სიახლეები

საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

03.03.2017
საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჰოსპიტლის იურისტმა ლევან სიამაშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ დამსაქმებლის ინიციატივით ჰოსპიტლიდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 თანამშრომელი გათავისუფლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქ 507 ადამიანია დასაქმებული და დამსაქმებლის ინიციატივით მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა, თუ არ ვცდები მაია ქობულაძე. ამ ბოლოს იყო როცა 3 თუ 4 თანამშრომელი [არასამედიცინო პერსონალი] გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო და არავითარ დათხოვნას და ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ადრე იყო ასევე, როცა 7-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. მაგრამ ესეც იყო ურთიერთშეთანხმებით დამსაქმებელთან, ანუ ორმხრივი შეთანხმება იყო“, – ამბობს ლევან სიამაშვილი.

დღეს, 3 მარტს, ჰოსპიტლის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის გამართვის დროს დარბაზში ისხდნენ სამედიცინო დაწესებულების მოქმედი თანამშრომლებიც, დაახლოებით 30 ადამიანი. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გაუშვეს ან იძულებულს ხდიან, რომ თავად წავიდნენ.

ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის, მაია ქობულაძის თქმით, კომპანიამ მათ ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა და თან გააფრთხილა, რომ თუ არ დათანხმდებიან, სამსახურის დატოვება მოუწევთ: “ახლა ვინც მუშაობს, მათ ახალი ხელშეკრულებით სთავაზობენ ნაკლებ ხელფასს. ასევე თანამშრომლებს ჩამოეჭრებათ საშემოსავლო, რასაც ადრე კომპანია იხდიდა”.

მაია ქობულაძის თქმით, 10-12 ადამიანი აპირებს მიმართოს სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჰოსპიტლის იურისტი ამბობს, რომ პირობების შეთავაზება დამსაქმებლის პრეროგატივაა.

„თანამშრომლების გათავისუფლებასა თუ გავრცელებულ სხვა ინფორმაციებზე კომენტარს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა ორშაბათს გააკეთებს “, – აცხადებს ჰოსპიტლის იურისტი ლევან სიამაშვილი.


საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია.

კლინიკა სრული დატვირთვით გასული წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.