მთავარი,სიახლეები

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

03.03.2017 • 20237
„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, გაყიდულია. ახალი მესაკუთრეა შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის გუშინ, 2 მარტს გაფორმდა.

მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას კი მხარი 110-მა პარტნიორმა დაუჭირა.

წილის გასხვისებადე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მფლობელი სწორედ  შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი“ იყო. საჯარო რეესტრში უკვე დევს ნასყიდობის ხელშეკრულებაც, თუმცა რეგისტრაციის პროცესი ხარვეზის გამო შეჩერებულია.

„ხარვეზი დადგინდა იმიტომ, რომ ნატომ დაუშვა შეცდომა. ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება“, – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ. „ბათუმის სამშიობიარო სახლის“ დირექტორი არ აკონკრეტებს, ვინ არის ნატო. მისი თქმით, კრების შესახებ ყველა მეწილე იყო წინასწარ გაფრთხილებული და უმრავლესობის თანხმობა ამ შემთხვევაში საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

26 თებერვალს, როცა „ბათუმელები“ სამშობიარო სახლთან დაკავშირებით წერდა, ჯუმბერ უნგიაძემ თქვა, რომ წესდების მიხედვით, ყველა მეწილის თანხმობა იყო საჭირო.

„არ იყვნენ თანახმა და მათ დარჩებათ საკუთარი წილი, თუ ამის სურვილი აქვთ, არავინ წაართმევს“, – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ დღეს.

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა ორი წლის განმავლობაში  უნდა დაასაქმოს სამშობიარო სახლში ამ დროისთვის დასაქმებული 280 ადამიანი და ჩადოს მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია. ხელშეკრულების ღირებულებაა 353 ათასი ლარი. ხელშეკრულებაში არაფერი წერია სამედიცინო პროფილის შენარჩუნებაზე.

„ეს ჩაიწერება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ახალ ინვესტორს შორის გაფორმდება. არ ინერვიულოთ, პროფილის შეცვლას არავინ აპირებს, აქ სასტუმრო არ გაიხსნება. პირიქით, ჩვენ მრავალპროფილური კლინიკის ამოქმედებას ვგეგმავთ. ეს იქნება ისეთივე წარმატებული კლინიკა, როგორიც „მედინაა“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე, „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი. ის „მედინაში“ მუშაობს დღემდე.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ახალ ინვესტორს ექნება პროფილის 15 წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან

წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: