემ „ბათუმელებს“.

სააგენტოს ინფორმაციით კი კომპანიამ 2017 წლის 31 იანვარს სააგენტოს ზონალურ საბჭოს სახეცვლილი პროექტით ისევ მიმართა, თუმცა ზონალურ საბჭოს ჯერ ის უახლოეს დღეებში განსახილველ პროექტთა ნუსხაში არ შეუტანია.

შპს „მინი-77“ 2009 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ერთპიროვნულად ფლობს ზურაბ წითელაძე. კომპანიის დიერქტორად კი მანუჩარ ბასილაძე ფიქსირდება.

ბათუმი. გორგილაძის ქუჩა # 31. კომპანია „ჯეოგრაფიკის“ რეკომენდაციით შენობა გასაძეგლებელთა ნუსხაშია.
ბათუმი. გორგილაძის ქუჩა # 31. „გეოგრაფიკის“ რეკომენდაციით ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #32 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix-xx საუკუნის მიჯნაზე. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #32 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix-xx საუკუნის მიჯნაზე. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმი.გორგილაძის #22, სადაც ინვესტორი ორი ათასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. შენობა ძეგლი არ არის. ის ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმი.გორგილაძის #22, სადაც ინვესტორი ორი ათასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. შენობა ძეგლი არ არის. ის ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

სახალხო დამცველის აპარატი სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას. სტაჟირების ვადა 6 თვეა, ადგილი: ბათუმი და ქუთაისი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად -განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.

შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს;

მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი/ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • პროფესია: იურისტი.

სტაჟიორი უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლას ხელმძღვანელის ზედამხედველობით და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების/ანალიზის მომზადებას; ასევე შეასრულებს ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფორმით მისამართზე vacancy@ombudsman.ge უნდა წარადგინოს:

  • რეზიუმე (CV);
  • პირადობის მოწმობა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სასწავლებლიდან;
  • არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე სერთიფიკატების, დიპლომების, სიგელების და ა.შ. წარდგენა

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს ვაკანსიის ზუსტი დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურთან და პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კლიმატის ცვლილება და სანაპირო ზონის განვითარება – კონფერენცია ბათუმში

ამ წუთებში,  კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე, ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია კავკასიის გარესმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი – CENN.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა:

კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარის სანაპირო ზოლზე; ტურიზმის გავლენა ზღვის სანაპირო ზონის ეკოლოგიური მდგომარეობის გეოგრაფიულ თავისებურებებზე აჭარაში; აჭარის სანაპირო ზონის თანამედროვე მორფოდინამიკა და სხვა.

კონფერენციაზე სპეციალისტები იმსჯელებენ და რეკომენდაციებს გასცემენ შავი ზღვის ნაპირის დაცვის მიზნით გამოყენებული მეთოდებისა და შედეგების შესახებაც.

კონფერენცია ეხმაურება, კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე, ზღვის საშუალო მრავალწლიური დონის პერმანენტული აწევის პირობებში, აჭარის საზღვრებში ზღვის ნაპირის გაძლიერებული წარეცხვის და სანაპირო ხაზის უკან დახევის, სანაპირო ზონაში განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყვლადობის შეფასებას და მომავალ ათწლეულებში ზღვის ნაპირის მორფოდინამიკური განვითარების პროგნოზირებას.

კონფერენციის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრებისას მონაწილეები ერთმანეთთან შეათანხმბენ წიაღისეულის მართვის პოლიტიკის საკითხებს და ამ კუთხით არსებული კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად შეიმუაშევებენ სამოქმედო გეგმასაც.

 

შსს: ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული ტექნიკა ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.

„გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ. პარალელურად, განხორციელდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით].

18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას 9 ათასი ლარით აფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს. სულ დაფინანსდება ორი პროექტი.  „ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე“.

სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის,  2017 წლის 28 აპრილის  ჩათვლით მიმდინარეობს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას, ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის.

ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს.

მოგიწოდებთ ყველას თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიების გავრცელებისაგან“ – ვკითხულობთ ეპარქიის განცხადებაში.

დღეს  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. 

მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ასევე იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება არ არის დაცული.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისში გადასვლამდე, ბათუმში ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, დეკანოზის დაკავების შემდეგ, მიტროპოლიტი დიმიტრი  დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა.

გუშინ, 28 თებერვალს მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ “თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა თანადგომა მამა გიორგის მიმართ, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი”.

 

აჭარის მთავრობის სამმართველო თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება.

მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი თქვა.

სამმართველოს დაახლოებით 20 ათასი ლარის გადახდა მოუწია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის. საუბარია სამმართველოში მომხდარ სექსუალურ ძალადობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი, 2014 წლის აპრილში, დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი” და “საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია” – ეს ფრაზები გათავისუფლების ბრძანებაში წერია.

ვახტანგ წულაძემ ის შტატიც გააუქმა, სადაც ორსული ქალი გათავისუფლებამდე მუშაობდა. სამმართველომ აღდგენილ თანამშრომელს განაცდური ახალი საშტატო ერთეულის მიხედვით გადაუხადა. აღმასრულებელმა სამმართველოს კიდევ დაახლოებით 2400 ლარი ჩამოაჭრა – ესაა სხვაობა, რომელიც გაუქმებულ და ახალ საშტატო ერთეულების სახელფასო განაკვეთებს შორის არსებობდა.

„დღემდე მიმდინარეობს ამ თანამშრომლის დისკრიმინაცია სხვადასხვა მეთოდით“, – ასე აფასებს სამმართველოს მიერ წამოწყებულ ახალ სასამართლო დავას ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გათავისუფლებული ქალის ინტერესებს იცავდა. ანა განმარტავს, რომ აღმასრულებელმა უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელა და განაცდურად მიიჩნია ის ხელფასი, რასაც გათავისუფლებული მუშაობის პერიოდში იღებდა.

„შტატი რომ არ გაუქმებულიყო და ხელფასი გაზრდილიყო იმავე პოზიციაზე, გაზრდილი ხელფასი არ უნდა გადაეხადა სამმართველოს, ამას ამბობს პრაქტიკა. სამწუხაროა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოს პოზიცია ურყევია და ისევ განაგრძობს ეს უწყება კონკრეტული თანამშრომლის კანონიერი უფლებების დარღვევას. ეს არის არა კონკრეტული სამმართველოს, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურის სისტემის პრობლემა,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი.

„გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოგვაჭრა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დამატებით თანხა“, – ამბობს რაულ აბუსერიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტი. განმარტავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის შტატი გაუქმებულია, ხოლო სასამართლოს არ უმსჯელია ამ კუთხით – შტატის გაუქმება კანონიერი იყო თუ არა: „ჩვენი პოზიციაა, რომ ეს თანამშრომელი რასაც აიღებდა, ის გადავუხადეთ. რა ლოგიკით უნდა გადაგვეხადა ხელფასი, რომელიც უკვე გაუქმებული საშტატო ერთეულისთვის იყო გათვალისწინებული?“

რაულ აბუსერიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ზუსტად ამგვარი სხვა გადაწყვეტილება მიღებული არ არის: „ამიტომაც მოვითხოვეთ განმარტება უზენაესი სასამართლოსგან, როგორ უნდა მოგვეხდინა მისი აღსრულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე უარი გვითხრეს“.

ვახტანგ წულაძის უკანონო გადაწყვეტილება რეაგირების გარეშე დატოვა არჩილ ხაბაძის მთავრობამ. აჭარის მთავრობას არც იმაზე მოუთხოვია პასუხი ჩინოვნიკისგან, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გააჭიანურა და კიდევ უფრო გაიზარდა განაცდური თანხა, რაც ბიუჯეტის ხარჯზე გადაიხადა გარემოს დაცვის სამმართველომ. ვახტანგ წულაძე ზურაბ პატარაძის მთავრობამ დააწინაურა კიდეც – ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

 

 

 

წლობით შეუკეთებელი გზები ბათუმის გარეუბანში [ფოტო]

მიუხედავად ბათუმის ქუჩებზე პერიოდულად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ქალაქში დღემდე რჩება ქუჩები, რომლებზეც ათეულობით წლებია გზა არ დაგებულა.

