რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს – დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საბჭოს იმ წევრებისთვის სანქციების დასაკისრებლად, რომელთაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში ან/და სრულად არ წარუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია – ამაზე დღეს, 23 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისში მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა, ორგანიზაციის რეგიონული ოფისების მენეჯერმა. ორგანიზაციამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის დეპუტატების ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს – ზაზა ოქუაშვილსა და დავით თედორაძეს ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ, საბჭოს რამდენიმე წევრთან დაკავშირებული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ნუგზარ სურმანიძესთან, გიორგი ცინცქილაძესთან, ხვიჩა შარაშიძესთან და გია აბულაძესთან დაკავშირებულ შპს-ებთან ათეულობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებიც გაფორმდა. ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილს კანონით დადგენილ ვადებში არ წარმოუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია.

უმაღლესი საბჭოს წევრები, რომელთა ინტერესები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება

ნუგზარ სურმანიძე – უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანია „ვიტაფარმის” 10%-იანი წილის მფლობელია. 2017 წლის 20 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სურმანიძეს მითითებული აქვს, რომ აღნიშნულ კომპანიიდან 2016 წელს 2850 ლარი მიიღო.

აღნიშნულმა შპს-მ სამკურნალო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ 48 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 2012-2016 წლებში, როდესაც ნუგზარ სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო, მანამდე კი სურმანიძე ამავე უწყების მინისტრის მოადგილე იყო. 48 ტენდერში, სადაც კომპანიამ გაიმარჯვა, „ვიტაფარმს“ 27-ში კონკურენტი არ ჰყოლია.

შპს „ვიტაფარმთან” აჭარაში მოქმედი სამედიცინო და სხვა საჯარო დაწესებულებები აქტიურად აფორმებდნენ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებსაც: 2012 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანიას 44 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებით მიღებული აქვს 73 000 ლარზე მეტი. 44 ხელშეკრულებიდან მხოლოდ 5 ითვალისწინებდა 5 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების გაწევას.

შპს „ვიტაფარმას“ მომსახურების შემსყიდველებს შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო ლიდერობს.
ხვიჩა შარაშიძე – საჯარო რეესტრის მონაცემებით, შარაშიძე რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მეწილეა: „დუპლესი – სამშენებლო კომპანიაში”,„დუპლექსში”, „ვოქსში”, „ჩემს სახლში” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 50%-იან წილებს ფლობს. აღნიშნული კომპანიები ბათუმში საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ შარაშიძემ „დუპლექსიდან” 2016 წელს, შემოსავლის სახით, 143 675 ლარი მიიღო.

დასახელებული კომპანიებიდან ერთ-ერთი – „ვოქსი“ 2012 წელს აქტიურად აფორმებდა პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, კომპანიამ სარესტორნო მომსახურების 21-ჯერ გაწევის სანაცვლოდ უწყებისგან 36 000-ზე მეტი ლარი მიიღო.

გიორგი ცინცქილაძე – 2016 წლის 12 დეკემბრამდე შპს „ხელვაჩაურის საგზაოს“ დირექტორი იყო.

გიორგი ცინცქილაძის დირექტორობის დროს „ხელვაჩაურის საგზაომ“ 34 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მათგან 25-ში გაიმარჯვა. ამ ტენდერებიდან 19-ში „ხელვაჩაურის საგზაოს“ კონკურენტი არ ჰყოლია – ყველა კონტრაქტი კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტთან გააფორმა. ჯამში კომპანიამ ელექტრონული ტენდერების გზით 1 782 642 ლარი მიიღო.

ამავე დეპარტამენტმა 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით, „ხელვაჩაურის საგზაოს“ პირდაპირი შესყიდვის 9 ხელშეკრულება გაუფორმა – ჯამში კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების გაწევისთვის აღნიშნულ წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 384 206 ლარი მიიღო.

გია აბულაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული წევრი გია აბულაძე, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 14 მარტის ჩათვლით, შპს „ოცნების“ დირექტორი იყო. ეს შპს 1996 წელს დაფუძნდა, სამეურნეო საქონელს ყიდის და კომერციულ საქმიანობას ეწევა.

შპს „ოცნება“, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 7 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც ორში გაიმარჯვა და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 10 880 ლარი მიიღო. გაცილებით მეტია იმ ხელშეკრულებათა რაოდენობა, რომელიც პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდა შპს-თან: 2012 წლის 26 მარტიდან 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან შპს „ოცნებამ” მომსახურების პირდაპირი გზით გაწევის მიზნით, 62 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 44 026 ლარი მიიღო, მათ შორის გია აბულაძის დირექტორობის დროს გაფორმდა 19 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 11 438 ლარი. არც ერთი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 5 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების გაწევას არ ითვალისწინებდა.

გია აბულაძე 2010-2012 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო. მასთან დაკავშირებული კომპანიის – „ოცნების” პირდაპირი შესყიდვების უმრავლესობა სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო, სასპორტო და სახელოვნებო სკოლებისთვის მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. „ოცნების” დირექტორობის დროს გია აბულაძის მიერ გაფორმებული 19-ვე პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების ხელმომწერები ზემოდასახელებული სკოლების, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის, აჭარის განათლების ფონდის, კოლეჯ “ბლექსის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არიან.

გია აბულაძე სხვა კომპანიის დირექტორიც იყო – აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2016 წლის 1-ელ აგვისტოს, კომპანია „ჯიაიემჯი აპარტმენტის” ხელმძღვანელობიდან გადადგა. 2013 წლის 19 ივლისს რეგისტრირული შპს-ს 100%-იანი წილი ავსტრიაში რეგისტრირებულ კომპანია GIMG-ს ეკუთვნის და საქმიანობის სფერო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაა. 2014 წლის 29 აგვისტოს აღნიშნულ კომპანიასთან, გია აბულაძის დირექტორობის დროს, ბათუმის კულტურის ცენტრმა მომსახურების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა: „ჯიაიემჯი აპარტმენტს”, 1500 ლარის მიღების სანაცვლოდ, ბათუმობის დღესასწაულზე მიწვეული სტუმრების ფურშეტით გამასპინძლება დაევალა.

უცნობია, რა თანხა მიიღო გია აბულაძემ „ჯიაიემჯი აპარტმენტის” დირექტორობიდან 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე, რადგან 2017 წლის 23 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამ კომპანიიდან მიღებულ შემოსავალზე არაფერია მითითებული, რაც წინა ანალოგიური შემთხვევების მსგავსად, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კავშირში არიან უმაღლესი საბჭოს ზოგიერთ წევრთან, პოლიტიკური შემოწირულებების სახით, თანხა ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გადარიცხეს. 2016 წელს კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებიათ.

სრული კვლევა იხილეთ აქ.

ფოტოზე: მალხაზ ჭკადუა

ამავე თემაზე:

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com