მთავარი,სიახლეები

გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში

20.02.2017 • 4703
გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში

მელიქიშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებულ მწერალთა სახლში თუ შეივლით, თავმჯდომარის კაბინეტში დავით თედორაძე დაგხვდებათ – უმაღლესი საბჭოს წევრი. ასეა იმის მიუხედავად, რომ შენობას ახალი ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“ განკარგავს და მისი დირექტორი სხვა არის – ლალი კონცელიძე. დირექტორის კაბინეტი დერეფნის ბოლოსკენაა და მას თანამშრომლები მიგასწავლიან.

წელს აჭარის მთავრობამ აქ დასაქმებულ რამდენიმე მწერლისთვის, მათ შორის, დეპუტატ დავით თედორაძისთვის დაფინანსება 82 ათასიდან 130 ათას ლარამდე გაზარდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 12 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებისთვის 87 ათასი დაიხარჯება. ხელფასს ან ჰონორარს საერთოდ ვეღარ მიიღებენ ის მწერლები, ვისი ნაწარმოებებიც ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდება.

ვის გაუზარდა დაფინანსება მთავრობამ და რისთვის? 

„ჟურნალ „ჭოროხის“ და აჭარაში მოღვაწე მწერლების წიგნების გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიების გამართვა, ლიტერატურული საღამოების მოწყობა, ახლად გამოცემული წიგნების პრეზენტაციები, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებაში ხელის შეწყობა“, – ვკითხულობთ აჭარის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლისთვის“ დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ახალი ა(ა)იპ აჭარის განათლების სამინისტრომ მას შემდეგ დააფუძნა, რაც 2015 წელს აუდიტის სამსახურმა „მწერალთა კავშირის“ მიერ თანხის განკარგვაში დარღვევები დააფიქსირა და განათლების სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, შეეცვალა ბიუჯეტში ამ კუთხით გათვალისწინებული თანხის განკარგვის წესები.

„მწერალთა კავშირის“ არსებობის მიზანიც ეს იყო – აჭარაში მოღვაწე მწერლებისთვის ხელის შეწყობა. ლალი კონცელიძე „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი გვიყვება, რომ გაზრდილი ბიუჯეტით კომპიუტერულ ტექნიკას შეიძენენ – 5 ლეპტოპს, ერთ პერსონალურ კომპიუტერს და პროექტორს – ამისათვის დაახლოებით 12 120 ლარი დაიხარჯება.

„ასევე, ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ რეაბილიტირდა შენობა და გვექნება კომუნალური ხარჯი, გვეყოლება სამეურნეო ნაწილის გამგე, ბათუმში ნესტია და ხშირად ვაწყდებით პრობლემებს. ასევე ავიყვანეთ დამლაგებელი და ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი. ჟურნალ „ჭოროხის“ და ჩვენი მწერლების მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონული ვერსიაც გვინდა შევთავაზოთ მკითხველს,“ – გვიყვება ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი.

საზოგადოებრივი დისკუსიების მოწყობა აქტუალურ თემებზე – ლალი კონცელიძის თქმით, ესეც მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება:  „ამ შეხვედრებისა და ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის წლის განმავლობაში 20 300 ლარია გათვალისწინებული. ამ კუთხით, ძირითადად, ახალგაზრდა მწერლები, როინ აბუსერიძე და გენრი დოლიძე იმუშავებენ. ისინიც მიიღებენ ხელფასს.“

რაც შეეხება ჟურნალ „ჭოროხს“ – მწერალთა სახლში განმარტავენ, რომ წლის განმავლობაში 6 ნომერი გამოვა, რადგან ასეთი იყო აქამდე ჟურნალის გამოცემის პერიოდულობა. ერთი ნომრის ბეჭდვისთვის გათვალისწინებული ხარჯი 1400 ლარია.

რედაქცია ჰონორარს არ გადაუხდის მწერალს, ვისი ნაწარმოებიც „ჭოროხში“ დაიბეჭდება. ხელფასს აიღებს, მაგალითად, დავით თედორაძე, ჟურნალის რედაქტორის მოადგილე.

tedoradze„მე ვიღებ ხელზე 554 ლარს. მე ვმუშაობ და ამაში ვიღებ ხელფასს. კანონის ჩარჩოებში ვარ მოქცეული, რა გინდათ?“, – გვიპასუხა დავით თედორაძემ, რომელიც ჟურნალის რედაქტორთან, სანდრო ბერიძესთან ერთად კაბინეტში ღვინოს შეექცეოდა.

დავით თედორაძის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურება თვეში 4652 ლარია. დავით თედორაძის “ძალაუფლებას” ისიც განაპირობებს რეგიონში, რომ მისი შვილის მეუღლე – ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსია.

„თუ დავით თედორაძის განმარტებით ვიმსჯელებთ, მის არასადეპუტატო საქმიანობაში ვლინდება კანონდარღვევა, რადგან იგი ანაზღაურებას იღებს მენეჯერული ფუნქციის შესრულებისთვის და არა შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ან პედაგოგიური საქმიანობისთვის“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

დავით თედორაძე: „მორჩა, აქ პრობლემები აღარ არსებობს“

„რატომ არ უნდა ვიჯდე ამ კაბინეტში? მე ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე. თქვენ რა, აიპის დირექტორმა შემოგჩივლათ რამე, თუ წინააღმდეგი ხართ საერთოდ მწერალთა კავშირის? მისი გადაწყვეტილება იყო ასეთი… ახალი აიპი შეიქმნა, მაგრამ კავშირი კი არ გაუძევებიათ აქედან. ეს კაბინეტი თავმჯდომარის კაბინეტია ტრადიციულად. აქ ვარ, როცა დრო მაქვს. სამწუხაროდ, ყველა დღე ვერ მოვდივარ…“ – ეს დავით თედორაძის პასუხია „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ იკავებს თავმჯდომარის კაბინეტს ჟურნალის რედაქტორის მოადგილე და უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.

ხელისუფლების წარმომადგენელი რომ რედაქტორის მოადგილეა, ამაში პრობლემას ვერც სანდრო ბერიძე ხედავს, ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი: „მე პრობლემა არ მექმნება. რედაქტორი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. რაც შეეხება დავით თედორაძეს, ის პირველ რიგში, არის მწერალი. პირველი ნომერი მალე გამოვა და ნახავთ. ჟურნალი თვალს არ დახუჭავს არაფერზე“.

იზრუნებს თუ არა რედაქცია ჟურნალის გაყიდვაზე და დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავლების მიღებაზე? – რედაქტორი მიიჩნევს, რომ „თავისით ჟურნალი თავს ვერ ირჩენს“ და პრობლემა არაა, თუკი ჟურნალს ხელისუფლება დააფინანსებს.

საინტერესო ფრაზა, რომელიც საუბრის დროს სანდრო ბერიძემ გვითხრა და გვთხოვა, აღგვენიშნა: „მე მირჩევნია, ნებისმიერი ქართველი ასე იტყვის ალბათ, ბათუმში გამოდიოდეს ჟურნალი და დაიბეჭდოს თუნდაც უნიჭო ქართული ლექსი, ვიდრე მოლის ხმა ისმოდეს ბათუმის ქუჩებში.“

„თავიდანვე არასწორად უდგებით საკითხს“, – გვითხრა დავით თედორაძემ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ აიღებენ ხელფასს მხოლოდ რედაქტორები, სტილისტი და კორექტორი, როცა ჰონორარი არ გაიცემა. „ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს, რომ უნდა გაიცეს ჰონორარი, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ არსებობს. „ჭოროხის“ დაფინანსება არ გაზრდილა. აქ მხოლოდ 4 ადამიანი მიიღებს ხელფასს. ჩვენ მივიღებთ ხელფასს იმაში, რომ ვაკეთებთ საქმეს… მორჩა, აქ პრობლემა აღარ არსებობს.“

„აუცილებელია, რომ გითხრათ? ჩემი ხელფასი 1200 ლარია. ბატონი სანდრო ხელზე დაახლოებით 750 ლარს მიიღებს. დანარჩენს ზუსტად ვერ გეტყვით, ახლა ზუსტდება. ყველფერი გამჭვირვალე იქნება“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორმა.

რატომ გაუზარდეს დაფინანსება რამდენიმე მწერალს – მთავრობის არგუმენტები 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მწერლებისთვის გაზრდილი დაფინანსება და რეაბილიტირებული შენობა კარგი პლატფორმა იქნება იმისთვის, რომ მწერლებმა საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციაზე იზრუნონ.

„ეს სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ მათ ექნებათ კომუნალური გადასახადები – გასულ წელს რეაბილიტაცია უტარდებოდა შენობას და კომუნალური ხარჯი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, კავშირს დაემატა დაფინანსება საოფისე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თეონა ბერიძემ.

რამდენად მართებულია, როცა შემოქმედებითი, ამ შემთხვევაში, მწერალთა კავშირის დაფინანსება იზრდება? აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ მწერლები კიდევ უფრო მეტად ხდებიან ხელისუფლებაზე დამოკიდებული და ვერ ახერხებენ საკუთარი შემოქმედების გაყიდვას? – კითხვაზე მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ სტრატეგია ისევ ხელოვნების კომერციალიზაციაა, თუმცა „როგორც ჩანს, რეგიონი ამისთვის არ არის მომწიფებული“.

თეონა ბერიძის აზრით, რეაბილიტირებული შენობა და გაზრდილი ბიუჯეტი შექმნის სივრცეს, სადაც ძველი და ახალი თაობის მწერლები ერთმანეთს შეხვდებიან, მოსაზრებებს გაუზიარებენ და განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს, რაც მათ ეკონომიკურ მდგრადობას მოუტანს. მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, რა უშლიდა ხელს აქამდე „მწერალთა კავშირს“ მეტი ნაბიჯი გადაედგა დამოუკიდებლობისთვის.

რატომ იყო საჭირო ახალი ა(ა)იპ-ს დაფუძნება

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლის“ შექმნის მიზეზად ისტორია გაიხსენეს: 2015 წელს, აუდიტის დასკვნის მიხედვით, „მწერალთა კავშირის“ მიერ დახარჯული თანხა არ შეესაბამებოდა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას. ამ დროს სამინისტრო შიდა ბრძანებით ურიცხავდა თანხას მწერალთა კავშირს, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

„კონკრეტული დეტალები არ მახსოვს, რა იყო დარღვევა, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ რეკომენდაცია და 2016 წლიდან ჩვენი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ქვეპროგრამად ჩავსვით მწერალთა კავშირის დაფინანსება“, – გვიყვება თეონა ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:

„სამინისტრო ვალდებულია, ნებისმიერი საქონლის შეძენა განახორციელოს ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამ შემთხვევაშიც უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი, მაგრამ რადგან პროგრამის მიზანი იყო კონკრეტულად ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემა და მწერლობის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება, ჩვენ შესყიდვების სააგენტოს ვთხოვეთ, მოეცათ ექსკლუზიური უფლება პირდაპირ შესყიდვაზე. სააგენტომ ამის უფლება არ მოგვცა.

გასული წლის მაისში აჭარის განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემის აუცილებლობას მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით თედორაძე და ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე ასე ასაბუთებდნენ:

„დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის გაუგონარი წინსვლის დროს, მძაფრად იჩინა თავი ტრადიციისა და ნოვატორობის ჰარმონიულობის აუცილებლობამ, „ჭოროხი“ სწორედ ამ ახალ კანონზომიერებებს უბამს მხარს, იგი ერთადერთი აკადემიური სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამიტომაცაა მისი გამოცემა აუცილებელი“.  

თეონა ბერიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე: „წელს უკვე მოვიფიქრეთ, რომ დაფუძნებულიყო მწერალთა კავშირი, როგორც ა(ა)იპ-ი. მას გადაეცა ქონება უზუფრუქტით- სახლი მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ეს სახლი ისტორიულად მწერლებს ეკუთვნოდა ყოველთვის და არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ახლა ეს ორგანიზაცია ვალდებულია, აიყვანოს საკუთარი შესყიდვების სპეციალისტი, ბუღალტერი და ასე შემდეგ…“

აღმოჩნდა თუ არა „მწერალთა სახლის“ ახალ საშტატო ერთეულებში შესყიდვების სპეციალისტის ადგილი? „არა, ასეთი შტატი არ გვაქვს. ჩვენ მას ავიყვანთ, როგორც უშტატო თანამშრომელს“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორმა.

„თქვენ იცით ახლა როგორ ბინძურ სტატიას დაწერთ… შეკითხვებს ეტყობოდა და განწყობას, რომლითაც აქ მოხვედით“, – ამ სიტყვებით დავით თედორაძე დაგვემშვიდობა, უმაღლესი საბჭოს წევრი მწერალთა სახლის თავმჯდომარის სავარძლიდან.

გადაბეჭდვის წესი