ერთ-ერთი ასეთია გიორგი სააკაძის ქუჩა “ჭაობის” უბანში. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დაპირებებისა,  50 წელია ამ ქუჩაზე გზა არ დაგებულა, რის გამოც წვიმის დროს სახლები სისტემატიურად იტბორება.

გიორგი სააკაის ქუჩა
გიორგი სააკაძის ქუჩა
ამ ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, სექტემბერში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი წყალი სახლს სწორედ იქამდე წვდებოდა, სადაც შავი, ჰორიზონტალური ხაზი აქვს კედელს.

იგივეს ამბობენ ალექსეი ოსტროვის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა განმარტებითაც, მათი ქუჩის მოწესრიგებით მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდებიან პოლიტიკოსები. თუმცა, სულ ცოტა 40 წლის მანძილზე გზა არც აქ დაგებულა.

ჩოლოყაშილის ქუჩა
ჩოლოყაშვილის ქუჩა
ჩოლოყაშილის ქუჩა
ჩოლოყაშვილის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ლუკა ასათიანის ქუჩა
ვაჟა ფშაველას ქუჩა
ვაჟა ფშაველას ქუჩა
ვაჟა ფშაველას ქუჩა
ვაჟა ფშაველას ქუჩა
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
დავით გურამიშვილის ქუჩა
დავით გურამიშვილის ქუჩა

ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის თქმით, ბათუმში ამ ეტაპზე, წყალარინების პროექტის მესამე და მეოთხე ფაზა ხორციელდება, რომელიც წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ეს სამუშაოები ზოგან უკვე დასრულდა, ზოგან კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგალითად, “ჭაობის” უბნის ნახევარი უკვე გადაერთებულია ახალ ქსელზე, თუმცა მანამ, სანამ ამ ქუჩებზე გზების კეთილმოწყობა დაიწყება, გარკვეული ინტერვალია საჭირო იმისთვის, რომ რეაბილიტირებული სისტემების მუშაობას დააკვირდნენ.

მერიაში ამბობენ, რომ წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რაბილიტაციის, ასევე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება.

 

 

საბჭოთა დეპუტატები კომპენსაციას ითხოვენ

სახელმწიფო კომპენსაციის ანუ განსხვავებული პენსიის მიღებას ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები ითხოვენ, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ არჩევით ორგანოში.

„ეს ორგანო ასრულებდა საკანონმდებლო საქმიანობას. ამ ადამიანებს აქვთ შესრულებული ისტორიული მისია. მათ მოამზადეს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები”, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას იურისტმა, ლია მუხაშავრიამ.

ლია მუხაშავრია 52 მოსარჩელის ინტერესებს იცავს, ვინც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპენსაციას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ის წევრები არ უნდა იღებდნენ, ვინც 1990 წლიდან გახდნენ დეპუტატები.

მოსარჩელეების აზრით, კანონის “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” მე-13 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და თანასწორი”.

„არავის დაკრულზე არ გვიცეკვია ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პირველად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება”, – მიმართა მოსამართლეებს ერთ-ერთმა მოსარჩელემ.

საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, მიიღებს თუ არა ამ საქმეს არსებითად განსახილველად.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს და კომპენსაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1990 წლამდე იყვნენ დეპუტატები.


1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს დადგენილება გახდა სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები, ნაცვლად „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა“.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რაც შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი გახდა.

 

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს.

მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გადასცა მიწის ნაკვეთი კომპანიას, რომ ადგილზე არ გასულა და მონაცემები არ შეუსწავლია. გარდა ამისა, მიწის ნაკევთი იყო ჭაობი და მისი გაცემა კანონით დაუშვებელი იყო. პროკურატურამ საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ გულგრილობაში დასდო ბრალი, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელი  თაღლითობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს კომპანია ფლობდა ნამდვილად ამ მიწის ნაკვეთს. ჭაობი და წყლის გუბეები ნამდვილად არის, მაგრამ ეს გამოწვეულია კომპანიის საქმიანობით. მესაკუთრე იქ ინერტულ მასალას ამუშავებს“, – განმარტავს ადვოკატი, რამინ პაპიძე. ის სასამართლოში ბრალდებულების ინტერესებს იცავდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყოფილ საჯარო მოხელეებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამოიტანა.

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია.

სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ.

ხეების მყიდველის ვინაობა ოფიციალურად აუქციონის დასრულების, 6 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღნიშნულ ხეებს, სავარაუდოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს.

აღნიშნულ პარკში აჭარიდან გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა, ორ სხვა ხესთან ერთად 2015 წლის დეკემბერში კომპანია „ზიმომ“ შეისყიდა. მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით „ზიმოს“ 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ტიტას ხე და ორი ჭაობის კიპარისის ხე. ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს.

ვინაიდან ხეები, ძირითადად, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გააქვთ, „ბათუმელებმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წლის იანვარში გამოითხოვა ყველა იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდები, საიდანაც გაიტანეს ან გააქვთ ხეები.  მუნიციპალიტეტიდან მიღებული დოკუმენტებით მხოლოდ რამდენიმე ნაკვეთის საკადასტრო კოდი დგინდებოდა, რომლებიც კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე კი მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს იმ ხემდე მისასვლელად, რომელიც დღეს დენდროლოგიურ პარკში გადასატანად უკვე მზადაა. არის თუ არა ეს ხე კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე, შესაბამის უწყებებში ამ დრომდე ვერ დავადგინეთ.

IMG_20170221_111901
ეს ხე, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო უკვე შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკშია გადატანილი / ჩაქვი, 2017 წლის თებერვალი / თედო ჯორბენაძის ფოტო

პეტიციები ხელვაჩაურში – თვითმმართველობა მოთხოვნებს გაისად დააკმაყოფილებს

ხელვაჩაურის თვითმმართველობას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ 5 პეტიციით მიმართა. მოთხოვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხება. პეტიციები ხელვაჩაურის საკრებულომ გამგეობასთან ერთად გუშინ განიხილა და მიიჩნია, რომ „ხალხის მოთხოვნები მიზანშეწონილია“.

ამის მიუხედავად, პეტიციების დაკმაყოფილება წელს ვერ მოხერხდება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას პეტიციებით მოთხოვნილი პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაჰპირდა.

პეტიციებით მოსახლეობამ მოითხოვა: სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა; სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენება; სოფელ მახოში კულტურის ცენტრის აშენება; სოფელ წინსვლაში №20 ქუჩის რეაბილიტაცია და ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დამისამართება გაკეთებულია, აბრებისა და ნიშნულების განთავსება.

პეტიციებს მოქალაქეები ამზადებენ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში – „პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობებში“. მოქალაქეები საკრებულოებში სხდომებს ესწრებიან და თავად ასაბუთებენ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას. პროექტი სამწლიანია და მისი ავტორები ამ პერიოდში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან აპირებენ შეხვედრებს. ისინი მოსახლეობას მათთვის სასურველი პეტიციის მომზადებაში დაეხმარებიან.

ფოტოზე: სოფელ მახოში მცხოვრები მიხეილ საფარიძე  ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე. წყარო: „დემოკრატიის ინსტიტუტი“.

 

#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბათუმი“ – ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – დაიწყო. 28 თებერვალს ბათუმში პირველი ფოტოაქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში.

„დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“, „ძველი არ ნიშნავს უვარგისს“, „შევინარჩუნოთ ისტორია“ – ეს არის სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი. ადრესატი ბათუმის მერიაა, რომლისგანაც  საინიციატივო ჯგუფი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობაზე მორატორიუმს მოითხოვს და პეტიციის საშუალებით, ხელმოწერებს აგროვებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ყვება, რომ ფოტოაქცია სწრაფად დაიგეგმა და მეორე დღესვე შედგა:

„ჯერ ვამბობდით, რომ ფეისბუქზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიული სახლებისა და ადგილების ფოტოები გამოგვექვეყნებინა. განხილვაში  ფოტოგრაფები ჩაერთვნენ, რომლებიც  ამბობდნენ,  რომ თუ კი ბათუმში უნდა გადაიღონ ფოტო, არა მხოლოდ შენობის, არამედ, მაგალითად, ფოტომოდელის, აუცილებლად მიდიან ძველ ბათუმში, იქ, სადაც ხდება ქალაქის იდენტიფიკაცია. აქედან გაჩნდა  ფოტოაქციის იდეა, რაზეც იქვე დაგვთანხმდა ოპერატორი და ფოტოგრაფი ედო კოჩალიძე, რომელმაც თქვა, რომ თუ ადამიანები მოვლენ, მე სიამოვნებით გადავიღებ მათ ფოტოებსო.  სპონტანურად დაგეგმილი აქცია მეორე დღესვე გაიმართა და ასამდე ადამიანი ჩაერთო.“

ოპერატორი ედო კოჩალიძე ამბობს, რომ ფოტოაქციაზე ფოტოებს სხვა ფოტოგრაფებთან ერთად იღებდა. ედო ამბობს, რომ მისთვის, როგორც ოპერატორისთვის, რომელიც უკვე წლებია კადრებს იღებს ძველ ბათუმში, ცვლილებები ქალაქში ძალიან ადვილი შესამჩნევია:

„ხუთი წლის წინ სულ სხვა იყო ბათუმი. ძველ ფოტოებს რომ გადავხედოთ, თუ ძველად ლამაზად იყო შენობები ჩაწყობილი, ახლა სოკოებივითაა ახალი შენობები, ზოგი მაღალი, ზოგი – დაბალი…  ძველ ბათუმში ჯერ კიდევ დაცულია ის, რომ არ გვხვდება ძალიან მაღალი შენობები და ამის გადარჩენა, შენარჩუნება,  ვფიქრობ, შესაძლებელია.“

ჰეშთეგთამაშში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა ფეისბუქზე განათავსოთ ძველ ბათუმში გადაღებული ფოტო, მისცეთ ჰეშთეგი – #ჩემიფოტოძველბათუმში და გამოიწვიოთ სამი მეგობარი. ამ სახით თამაშში ის ადამიანებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ამჟამად ბათუმში არ იმყოფებიან.

„ჰეშთეგი მთლიანი აქციის – „დაიცავი ძველ ბათუმი“ – ერთ-ერთი მცირე ნაწილია.  არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. ზოგი არ არის ქალაქში, ზოგს სამუშაო გრაფიკი არ აძლევს საშუალებას უფრო მეტად აქტიური იყოს. მათ უნდათ გამოხატონ თავისი პოზიცია, უნდათ ხმა მიაწვდინონ მერიას და ეს არის ერთგვარი საშუალება, თქვან, რომ მათთვის ღირებულია ძველი ბათუმი. ეს არ არის 15 კაცის ახირება და მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ნაწილი დაკანონდეს, როგორც ისტორიული ზონა,“  – ამბობს სოფო ჟღენტი.

საინიციატივო ჯგუფი მსგავს ფოტოაქციას ისევ გამართავს, ამჯერად შაბათს ან კვირას, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აქციაში მონაწილეობა.

„აქციის დასრულების შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოგვწერა, რომ ვერ მოახერხეს მოსვლა, რადგან იყო სამუშაო და გვიან გაიგეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ შაბათ-კვირას ისევ გაიმართება ასეთი აქცია, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ და მათ პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა გადაუღონ  ფოტო ძველ ბათუმში. უბრალოდ  ჩვენ  შევთავაზებთ ბანერებს და თავად შეარჩევენ, რომელი სლოგანით უნდათ ფოტოს გადაღება,“ – ამბობს სოფო.

18 17 16 15 13 14 12 10 11 9 8 7 6 5 4 3 1

Exit mobile version