ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი“.
„სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიც რეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების, უწყების წარმომადგენელია ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი… რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
„პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სმაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 30 მლ ლარით ფინანსდება. ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნაპირგამაგრების სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP ჩაატარებს. პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. პროექტით დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი, ასევე ქვიშა-ხრეშის ჩრდილოეთ სანაპიროდან [ბათუმის კონცხი, ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია] სამხრეთში [ახალი ბულვარის მიმდებარედ] გადატანა, რაც „სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს“.
„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ. შემდეგ ჩვენ ამოგვაგდეს და განხილვაზეც აღარ მიგვიწვიეს… მე მაშინ ხმამაღლა ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – ეს განცხადება ორი თვის წინ „ბათუმელებთან“ საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გააკეთა.
როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს.